დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 09.09.2013
საქმის ნომერი
2კ-1920-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
09.09.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1920I-13 ქ. თბილისი

ვ-ი გ 1920I-13 9 სექტემბერი, 2013 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - თ. ხ-ს

ადვოკატ - კ. მ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ-ს

თარჯიმან - მაირამ ნურსესიანის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 4 აგვისტოს ს-ს ოლქის ს-ს საქალაქო სასამართლოს მიერ გ. ვ-ს ძე ვ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეულ იქნა პატიმრობა.

2009 წლის 4 აგვისტოს გ. ვ-ი ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და წარედგინა ბრალდება რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 162–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ პუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის მძიმე ზიანის მიყენებით) და სსკ–ის 105–ე მუხლის მე–2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, რომელსაც თან ახლავს აგრეთვე ყაჩაღობა).

2009 წლის 4 აგვისტოს გ. ვ-ს მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.

2013 წლის 13 მაისს საქართველოს შსს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ. ვ-ი.

2013 წლის 15 მაისს ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე გ. ვ-ს მიმართ გამოყენებულ იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი გ. ვ-ს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 მაისის განჩინებაზე.

2013 წლის 18 ივნისს თავდაპირველად ფაქსით, ხოლო შემდეგ ფოსტის საშუალებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა გ. ვ-ს ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი საექსტრადიციო მასალები.

ამჟამად გ. ვ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით.

2013 წლის 9 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორმა ქ. კ-ა და ითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი რუსეთის ფედერაციის მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა გ. ვ-ს ექსტრადიციის შესახებ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105–ე მუხლის მე–2 ნაწილის „თ“ პუნქტითა და სისხლის სამართლის კოდექსის 162–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო, აღნიშნული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 აგვისტოს განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი რუსეთის ფედერაციის მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა გ. ვ-ს ექსტრადიციის შესახებ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 162–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ პუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის მძიმე ზიანის მიყენებით) და 105–ე მუხლის მე–2 ნაწილის „თ“ პუნქტით (მკვლელობა, რომელსაც აგრეთვე თან ახლავს ყაჩაღობა) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - გ. ვ-ი საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და პატიმრობიდან გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ განჩინება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ არ გაითვალისწინა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის, რომ დაბადებულია საქართველოში, აქ უკვე 5 წელია ცხოვრობს, ხასიათდება დადებითად, ამჟამად არ არის არც ერთი ქვეყნის მოქალაქე, სურს იყოს საქართველოს მოქალაქე და, შესაბამისად, უარს აცხადებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა აგრეთვე ის გარემოება, თუ რაოდენ დაძაბული ურთიერთობა იყო და არის რუსეთ-საქართველოს შორის, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენები, ასევე არ გაითვალისწინა მისი ოჯახური პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება მის მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებას, ეს არის სრული აბსურდი და გამოწვეულია მისი ეროვნული და ეთნიკური გამოხატულებით.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა თ. ხ-ა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 აგვისტოს განჩინების უცვლელად დატოვება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა კ. მ-ა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნას. მან იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 აგვისტოს განჩინების გაუქმება და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ-ს პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც დაეთანხმა თავად გ. ვ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განჩინება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ გ. ვ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი არ ითვლება აგრეთვე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან რუსეთის ფედერაციიდან მიღებული მასალების მიხედვით იგი ითვლება რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ.

რაც შეეხება საჩივრის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ვ-ი არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და რომ მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, კერძოდ, რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის ს-ს ოლქის ფედერალური მიგრაციული სამსახურის სამმართველოს 2013 წლის 31 მაისის წერილით დგინდება, რომ გ. ვ-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო საქმეში არსებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2013 წლის 21 ივნისის წერილის შესაბამისად, გ. ვ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დარეგისტრირებულ განცხადებას გ. ვ-ს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, დღეის მდგომარეობით ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გ. ვ-ი არ არის საქართველოს მოქალაქე.

საქმის მასალების მიხედვით, გ. ვ-ს ბრალად ედება მკვლელობა, რომელსაც თან ახლავს აგრეთვე ყაჩაღობა (რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 105–ე მუხლის მე–2 ნაწილის „თ“ პუნქტი), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლის ვადით; ასევე ბრალად ედება ყაჩაღობა, ჩადენილი დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის მძიმე ზიანის მიყენებით (რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 162–ე მ უხლის მე–4 ნაწილის „გ“ პუნქტი), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავიუფლების აღკვეთას 15 წლის ვადით.

2009 წლის 4 აგვისტოს ს-ს ოლქის სიზრანის საქალაქო სასამართლოს მიერ გ. ვ-ს ძე ვ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეულ იქნა პატიმრობა. 2009 წლის 4 აგვისტოს გ. ვ-ი ბრალდებულის სახით მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და წარედგინა ბრალდება რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 162–ე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ პუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის მძიმე ზიანის მიყენებით) და სსკ–ის 105–ე მუხლის მე–2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით (მკვლელობა, რომელსაც თან ახლავს აგრეთვე ყაჩაღობა). 2009 წლის 4 აგვისტოს გ. ვ-ს მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.

2013 წლის 13 მაისს საქართველოს შსს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ. ვ-ი.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება გ. ვ-ს ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ”, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებს.

ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ასევე დასჯადობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებსა და პრინციპს „ნონ ბის ინ იდემ“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 აგვისტოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18-29, 34-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - გ. ვ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი