დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1214აგ-13 6 თებერვალი, 2014 წელი გ-ე გ., 1214აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით – უვადო თავისუფლების აღკვეთა, 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 8 წლით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 7 წლით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით – 7 წლით, 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 6 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 12 წლით, მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 136-ე მუხლით – გამასწორებელი სამუშაოები 1 წლით; ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 1998 წლის 1 ნოემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი შეიცვალა ამავე სასამართლოს საზედამხედველო პალატის 1999 წლის 1 დეკემბრის დადგენილებით: გ. გ-ეს სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით; სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით გ. გ-ის ქმედება შესაბამისობაში მოვიდა ახალ კანონმდებლობასთან, კერძოდ: მსჯავრდებულს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით შეეფარდა 20 წლით, 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 10 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტებით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთა.
ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით გ. გ-ის ქმედება ადრე მოქმედი სსკ-ის 2091-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა 2000 წლის 1 ივნისიდან ამოქმედებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“ ქვეპუნქტებზე და ამ მუხლით განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 104-ე მუხლის მე-2, მე-9 პუნქტები – გადაკვალიფიცირდა 109-ე მუხლის ,,კ“ და მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტებზე, რომელთა საფუძველზეც განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ო“ პუნქტებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი – 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.
ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 17 ნოემბრისა და 1 დეკემბრის განჩინებებით გ. გ-ის ქმედება სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა მე-19,109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებზე; მსჯავრდებულს 5 წლით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.
უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2002 წლის 18 მარტის განჩინება შეიცვალა: გ. გ-ის ქმედება სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,გ“, ,,ზ“ პუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებზე, ხოლო 109-ე მუხლის ,,კ“ პუნქტიდან – 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტზე; გ. გ-ის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამოირიცხა სსკ-ის მე-100 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ამ მუხლით დანიშნული სასჯელი; განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ო“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მე-19,109-ე მუხლის ,,ა“ პუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ადრე მოქმედი სსკ-ის 1331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებული გათავისუფლდა სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 135-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 136-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; ამდენად, წინა განაჩენით დანიშნული 20 წლიდან გ. გ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. გ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენითა და განჩინებებით სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის ,,ვ“, ,,თ“, ,,ო“ პუნქტებით დანიშნული 15 წელი და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი – 7 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით შეიცვალა: გ. გ-ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 16 წლით, 2 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 16 აპრილიდან.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა გ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის განჩინება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 19 ივნისის განაჩენის გათვალისწინებით) და უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული გ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენის გაუქმებას, საბოლოო სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 18 მარტის განჩინებით (უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 თებერვლის განაჩენის გათვალისწინებით) გ. გ-ეს საბოლოო სასჯელი განესაზღვრა შთანთქმის წესის გამოყენებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ამ განჩინებით გელა გორგოძისთვის განსაზღვრული სასჯელის კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად ემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა განაჩენთა ერთობლიობით გ. გ-ისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელი.
მსჯავრდებულ გ. გ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი გ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე