საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.07.2013
საქმის ნომერი
2კ-61აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.07.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №61აპ-13 ქ. თბილისი

ჰ-ი მ 61აპ-13 18 ივლისი, 2013 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განაჩენზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ე. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის განაჩენით მ. ჰ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 186–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განაჩენით:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 6 აპრილის განაჩენი გაუქმდა. მ. ჰ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა მის მიმართ წარდგენილ, საქართველოს სსკ–ის 186–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულშჲ.

მ. ჰ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

საქმეზე დ. კ-ნ ამოღებულ ავტომანქანა „ბმვ–X5-ის“ (სატრანზიტო ნომერი თანდართული საბუთებით N № ა/მანქანის ტექპასპორტი N) ბედი უნდა გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს სსსკ-ის მე–80 მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად.

საქართველოს სსსკ–ის 81–ე მუხლის თანახმად, მ. ჰ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული, მ. ჰ-ს სახელზე გაცემული თურქეთის მოქალაქის პასპორტი №, ტყავის საფულე, მობილური ტელეფონი „ნოკია“ იმეი კოდით , შიგ მოთავსებული „მაგთის“ სიმბარათით №, რომლებიც ინახება შსს სოდ–ის მე–2 მთავარი სამმართველოს ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მ. ჰ-ს ან მის მიერ დასახელებულ, საამისოდ უფლებამოსილ პირს.

2 CD დისკი შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ავტომანქანა „ბმვ–X5–დან“ ამოღებული ლაქ–საღებავების ნიმუშები უნდა განადგურდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაემატა შემდეგი:

საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, მ. ჰ-ს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს მის მიმართ უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე -წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ე. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი