ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№17481-13 26 ივნისი, 2013 წელი
დ-ი დ 17481-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ბ-ს
მსჯავრებულ - დ. დ-ს
ადვოკატ - კ. მ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. დ-ს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განაჩენით დ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი) – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა – 5000 ლარის ოდენობით. დ. დ-ს ასევე ჩამოერთვა ავტომანქანის მართვის უფლება – 3 წლის ვადით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ამოირიცხა მითითება დ. დ-ს დამატებით სასჯელად ჯარიმის – 5000 ლარის დაკისრების თაობაზე.
გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდა დ. დ-ს დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 18 იანვარს ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ა-ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ. ლ-ა და მოითხოვა მსჯავრდებულ დ. დ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ დ. დ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ დ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 3 წლით ჩამორთმეული ავტომანქანის მართვის უფლება და იგი განისაზღვრა 2 წლითა და 3 თვით.
მსჯავრდებულ დ. დ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. დ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მისპობა, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 25 ივნისით დათარიღებული დაზარალებულების უფლებამონაცვლეთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, რომლებითაც ირკვევა, რომ ისინი თანხმობას აცხადებენ, მსჯავრდებულ დ. დ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია, არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და თანახმანი არიან, გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული დ. დ-ი უნდა გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. მასვე უნდა აღუდგეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. დ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებული დ. დ-ი გათავისუფლდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის მე–7 ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
მასვე აღუდგეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
დ. დ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი