დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.10.2013
საქმის ნომერი
2კ-1940-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.10.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#19401-13 7 ოქტომბერი, 2013 წელი

ქ-ი რ.- 19401-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ჯ. უ-ის

ადვოკატ _ მ. ს-ას

მსჯავრდებულ _ რ. ქ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ქ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის განაჩენით რ. ქ-ი, _ ძებნილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა ძებნილი მსჯავრდებულის – რ. ქ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით იმავე სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ქ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით ,,ბ“ ქვეპუნქტითა დანიშნული სასჯელი – 2 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ქ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მის მიერ ჩადენილი ქმედების დღევანდელ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა იზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის გამოყენებისა და სასჯელის ¼-ით შემცირების თაობაზე, რადგან მსჯავრდებულის ქმედების დღევანდელ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას ზემოაღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს, და შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სამართლებრივი შეფასება მისცეს მსჯავრდებულ რ. ქ-ის საჩივარში მითითებულ იმ საკითხებს, რომლებზეც სააპელაციო პალატას თავის გადაწყვეტილებაში კანონის შესაბამისად ჯერ არ უმსჯელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი