დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.07.2013
საქმის ნომერი
2კ-1889-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.07.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№18891-13 15 ივლისი, 2013 წელი

ა-ი გ.- 18891-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, ბესარიონ ალავიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ას

ადვოკატ – მ. კ-ის

მსჯავრდებულ _ გ. ა-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით გ. ა-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლებით ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

მსჯავრდებულ გ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 28 ოქტომბრიდან - 2009 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – თბილისის პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ა-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის დამატებით სასჯელად დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და იმის გამო, რომ დაზარალებული არ იძებნება, ითხოვა სასჯელისგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ამნისტიის კანონის მე–11 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება დაზარალებულ დ. ფ-ის თანხმობა მსჯავრდებულ გ. ა-ზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელების თაობაზე, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის მოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე გ. ა-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – პირობითი მსჯავრი 4 წელი, გამოსაცდელი ვადა – 5 წელი და მოსახდელად უნდა დარჩეს პირობითი მსჯავრი – 3 წელი, გამოსაცდელი ვადა – 3 წელი და 9 თვე.

ამავე კანონის მე–20 მუხლის თანახმად, რადგან ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმასა და ქონების ჩამორთმევაზე, დამატებით სასჯელად დაკისრებული ჯარიმა უნდა დარჩეს უცვლელად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

ბ. ალავიძე