დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.03.2014
საქმის ნომერი
2კ-11-I-14
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#111-14 12 მარტი, 2014 წელი

გ-ი კ.- 111-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ქ. პ-ის

ადვოკატ _ ნ. ვ-ის

მსჯავრდებულ _ კ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ვ-ის საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განაჩენით კ. გ-ი, ძებნილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 134-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზესტაფონის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ძებნილი მსჯავრდებულის – კ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით იმავე სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ კ. გ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 134-ე მუხლით დანიშნული სასჯელი – 3 წელი და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. გ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ვ-მა საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორებმა საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ადრე განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა. ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უმცირდება სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კ. გ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 134-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებდა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. აღნიშნული მუხლი (134-ე), მისი სანქციის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის დღევანდელი რედაქციის შესაბამისად, მართალია, მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რასაც კასატორიც უთითებს, მაგრამ განმსაზღვრელია ის გარემოება, რომ კ. გ-ის მიერ ჩადენილი სსკ-ის 134-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული შესაბამისობაში არ არის მოყვანილი ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან, ამასთან, საქართველოს 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობდა ნაკლებად მძიმე დანაშაულის ცნება, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელზე გაავრცელოს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის მოქმედება და კ. გ-ი, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენი, ნასამართლობის არმქონე პირი, გაათავისუფლოს დანიშნული სასჯელისაგან.

ამდენად, კ. გ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელზე სწორად გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ვ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი