ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 24.10.2013
საქმის ნომერი
2კ-1946-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.10.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№19461-13 24 ოქტომბერი, 2013 წელი

ჟ-ი თ, 19461-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ჯ. უ-ს

ადვოკატ - თ. გ-ს

მსჯავრდებულ - თ.ჟ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ჟ-ს საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით თ. ჟ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2013 წლის 18 იანვარს გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ. მ-ა მსჯავრდებულ თ. ჟ-ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენების თაობაზე.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ჟ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ თ. ჟ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ჟ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილის მე–5 პუნქტის პირველი წინადადება და მე–6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის თანახმად ერთი მესამედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“. ვინაიდან თ. ჟ-ი მსჯავრდებულია გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ამასთან არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენებაზე, დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს ერთი მესამედით და უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა“.

განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მსჯავრდებულ თ. ჟ-ს ერთი მესამედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 8 თვის ვადით“.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ჟ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია; მე-18 მუხლის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.

საქმეში წარმოდგენილია 2013 წლის 12 ოქტომბრით დათარიღებული დაზარალებულ ი. თ-ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომლითაც იგი თანხმობას აცხადებს, რომ მსჯავრდებულ თ. ჟ-ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით გათვალისწინებული ამნისტია, არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და თანახმაა, იგი გათავისუფლდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება და მსჯავრდებული თ. ჟ-ი უნდა გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ჟ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თ. ჟ-ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

მსჯავრდებული თ. ჟ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი