დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№14301-13 23 აპრილი, 2013 წელი
შ-ე ა., 14301-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ ა. შ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. შ-ის საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1990 წლის 15 მარტის განაჩენით ა. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 136-ე მუხლით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1989 წლის 28 ნოემბრიდან.
1994 წლის 10 ივნისს ა. შ-ე გაიქცა რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. 2009 წლის 9 ოქტომბერს იგი დააკავეს უკრაინაში და საქართველოს გადმოსცეს 2010 წლის 4 ივლისს.
2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. შ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. შ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ა. შ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1990 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 4 ივლისიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 1989 წლის 28 ნოემბრიდან 1994 წლის 10 ივნისამდე პერიოდი, ასევე – საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის ვადა – 2009 წლის 9 ოქტომბრიდან 2010 წლის 4 ივლისამდე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. შ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიერ 1992 წლის 28 თებერვლის „ამნისტიის აქტი“, რომლის თანახმად, მას გაუნახევრდა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1990 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ანუ სასჯელი შეუმცირდა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით. ზემოაღნიშნულის, ასევე – სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისა და საექსტრადიციო პატიმრობის პერიოდის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. შ-ეს უკვე მოხდილი აქვს გასაჩივრებული განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ა. შ-ისთვის საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1990 წლის 15 მარტის განაჩენით საქართველოს 1960 წლის რედაქციის სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტით დანიშნული სასჯელის - 15 წლით თავისუფლების აღკვეთის - ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიერ 1992 წლის 28 თებერვალს გმოცემული „ამნისტიის აქტი“, რომლის თანახმად, მას გაუნახევრდა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1990 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულს 1992 წლის 28 თებერვლის „ამნისტიის აქტით“ გაუნახევრდა სასჯელი, ხოლო საკასაციო პალატა კი, თავის მხრივ, ამ ეტაპზე კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მსჯავრდებულ ა. შ-ის მიმართ აღნიშნული აქტის გავრცელების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე