საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 16.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1353-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№13531-13 16 აპრილი, 2013 წელი

ჯ-ი ვ., 13531-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ას

მსჯავრდებულ _ ვ. ჯ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენით ვ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (3 ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1-1 წლით, 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3-3 წლით, ხოლო მე-18,229-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ვ. ჯ-ს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 30 ოქტომბრიდან.

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ვ. ჯ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა სსკ-ის მე-18,229-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და ამ მუხლით განესაზღვრა 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები – შეუმცირდა ერთი მეოთხედით და თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულთა ერთობლიობით ვ. ჯ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 30 ოქტომბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ განჩინებით ვ. ჯ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის მე-18,229-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სასჯელის საბოლოო ზომად – თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ჯ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას, საქართველოს სსკ-ის მე-18,229-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას, ასევე – სსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მე-3 ეპიზოდისათვის უკანონოდ დამატებული სასჯელის – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის ამორიცხვას.

2013 წლის 16 აპრილს, სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულმა ვ. ჯ-მა იშუამდგომლა, მისი საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ამიტომ, მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საჩივარი არ იქნეს განხილული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ჯ-ის საჩივარი არ იქნეს განხილული, მის მიერ თავისი საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე