გაუქმდა განაჩენი სამოქალაქო ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცა სასამართლოს

სისხლის სამართლის 14.07.2014
საქმის ნომერი
2კ-9აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#9აპ.-14 ქ. თბილისი

ხ-ი ა.-9ap.-14 14 ივლისი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის განაჩენით ა. ხ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 153–ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) თაღლითობისათვის, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ა. ხ-ის ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ა. ხ-მა 1996 წლის 23 დეკემბერს ქ. ბათუმში თავის საცხოვრებელ ბინაში მეუღლესთან - ს. კ-თან წინასწარი შეთანხმებით და მასთან ერთად, ქონებრივი გამორჩენის მიღების მიზნით, მოქალაქე ე. ჯ-ს მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით გამოართვა 4500 აშშ დოლარი სამი თვით, იმ პირობით, რომ იგი სამი თვის შემდეგ 4500 დოლარის ნაცვლად მას დაუბრუნებდა 6500 აშშ დოლარს, ხოლო თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში გადაუფორმებდა თავის კუთვნილ ბინას, მდებარეს - ქ. ბათუმში, ჭ-ის გამზირის №...-ში (ბინა №...), მაგრამ მიუხედავად დანაპირებისა, ს. კ-მა სამი თვის გასვლის შემდეგ ე. ჯ-ს არ გადაუფორმა თავისი კუთვნილი ბინა, მეუღლესთან - ა. ხ-თან ერთად მიისაკუთრა ე. ჯ-ის კუთვნილი თანხა და მიიმალა, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის ა. ხ-ს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 3000 ლარი.

იმავე განაჩენით მსჯავრი დაედო ს. კ-ს, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 153–ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 3000 ლარი.

დაკმაყოფილდა სამოქალაქო მოსარჩელის - ე. ჯ-ის სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოპასუხეებს - ა. ხ-სა და ს. კ-ს ე. ჯ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებით ა. ხ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ–ის 153–ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ხ-მა. მან ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 153-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რეადქცია) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი.

დაკმაყოფილდა სამოქალაქო მოსარჩელის - ე. ჯ-ის სამოქალაქო სარჩელი და სამოქალაქო მოპასუხეს - ა. ხ-ს ე. ჯ-ის უფლებამონაცვლის - ი. (ჟ.) ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ა. ხ-ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2013 წლის 26 აპრილიდან.

კასატორი - მსჯავრდებულ ა. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჯ. კ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ა. ხ-ის ბრალდებას; აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა საქმე, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა სრულად, ობიექტურად და კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უტყუარად დასტურდებოდა და ეჭვს არ იწვევდა.

მსჯავრდებულ ა. ხ-ის მიერ თაღლითობის ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ე. ჯ-ისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ი. (ჟ.) ჯ-ის ჩვენებებით, მოწმეების - ს. ა-ის, ნ. რ-ის, ვ. ბ-ის ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

რაც შეეხება სამოქალაქო სარჩელს, იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის განაჩენით დაკმაყოფილდა სრულად და სამოქალაქო მოპასუხეებს - ა. ხ-სა და ს. კ-ს ე. ჯ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენით სამოქალაქო მოსარჩელის - ე. ჯ-ის უფლებამონაცვლის - ი. (ჟ.) ჯ-ის სასარგებლოდ 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა მხოლოდ მსჯავრდებულ ა. ხ-ს.

საქართველოს სსსკ-ის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებული ე. ჯ-ი ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ, ხოლო ა. ხ-ი და ს. კ-ი - სამოქალაქო მოპასუხეებად, მაგრამ დაზარალებულ ე. ჯ-ის გარდაცვალების გამო, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი ი. (ჟ.) ჯ-ი სამოქალაქო მოსარჩელედ (უფლებამონაცვლედ) ცნობილი არ ყოფილა და არც სამოქალაქო მოსარჩელისათვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები განმარტებია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ჩადენაში ერთობლივად მონაწილეობდნენ ა. ხ-ი და ს. კ-ი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მხოლოდ ა. ხ-ს დაეკისრა თანხის გადახდა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად უნდა გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 561–ე მუხლის მე-4 ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის განაჩენი გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეცეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი