განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#19531-13 4 დეკემბერი, 2013 წელი
ფ-ა მ.- 19531-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ქ. პ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ფ-ას საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის განაჩენით მ. ფ-ა, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 94–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მ. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 94–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 3 წლითა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.
მ. ფ-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2011 წლის 3 თებერვლიდან.
იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2011 წლის 2 აგვისტოს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ფ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ფ-ას „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16, მე-18 მუხლების საფუძველზე ¼–ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენით სსკ–ის 94–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული 2 წელი და 6 თვე – პირობითი მსჯავრი, 3 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვრა 1 წელი, 10 თვე და 15 დღე – პირობითი მსჯავრი, 2 წლის, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის – ჯარიმის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ფ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა, იმის გამო, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ეკუთვნის ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ მ. ფ-ას მოთხოვნას ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე სსკ-ის 94–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან სრულად გათავისუფლების შესახებ, რადგან, მართალია, აღნიშნული მუხლი ეკუთვნის დანაშაულთა ნაკლებად მძიმე კატეგორიას, მაგრამ იგი შესაბამისობაშია მოსაყვანი მოქმედ კანონმდებლობასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლით, რომლის საფუძველზეც ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე–15 მუხლების მოქმედება, მაგრამ მსჯავრდებულ მ. ფ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირა არა ზემოაღნიშნული მუხლით დანიშნული სასჯელი – 3 წელი, არამედ – სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.
მან ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-20 მუხლით და დამატებით სასჯელად დაკისრებული ჯარიმა დატოვა უცვლელად.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ფ-ას ¼-ით უნდა შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 94–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი – 3 წელი და სასჯელად უნდა განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და რადგან მას სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უკვე მოხდილი აქვს, პირობით მსჯავრად უნდა განესაზღვროს – 1 წელი და 9 თვე, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
მ. ფ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2011 წლის 3 თებერვლიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ფ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ მ. ფ-ას ¼-ით შეუმცირდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 94–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი – 3 წელი და სასჯელად განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და რადგან მას სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა უკვე მოხდილი აქვს, პირობით მსჯავრად განესაზღვროს – 1 წელი და 9 თვე, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
მ. ფ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2011 წლის 3 თებერვლიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის – ჯარიმის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი