დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 21.07.2014
საქმის ნომერი
2კ-28-I-14
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №28I-14 ქ. თბილისი

თ-ი ქ 28I-14 21 ივლისი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან - გ. შალამბერიძის

პროკურორ - თ. ხ-ს

ადვოკატების - ლ. ს-ს, დ. ს-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. თ-ს

თარჯიმან - ნ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 3 იანვარს თავდაპირველად ინტერპოლის არხებით, ხოლო 2014 წლის 9 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით პროკურატურაში მიღებულ იქნა ქ. თ-ს ექსტრადიციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში უნიეს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი საექსტრადიციო მასალები.

2014 წლის 12 იანვარს ქ. თ-ი დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს ექსტრადიციის შუამდგომლობის საფუძველზე.

2014 წლის 13 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქ. თ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2014 წლის 17 იანვარს ინტერპოლის არხებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიღებულ იქნა ქ. თ-ს ექსტრადიციის თაობაზე დამატებითი მასალები.

2014 წლის 23 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ქ. თ-ს მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 იანვრის განჩინებაზე ქ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ შეტანილი საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2014 წლის 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ქ. თ-ს გაუგრძელდა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა დამატებით 3 თვით.

ამჟამად ქ. თ-ი მოთავსებულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში.

ქ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის 1996 წლის 4 აპრილის ორმხრივი ხელშეკრულება „სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“. ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დებულებების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, გადასცენ ერთმანეთს სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებული პირები.

როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის № განაჩენით ქ. თ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13(1) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 86/1, 21/2 და 86/3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით (2006 წლის 16 აპრილის ეპიზოდი). უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–4 დეპარტამენტის 2012 წლის 29 მაისის № გადაწყვეტილებით გაუქმდა უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის № განაჩენი თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 86/1, 21/2 და 86/3 მუხლების ნაწილში და ქ. თ-ს მოსახდელად დარჩა 6136–ე კანონის 13(1) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2013 წლის 5 ივლისს უნიეს მთავარი პროკურატურის მიერ უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის № განაჩენით განსაზღვრულ და უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მე–4 დეპარტამენტის 29.05.2012 წლის №2012/18329 გადაწყვეტილებით დადასტურებულ ნაწილში, სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, ქ. თ-ს მიმართ გაიცა დაკავების ორდერი №. თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის № განაჩენით ქ. თ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13(1) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2010 წლის 19 იანვრის ეპიზოდი). ამავე განაჩენით ქ. თ-ი დამნაშავედ იქნა ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 86/1, 21/2 და 86/3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (2010 წლის 19 იანვრის ეპიზოდი). უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–3 დეპარტამენტის 2012 წლის 4 ოქტომბრის № გადაწყვეტილებით უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის № განაჩენი დარჩა უცვლელად. 2013 წლის 5 ივლისს უნიეს მთავარი პროკურატურის მიერ 2010 წლის 15 ივნისის № განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გაიცა № და № დაკავების ორდერები თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2012 წლის 19 იანვრის №2012/28 13/2, 12/4 მუხლებითა და 5237-ე კანონის 62–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო და მიესაჯა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა (2009 წლის 15 იანვრის ეპიზოდი). უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–8 დეპარტამენტის 2013 წლის 27 მაისის № გადაწყვეტილებით უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2012 წლის 19 იანვრის № განაჩენი დარჩა უცვლელად. 2013 წლის 20 სექტემბერს უნიეს მთავარი პროკურატურის მიერ უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2012 წლის 19 იანვრის № განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით გაიცა დაკავების ორდერი №. 2013 წლის 15 ნოემბერს ქ. თ-ს მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით (ცირკულარის №).

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის პირველი პუნქტისა და „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე–2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიცია შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც დასჯადია თავისუფლების აღკვეთით როგორც ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმმართველ, ისე შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში და აღნიშნული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულის შემთხვევაში ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე - 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2007 წლის 17 მაისის № განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული:

თურქეთის რესპუბლიკის უნიეს საჯარო პროკურატურიდან შემოსული მასალების თანახმად, ქ. თ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის № განაჩენს საფუძვლად უდევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 16 აპრილს ქ. თ-ს კამათი მოუხდა ბ. ბ-ნ, რა დროსაც მან დაშინების მიზნით გაისროლა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან. გასროლის შედეგად იატაკიდან ასხლეტილი ტყვიით დაზარალებული დაიჭრა. მსჯავრდებულს არ გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ლიცენზია. ზემოხსენებული ქმედების ჩადენის გამო პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია თურქეთის რესპუბლიკის №6136 კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით; როგორც აღინიშნა, ქ. თ-ი ატარებდა არალიცენზირებულ ცეცხლსასროლ იარაღს, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დასჯად ქმედებად - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

2010 წლის 15 ივნისის № განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულები:

ქ. თ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის № განაჩენს საფუძვლად უდევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 19 იანვარს ქ. თ-ი თავის მეგობარ გოგონასთან - ვ. ი-ნ ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. ამ დროს მას შესაბამისი უფლების გარეშე თან ჰქონდა იარაღი. დაახლოებით 4.00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღის კაფეს ერთ–ერთი თანამშრომლისთვის გადაცემის პროცესში, მან დაუდევრობით გამოჰკრა ხელი სასხლეტს, რის შედეგადაც მოხდა გასროლა და ფეხის არეში დაიჭრა ვ. ი-უ. ზემოხსენებული ქმედების ჩადენის გამო პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია თურქეთის რესპუბლიკის №6136 კანონის მე–13 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1–დან 3 წლამდე ვადით და თურქეთის რესპუბლიკის №5237 კანონის 86/1, 21/2 და 86/3 მუხლებით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, სულ მცირე - 1 წლით. არალიცენზირებული ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და შენახვის ფაქტი, რომლისთვისაც ქ. თ-ს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) და ამავე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) დასჯად ქმედებად, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით (236–ე მუხლის 1–ლი ნაწილი) და 3–დან 5 წლამდე ვადით (236–ე მუხლის მე–2 ნაწილი); სხეულის დაზიანების ფაქტი, რომლისთვისაც ქ. თ-ს მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, უნდა იქნეს გაგებული შემდეგნაირად:

თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, დაზარალებულმა ვ. ი-მ სთხოვა ქ. თ-ს მის ხელთ არსებული იარაღის სხვისთვის გადაცემა, რაზეც თ-ი დასთანხმდა. იარაღის გადაცემის მომენტში ქ, ძლიერი ალკოჰოლური სიმთვრალის გამო, „ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და დაზარალებულის დაჭრის ვარაუდის გათვალისწინებით“ დაუდევრობით გამოჰკრა ხელი სასხლეტს, რის შედეგადაც ტყვია გავარდა და ვ. ი-უ დაიჭრა ფეხში. 2010 წლის 20 იანვრის სასამართლო-სამედიცინო დასკვნით დგინდება, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ჭრილობა არ არის სიცოცხლისათვის საფრთხის შემქმნელი, არ გამოუწვევია ძვლის მოტეხილობა, თუმცა არ ექვემდებარება მარტივი სამედიცინო ჩარევით განკურნებას. ამასთან, განაჩენში მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, ვადგენთ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ქ. თ-ს იარაღის გადაცემის მომენტში უნებლიედ გაუვარდა იგი. ასეთ შემთხვევაში მსჯავრდებულს ევალებოდა და შეეძლო გაეთვალისწინებინა მსგავსი შედეგის დადგომა, თუმცა იგი მოქმედებდა დაუდევრობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 124–ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 2 წლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ქ. თ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის განაჩენის მოცემულ ნაწილში ქ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია დასაშვებია შემდეგი მიზეზის გამო:

„ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე–2 მუხლის §2–ის შესაბამისად, თუ ექსტრადიციის მოთხოვნა შეიცავს რამდენიმე ცალკეულ დანაშაულს, რომლებიც დასჯადია თხოვნის გამგზავნი და თხოვნის მიმღები მხარეების კანონმდებლობის მიხედვით თავისუფლების აღკვეთით, მაგრამ რამდენიმე დანაშაული არ პასუხობს სასჯელის ზომის მიმართ დადგენილ პირობას, შუამდგომლობის მიმღებ მხარეს აქვს უფლება, გადასცეს პირი ამგვარი დანაშაულებისათვისაც. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე–2 დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ზემოხსენებული უფლება ვრცელდება იმ დანაშაულებზეც, რომელთათვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია მხოლოდ ჯარიმა. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან შემოსული მასალებით ირკვევა, რომ ქ. თ-ს ექსტრადიციას თურქეთის მხარე ითხოვს არა მხოლოდ ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის, არამედ - სხვა დანაშაულებისთვისაც, რომლებიც აკმაყოფილებენ „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე–2 მუხლის §1–ის მოთხოვნას. ამდენად, საქართველო, როგორც თხოვნის მიმღები მხარე, ვალდებულია, ქ. თ-ი გადასცეს თურქეთის რესპუბლიკას მოცემული დანაშაულისთვისაც.

2012 წლის 19 იანვრის № განაჩენით გათვალისწინებული დანაშაული:

ქ. თ-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2012 წლის 19 იანვრის № განაჩენს საფუძვლად უდევს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქ. თ-ი იყო გასართობი დაწესებულების ,,“-ის მფლობელი. 2009 წლის 15 იანვარს აღნიშნულ დაწესებულებაში შესულ მ. ქ-ა და ე. ვ-ს მოუხდათ კამათი ქ. თ-ნ. აღნიშნული დაპირისპირების დროს ქ. თ-ს თან ჰქონდა არალიცენზირებული ცეცხლსასროლი იარაღი. ზემოხსენებული ქმედების ჩადენის გამო პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია თურქეთის რესპუბლიკის №6136 კანონის 13/2, 12/4 მუხლებითა და №5237 კანონის 62–ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, სულ მცირე - 5 წლის ვადით. როგორც აღინიშნა, ქ. თ-ი ატარებდა არალიცენზირებულ ცეცხლსასროლ იარაღს, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით დასჯად ქმედებად – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3–დან 5 წლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის განჩინებით:

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორ თ. ხ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. თ-ს ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13(1) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის № განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–4 დეპარტამენტის 29.05.2012 წლის № გადაწყვეტილების ფარგლებში.

თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13(1) მუხლითა და ამავე კანონის 86/1, 21/2 და 86/3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის № განაჩენის აღსრულების მიზნით, რომელიც დადასტურებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–3 დეპარტამენტის 04.10.2012 წლის № გადაწყვეტილებით.

თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13/2, 12/4 მუხლებითა და 5237-ე კანონის 62–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2012 წლის 19 იანვრის № განაჩენის აღსრულების მიზნით, რომელიც დადასტურებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–8 დეპარტამენტის 27.05.2013 წლის № გადაწყვეტილებით.

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. თ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონს და არღვევს მის მოთხოვნებს, პროკურატურის შუამდგომლობა პირდაპირ არღვევს ამ კანონის მოთხოვნებს და მოითხოვს პირის ექსტრადიციას უკვე ამნისტირებული დანაშაულისათვის;

კასატორს მიაჩნია, რომ თურქეთის რესპუბლიკა არ მიეკუთვნება იმ სახელმწიფოთა რიცხვს, რომლებიც მეტ-ნაკლებად იცავენ საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ ადამიანთა უფლებების მინიმალურ სტანდარტებს.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა თ. ხ-ა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატებმა - ლ. ს-ა და დ. ს-მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მათ იშუამდგომლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმება და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. თ-ს პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც დაეთანხმა თავად ქ. თ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ქ. თ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2014 წლის 12 იანვარს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ქ. თ-ს მიმართ დარღვეულია ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, პალატა ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, არ არის გასული, კერძოდ:

„ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე–10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია როგორც ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი, ისე თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელის მოხდისაგან. საქართველოს სსკ-ის 76–ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 6 წლის განმავლობაში - ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 2 წელს. საქმის მასალების მიხედვით, უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს მიერ ქ. თ-ს მიმართ № განაჩენი გამოტანილია 2007 წლის 17 მაისს. მოცემული განაჩენით ქ. თ-ი მსჯავრდებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13 (1) მუხლით, რითვისაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ხოლო იმავე კანონის 86/1, 21/2 და 86/3 მუხლების თანახმად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. აღნიშნული განაჩენი უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–4 დეპარტამენტის 29.05.2012 წლის № გადაწყვეტილებით შეიცვალა, კერძოდ, გაუქმდა 6136–ე კანონის 86/1, 21/2 და 86/3 მუხლების ნაწილში და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13(1) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2014 წლის 16 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის 2014 წლის 6 ივნისის № წერილის პასუხად, თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოდან მიღებული წერილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღად თურქეთის მხარის მიერ მიჩნეულია უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღები, შესაბამისად, განაჩენის ხანდაზმულობის ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყება უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–4 დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან - 2012 წლის 29 მაისიდან. ამასთან, ვინაიდან ზემოხსენებული განაჩენით გათვალისწინებული ქმედება ქართული კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას, საქართველოს სსკ–ის 76–ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა დღეის მდგომარეობით არ არის გასული. როგორც აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს მიერ № განაჩენი გამოტანილ იქნა 2010 წლის 15 ივნისს. მოცემული განაჩენით ქ. თ-ი მსჯავრდებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13 (1) მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით. მოცემული განაჩენი ძალაში შევიდა უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–3 დეპარტამენტის 2012 წლის 4 ოქტომბრის № გადაწყვეტილებით, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება სწორედ აღნიშნული თარიღიდან. ამასთან, ვინაიდან ხსენებული განაჩენით გათვალისწინებული ქმედებები ქართული კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას, საქართველოს სსკ–ის 76–ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა დღეის მდგომარეობით არ არის გასული.

თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს მიერ № განაჩენი გამოტანილ იქნა 2010 წლის 15 ივნისს. მოცემული განაჩენით ქ. თ-ი მსჯავრდებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 86/1, 21/2, 86/3 მუხლების თანახმად და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. მოცემული განაჩენი საბოლოოდ ძალაში შევიდა უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–3 დეპარტამენტის 2012 წლის 4 ოქტომბრის № გადაწყვეტილებით, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება აღნიშნული თარიღიდან. ამასთან, ვინაიდან ხსენებული განაჩენით გათვალისწინებული ქმედება, მოცემული შუამდგომლობის 33–ე პუნქტის თანახმად, ქართული კანონმდებლობით შეესაბამება ისეთ დანაშაულს (სსკ–ის 124–ე მუხლი - გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება), რომლისთვისაც სასჯელის სახედ არ არის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სსკ–ის 76–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 2 წელს. ამდენად, დღეის მდგომარეობით მოცემული განაჩენის აღსრულების 2-წლიანი ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. როგორც აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს მიერ № განაჩენი გამოტანილ იქნა 2012 წლის 19 იანვარს. მოცემული განაჩენით ქ. თ-ი მსჯავრდებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13/2, 12/4 მუხლებითა და 5237-ე კანონის 62–ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 2 თვით. მოცემული განაჩენი ძალაში შევიდა უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–8 დეპარტამენტის 2013 წლის 27 მაისის № გადაწყვეტილებით, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება აღნიშნული თარიღიდან. ამასთან, ვინაიდან ხსენებული განაჩენით გათვალისწინებული ქმედება ქართული კანონმდებლობით შეესაბამება ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიას, საქართველოს სსკ–ის 76–ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის 6-წლიანი ვადა დღეის მდგომარეობით არ არის გასული. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან შემოსული მასალების თანახმად, ქ. თ-ს მიმართ ზემოხსენებული განაჩენების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. თ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქ. თ-ს მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, რადგან განაჩენით მას მსჯავრი დაედო ისეთი დანაშაულების ჩადენაში, რომლებიც მთლიანად ამნისტირებულია.

,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით“.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ქ. თ-ს მსჯავრი დაედო ისეთი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რომლებზეც გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, მაგრამ საქართველოს უფლება არა აქვს, მის მიმართ განახორციელოს იურისდიქცია, რაც წარმოადგენს მის მიმართ ამნისტიის შეფარდების მეორე აუცილებელ პირობას.

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ასევე არ დადგინდა „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებების არსებობა, მათ შორის არ დგინდება ის გარემოებები, რომ ქ. თ-ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები.

საქართველოს პროკურატურამ ვერ მოიძია, ასევე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ არ იქნა მოწოდებული რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა. შესაბამისად, საფუძველსაა მოკლებული ვარაუდი, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–3 მუხლის მიზანმიმართული დარღვევის მსხვერპლი გახდება მისი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–3 მუხლით გარანტირებული უფლების დარღვევის ვარაუდი არ არსებობს, საქართველოს პროკურატურამ ასევე დამატებით შეისწავლა ამ კუთხით თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ზოგადი მდგომარეობაც. შედეგად დაასკვნა, რომ ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონვენციის მე–3 მუხლთან შეუსაბამო დარღვევებს არ აქვს მასშტაბური ან სისტემური ხასიათი. ამასთან, არსებობს მყარი სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიები, რომ მსგავსი დარღვევების პრევენცია ან/და დასჯა მოხდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას, რომელიც ცნობს და აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ქ. თ-ს ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13(1) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის № განაჩენის აღსრულების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–4 დეპარტამენტის 29.05.2012 წლის № გადაწყვეტილების ფარგლებში; თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13(1) მუხლითა და ამავე კანონის 86/1, 21/2 და 86/3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო თურქეთის რესპუბლიკის უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2010 წლის 15 ივნისის № განაჩენის აღსრულების მიზნით, რომელიც დადასტურებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–3 დეპარტამენტის 04.10.2012 წლის № გადაწყვეტილებით; თურქეთის რესპუბლიკის 6136–ე კანონის 13/2, 12/4 მუხლებითა და 5237-ე კანონის 62–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, უნიეს მეორე ინსტანციის მსჯავრდების სასამართლოს 2012 წლის 19 იანვრის № განაჩენის აღსრულების მიზნით, რომელიც დადასტურებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს მსჯავრდების მე–8 დეპარტამენტის 27.05.2013 წლის № გადაწყვეტილებით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ 2010 წლის 21 ივლისის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ქ. თ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 ივნისის განჩინება ქ. თ-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე