დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.06.2014
საქმის ნომერი
2კ-23-I-14
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.06.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№231-14 16 ივნისი, 2014 წელი

ა-ე დ 231-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ს. მ-ს

ადვოკატ - მ. ც-ს

მსჯავრდებულ - დ. ა-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ც-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განაჩენით დ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

დ. ა-ს ქმედება საბოლოოდ დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული დ. ა-ე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან.

მსჯავრდებულ დ. ა-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼–ით და მოსახდელად დარჩა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 15 აგვისტოს განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ა-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მათ საჩივრით ითხოვეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

საქმის მასალების მიხედვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დ. ა-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რომელიც სასჯელის ზომად ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმ დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, განეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას; მართალია ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ზემოაღნიშნული დანაშაული განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას (6-დან 9 წლამდე), მაგრამ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება არ არის შესაბამისობაში მოყვანილი მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსთან.

ამასთან, მსჯავრდებული დ. ა-ე რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 აგვისტოს დადგენილებით პირობით ვადამდე - 1 წლით, 5 თვითა და 22 დღით ადრე გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან. ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 18 აგვისტოს დადგენილებით შეფარდებული პირობითი მსჯავრი და დ. ა-ს საბოლოოდ შეეფარდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 16 ივლისიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადა დამთავრდა 2008 წლის 16 იანვარს. ამდენად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის გაქარწყლების ვადის ათვლა დაიწყო 2008 წლის 16 იანვრიდან. მსჯავრდებულმა დ. ა-მ 2009 წლის 18 იანვარს კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაულები, რა დროსაც იგი ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განაჩენით ახალი დანაშაულებისათვის მას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლითა და 260–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით; ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

ამდენად, რადგან დ. ა-ე არის ადრე ნასამართლევი, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე