საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 05.02.2015
საქმის ნომერი
2კ-149აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №149აპ-14 ქ. თბილისი

ი-ი ბ, 149აპ-14 5 თებერვალი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დ. მ-ს

ადვოკატ - ი. ბ-ს

გამართლებულ - ბ. ი-ს

თარჯიმან - თ. ც-ს

მონაწილეობით განიხილა გამართლებულ ბ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივლისის განაჩენით:

ბ. ი-ი გამართლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ბ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–8 მუხლის თანახმად, გათავისუფლდა სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ბ. ი-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

საქართველოს სსსკ–ის 168–ე მუხლის მე–7 ნაწილის თანახმად, გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

განაჩენის მიხედვით, ბ. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ბ. ი-ა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 8,598 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

2006 წლის 27 ივლისს, 19.00 საათზე, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ი, ა-ს ქ.№ის ეზოში დააკავეს ბ. ი-ი, რომელსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს პერანგის მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს უკანონოდ შეძენილი და შენახული, ერთ წონაკად დაფასოებული, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 8,598 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი ბ. ი-ს მიმართ. იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

საქართველოს სსსკ–ის 168–ე მუხლის მე–7 ნაწილის თანახმად, გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ–ის 219–228–ე მუხლებით დადგენილი წესით.

გამართლებული ბ. ი-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიერ გირაოს სახით გადახდილი თანხის - 100000 ლარის დაბრუნებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიმართ იმთავითვე უკანონოდ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები - პატიმრობა და გირაო - 100000 ლარის ოდენობით, მითუმეტეს, რომ გირაოს პირობები მას არ დაურღვევია: ქ. მ-ი ყოფნისას, 2007 წლის 10 იანვარს, შეიტანა გირაოს თანხის ნახევარი - 50000 ლარი. საქმეში არსებული მასალების შესაბამისად, სასამართლო პროცესი დანიშნული იყო 2007 წლის 15 იანვარს, რომელზეც იგი ვერ გამოცხადდა, ვინაიდან მკურნალობის კურსს გადიოდა მ-ს სამედიცინო კლინიკაში. შესაბამისი ცნობა გამოაგზავნა თ-ი, რომელიც ადვოკატმა წარადგინა სასამართლოში. პროკურორმა მოითხოვა ვადა ცნობაში მითითებული მონაცემების დასადასტურებლად, კერძოდ, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა საქართველოდან გასული. სხდომა გადაიდო მეორე დღისათვის - 16 იანვრისათვის. აღნიშნულ სხდომაზე მის მიერ საქართველოს საზღვრების დატოვება და მკურნალობა მიჩნეულ იქნა გირაოს პირობების დარღვევად, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეეცვალა პატიმრობით და გამოცხადდა მისი ძებნა. 2006 წლის 29 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სასამართლო პროცესზე, მან განაცხადა, რომ საპატიმროდან გასვლისთანავე უნდა გამგზავრებულიყო მ-ი სამკურნალოდ, ვინაიდან არის რ-ს მოქალაქე და ცხოვრობს მ-ი. სასამართლოს მითითებული აქტით აშკარად დადასტურდა მის მიმართ არაობიექტური დამოკიდებულება: სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ბრალდებულის ავადმყოფობა (სტაციონარული მკურნალობა) მიიჩნევა პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებად. მისი აზრით, სასამართლო სხდომა მეორე დღისათვის იმიტომ გადაიდო, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა პროცესს დასწრებოდა და ამით მოესპო საშუალება პროკურატურისა და სასამართლოსთვის გამოეყენებინათ მის მიმართ პატიმრობა. აღნიშნულის შემდეგ მისი ბრალდების საქმეზე მხოლოდ 2013 წელს დაინიშნა სასამართლო პროცესები. 2007 წლის 15 იანვარს სასამართლოს რეალური ვადა რომ მიეცა მისთვის, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად, შეძლებოდა თ-ი ჩამოსვლა, იგი აუცილებლად დაესწრებოდა სასამართლო პროცესს. კასატორის განმარტებით, დაპატიმრების მომენტისათვის დაავადებული იყო შაქრიანი დიაბეტით, უკანონო დაკავებისას მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებისას, ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას გაუწყდა მყესი, პატიმრობის შემდეგ გაუკეთდა ერთი თირკმლის ამპუტაცია, ჩაუდგეს გულის სტიმულატორი, დაავადებულია სარკომით. ამდენად, მ-ს კლინიკაში სასამართლოსათვის თავის არიდების სურვილის გამო არ იწვა.

საკასაციო პალატის სხდომაზე ბ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა ბ. ი-ი.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა დ. მ-ა იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები გამართლებულ ბ. ი-ს მიმართ, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სამართლებრივად ვერ შეაფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 იანვრის დადგენილების კანონიერებას საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების საფუძველზე, ვინაიდან კასატორ ბ. ი-ს ეს დადგენილება არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილ ვადაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ბ. ი-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2006 წლის 27 ივლისიდან - ახალი კოდექსის ამოქმედებამდე, შესაბამისად, მასზე ვრცელდება 2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები. სსსკ-ის 523-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში; ხოლო ამავე კოდექსის 526-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში ძირითადი საჩივრის ხარვეზის შესავსებად შეიძლება დამატებითი სააპელაციო საჩივრის შეტანა 524-ე მუხლში აღნიშნული პირობების დაცვით; სსსკ-ის 525-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება (დადგენილება), რომელიც გამოტანილია საქმის განხილვისას და არ არის შემაჯამებელი ხასიათისა, შეიძლება სააპელაციო წესით სასამართლოს განაჩენთან ერთად გასაჩივრდეს. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 იანვრის დადგენილების გასაჩივრება შეიძლებოდა ამ საქმეზე გამოტანილ განაჩენთან ერთად კანონით დადგენილ 1-თვიან ვადაში განაჩენის გამოცხადებიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ბ. ი-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა 2013 წლის 26 ივლისს. მსჯავრდებულმა ბ. ი-ა აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა 2013 წლის 22 აგვისტოს, კანონით დადგენილ ვადაში. იგი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის დადგენილებას არ ხდიდა სადავოდ. 2013 წლის 6 სექტემბერს ბ. ი-ა შეიტანა დამატებითი სააპელაციო საჩივარი, რომლითაც სადავოდ ხდიდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს პატიმრობით შეცვლას და ითხოვდა აღნიშნული საკითხის შეფასებით მისთვის გირაოს სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბ. ი-ა დამატებითი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2013 წლის 6 სექტემბერს, რითაც დაარღვია სსსკ-ის 526-ე მუხლის მოთხოვნა. მას დამატებითი სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში ანუ 2013 წლის 26 აგვისტომდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს და, შესაბამისად, სამართლებრივად ვერ შეაფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 იანვრის დადგენილების კანონიერებას.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 იანვრის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითება გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის თაობაზე. პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენით, საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ.

ამავე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნებით და ვალდებულია, საქმე სრული მოცულობით შეამოწმოს, მათ შორის იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანიათ.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ბ. ი-ს მიმართ გირაოს სახით შეტანილი 100 000 ლარის სახელმწიფოსათვის გადაცემის ნაწილში განაჩენის დადგენისას როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა დაარღვიეს საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა (2005 წლის 16 დეკემბრის რედაქცია). მითითებული რედაქციის კანონის ცვლილებით, კანონმდებელმა დამატებით შექმნა მკაფიოდ ფორმულირებული ნორმა და სათანადო პროცესუალური გარანტიებით უზრუნველყო გირაოს შემტანი პირის დაცვის მექანიზმი. ცვლილების თანახმად, ,,გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში“.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ოქმი (ან სხვა დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს ბ. ი-ს სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის - 100 000 ლარის შემტანი პირის წერილობით გაფრთხილებას იმის თაობაზე, რომ თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, ჩაიდინა ახალი დანაშაული, განახორციელა ზეწოლა პროცესის მონაწილეზე ან/და საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის გამო, ბ. ი-ს სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის შემტან პირს - ბ. ი-ს უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა - 100 000 ლარი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ერთიანი სასამართლო პრაქტიკა (იხ.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №311აპ-09; №175აპ-09; №375აპ-09).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში კანონიერია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-10 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გამართლებულ ბ. ი-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ბ. ი-ს მიმართ გირაოს სახით შეტანილი 100 000 (ასი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შესახებ და აღნიშნული თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს - ბ. ი-ს.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე

№149აპ-14 5 თებერვალი, 2015 წელი

ი-ი ბ, 149აპ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 5 თებერვალს გამართლებულ ბ. ი-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

საკასაციო პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 5 თებერვალს გამართლებულ ბ. ი-ს მიმართ გამოტანილ იქნა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა. კერძოდ:

განჩინების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია სიტყვები: ,,აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის გამო, ბ. ი-ს სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის შემტან პირს - ბ. ი-ს უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა - 100 000 ლარი“, ნაცვლად სიტყვებისა: ,,აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის გამო, ბ. ი-ს სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის შემტან პირს - რ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა - 100 000 ლარი“;

განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია სიტყვები: ,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ბ. ი-ს მიმართ გირაოს სახით შეტანილი 100 000 (ასი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შესახებ და აღნიშნული თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს - ბ. ი-ს“, ნაცვლად სიტყვებისა: ,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ბ. ი-ს მიმართ გირაოს სახით შეტანილი 100 000 (ასი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შესახებ და აღნიშნული თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს - რ. ა-ს“. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 615-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რომელიც აღმოფხვრილ უნდა იქნეს აღნიშნულ განჩინებაში.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 615-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 5 თებერვალს გამართლებულ ბ. ი-ს მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ, განჩინების სამოტივაციო ნაწილში ჩაიწეროს სიტყვები: ,,აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის გამო, ბ. ი-ს სისხლის სამართლის საქმეზე გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის შემტან პირს - რ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს გირაოს თანხა - 100 000 ლარი“;

განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ჩაიწეროს სიტყვები: ,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ბ. ი-ს მიმართ გირაოს სახით შეტანილი 100 000 (ასი ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის შესახებ და აღნიშნული თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს - რ. ა-ს“.

სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი