გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი

სისხლის სამართლის 21.04.2015
საქმის ნომერი
2კ-397აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.04.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №397აპ-14 ქ. თბილისი

ზ-ე ც.-397აპ-14. 21 აპრილი, 2015 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ – ნ. მ-ის

ადვოკატ – გ. ნ-ის

მსჯავრდებულ – ც. ზ-ის

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ ც. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბრალდების არსი:

1.1. 2013 წლის 12 სექტემბერს ქ. მ-ში, ა-ის ქუჩაზე, ...-ის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ც. ზ-ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დ. მ-ს ჯერ მუშტი ჩაარტყა ხელში, ხოლო შემდეგ ჩანთა თავსა და გულმკერდის არეში, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რითაც დაზარალებულმა დ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. ც. ზ-ის ზემოაღნიშნული ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

2. პირველი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები:

2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის განაჩენით ც. ზ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა, რომელმაც ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ც. ზ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მაისის გამამართლებელი განაჩენი. ც. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რისთვისაც სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.

3. საკასაციო საჩივრის არსი:

3.1. სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ც. ზ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორმა ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი უკანონო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: განაჩენი ეფუძნება ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს; ბრალდების მხარის ყველა მოწმე არის დაინტერესებული პირი და მხოლოდ მათი რაოდენობა არ იძლევა საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; დაზარალებულისა და ფაქტის თვითმხილველი მოწმის მ. ხ-ის ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა; ც. ზ-ე არის დაზარალებულისა და მისი მეგობარი მოწმეების შეთქმულების მსხვერპლი.

3.2. პროკურორმა შესაგებლით ითხოვა მსჯავრდებულ ც. ზ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია). ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგ: ხელის ერთხელ დარტყმაში, თმებით თრევაში. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის.

3. პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის დ. მ-ის ხელზე - მარჯვენა იდაყვის სახსრის შიგნითა ზედაპირზე ნაწილობრივ გარდამავალი დაზიანების არსებობა (დაზიანებათა მსუბუქი ხარისხი, ჯანმრთელობის მოუშლელად), რაც დასტურდება საქმეზე არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით უნდა დადგინდეს ის ფაქტები, თუ რა ვითარებაში მიიღო დ. მ-მა მკლავზე დაზიანება და ეს დაზიანება მიაყენა თუ არა ც. ზ-ემ. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს - არსებულ ჯანმრთელობის დაზიანებას შორის.

4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში ასახულ ზედაპირულ მსჯელობაზე, რომელიც ეხება მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებს. პალატა აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაშიც ამ საკითხზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არ არის არგუმენტებული, ატარებს ტრაფარეტულ ხასიათს და არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ.

5. საქმის არსებითად განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება შემდეგი გარემოებები:

ბრალდებულმა ც. ზ-ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არის უდანაშაულო. დ. მ-ს იცნობს მ-ის არქეოლოგიურ მუზეუმში თანამშრომლობის პერიოდიდან, რაც 2010 წლიდან გაგრძელდა მ-ის საკათედრო ტაძარში, სადაც ისინი, როგორც გიდები (ექსკურსიის წინამძღოლები), მომსახურებას უწევენ სტუმრებს. არასდროს, მათ შორის არც 2013 წლის 12 სექტემბერს, დ. მ-ისათვის მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მითითებულ დღეს ...-ის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-ის ქუჩაზე არსებული კერძო სასტუმროს წინ, დაახლოებით 16 საათზე, დ. მ-მა იგი მოულოდნელად, შეძახილით, თუ როდის დატოვებდა ს-ს და როდის მოეშვებოდა მათ, ავტომანქანებს შორის მოიქცია. დ. მ-ი ხელით შეეხო მას, შეაჯანჯღარა და იმავდროულად ქუდზეც მოკიდა ხელი. ამის გამო იგი დაემუქრა დ. მ-ს, უთხრა, რომ პოლიციაში უჩივლებდა და დასცილდა მას. ც. ზ-ეს მიაჩნია, რომ დ. მ-ის საჩივარი მის წინააღმდეგ ჯგუფური შეთქმულების (პროვოკაციის) შედეგია, რამდენადაც მას წლების განმავლობაში დაძაბული ურთიერთობა აქვს ს-ის ადმინისტრაციასთან. იგი არ დაემორჩილა ადმინისტრაციის მოთხოვნას საკუთარი შემოსავლიდან ტაძრის შემოსავალში შესატანის შეტანის თაობაზე, რის გამოც მას უნდა შეეწყვიტა ს-ში გიდის საქმიანობა. იმავდროულად, ს-ის ადმინისტრაციას განზრახული ჰქონდა სერტიფიცირებული გიდების მოწვევა. ამ ნიადაგზე წარმოშობილმა დაძაბულობამ იმატა 2010 წლის შემდეგ, როდესაც ს-ის ადმინისტრაციის ინიციატივით გიდებად მიიწვიეს დ. მ-ი და სხვები, რომლებიც ადმინიატრაციასთან შეთანხმებით მას არ აძლევენ ნორმალური საქმიანობის საშუალებას. ისინი პერიოდულად, სრულიად უსაფუძვლოდ, მისთვის მუშაობაში ხელის შეშლის მიზნით იძახებენ პოლიციას, ამჯერად კი დანაშაულის ჩადენის ცრუ ბრალდებით ცდილობენ ტაძრიდან მის გაძევებას.

6. დაზარალებულმა დ. მ-მა მოწმის სტატუსით მიცემულ ჩვენებაში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებაში - ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ამხილა ც. ზ-ე. დაზალალებულმა განმარტა, რომ ს-ის გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-ის ქუჩაზე, ,,საქართველოს ბანკის“ ბანკომატის მახლობლად, დახვდა ც. ზ-ე, გადაუდგა წინ, დაუწყო წყევლა, სახისკენ მოუქნია ხელჩანთა, რაც ხელის სახეზე აფარებით შეაჩერა, რის შემდეგაც მეორე ხელით მუშტი ამოარტყა იდაყვში, სახსართან, შიდა მხარეს, რაც ძალიან ეტკინა და გაუწითლდა. ჩანთა კიდევ რამდენჯერმე, ორჯერ ან სამჯერ, მოხვდა მხრისა და გულმკერდის არეში. დ. მ-მა ზემოაღნიშნული კონფლიქტის ძირითად მიზეზად მიუთითა მათ შორის 2010 წლიდან მკვეთრად დაძაბულ ურთიერთობაზე, როდესაც მ-ის მუნიციპალიტეტისა და ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით, გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ სხვა ქალბატონებთან ერთად მან სერტიფიცირებული გიდის სტატუსით დაიწყო მუშაობა ...-ის საკათედრო ტაძარში, სადაც მანამდე ამ საქმიანობას მხოლოდ ც. ზ-ე ეწეოდა. ც. ზ-ესა და ახლადმისულ გიდებს შორის ურთიერთობა დაიძაბა პროფესიული კონკურენციის ნიადაგზე. ც. ზ-ეს აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ სერტიფიცირებული გიდების მისვლით მან დაკარგა გიდის მომსახურების მსურველ ტურისტთა დიდი ნაწილი. ახალგაზრდა, უცხო ენების მცოდნე კოლეგებში იგი ხედავდა სერიოზულ კონკურენტებს, რის გამოც მათ და ზოგჯერ მათი ოჯახის წევრებსაც ექცეოდა აგრესიულად, წყევლიდა და უქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციებს.

7. ძალადობის ფაქტის ერთადერთმა თვითმხილველმა, მოწმე მ. ხ-მა ფაქტობრივად დაადასტურა ც. ზ-ის მხრიდან დ. მ-ზე ფიზიკური ძალადობის - ხელისა და ჩანთის არაერთჯერადი დარტყმის ფაქტი. მან განმარტა, რომ შემთხვევის დღეს გაიგონა ლანძღვის ხმა - „სატანა, სატანა“, გაიხედა იმ მიმართულებით, საიდანაც ხმა მოდიოდა და შენიშნა, რომ მისგან დაახლოებით 5-6 მეტრში, კ-ის კუთვნილი კერძო სასტუმროს წინ, ,,საქართველოს ბანკის“ ბანკომატის მახლობლად, ც. ზ-ე ხელებსა და ჩანთას უქნევდა დ. მ-ს, რომელმაც შეძახილით – „თავი დამანებე“, სახეზე აიფარა ხელი და ამ გზით შეაკავა მოქნეული ჩანთა, თუმცა შემდეგ ც. ზ-ემ ამჯერად მეორე ხელი მოუქნია ქვემოდან და იდაყვში მოარტყა, შემდეგ კი ხელებსა და ჩანთას უქნევდა: მოქნეული ჩანთა დ-ას მოარტყა თავში, ასევე - მკერდის არეში. ც. ზ-ეს ხან ერთ ხელში ეჭირა ჩანთა, ხან - მეორეში, დ-ას ხან ჩანთას ურტყამდა, ხანაც - ხელებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დ. მ-ი პოლიციაში დარეკვით დაემუქრა, ც. ზ-ემ შეწყვიტა მასზე ძალადობა და სიტყვებით, რომ პოლიციის არ ეშინოდა, განერიდა მითითებულ ადგილს. მოწმე მ. ხ-მა დაადასტურა დაზარალებულ დ. მ-ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ ც. ზ-ესთან პროფესიული კონკურენციის გამო ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. ც. ზ-ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მას და სხვა გიდებს, ხოლო 2013 წლის ზაფხულში ასევე კონკურენციის ნიადაგზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა - გაშლილი ხელი ჩაარტყა თავში, თუმცა ვინაიდან ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, ფაქტზე იმჟამად გამოძიება არ დაწყებულა.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ დ. მ-ისა და მოწმე მ. ხ-ის ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებებს უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას. ქრონოლოგიურად გავყვეთ შემთხვევის ადგილზე და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს:

ა. დ. მ-მა განმარტა, რომ ც. ზ-ესთან კონფლიქტამდე ესაუბრებოდა მ. ხ-ს, დასცილდა მოედნის კუთხეში და წავიდა სახლში, ა-ის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ხუთიოდე მეტრის გავლის შემდეგ წინ მოულოდნელად გადაუდგა ც. ზ-ე. მ. ხ-მა საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ დ. მ-ს დასცილდა მოედნის შუაში, რომელსაც უკან გაყვა ც. ზ-ე;

ბ. არარეალურია მ. ხ-ის განმარტება იმის თობაზე, რომ დაშორებიდან რამდენიმე წუთში გაიგონა ლანძღვის ხმა იმ პირობებში, როდესაც იგი უთითებს, რომ მოვლენები განვითარდა მისგან ხუთი-ექვსი მეტრის მოშორებით. დ. მ-მაც დაადასტურა, რომ ოთხი-ხუთი მეტრის გავლის შემდეგ გადაუდგა წინ ც. ზ-ე და დაუწყო წყევლა. გაურკვეველია, ხუთი-ექვსი მეტრის გავლას როგორ დასჭირდა რამდენიმე, თუნდაც ერთი წუთი, რაც მ. ხ-ის ამ განმარტებას სარწმუნოობას უკარგავს;

გ. არათანმიმდევრულია დაზარალებულ დ. მ-ისა და მოწმე მ. ხ-ის ჩვენებები ჩანთისა და ხელის მოქნევასთან მიმართებით. დ. მ-ის ჩვენებით ც. ზ-ემ მუშტი (ხელი) ერთხელ დაარტყა, ხოლო მუშტის (ხელის) ამორტყმამდე, რითაც დაზიანება მიიღო, მას სახეში მოუქნია ჩანთა, რაც ხელით შეაჩერა. მ. ხ-ის განმარტებით, დ. მ-ს მუშტის ამორტყმამდე ც. ზ-ემ არაერთხელ მოუქნია ჩანთა და ხელები;

დ. მ. ხ-მა განმარტა, რომ ც. ზ-ე ჩანთას ხან ერთი და ხან მეორე ხელით ურტყამდა, რაც არ მიუთითებია დაზარალებულ დ. მ-ს. მან ვერ გაიხსენა, ც. ზ-ემ, რომელი ხელი მოუქნია და რომელი ხელით ურტყამდა ჩანთას;

ე. დაზარალებულმა დ. მ-მა განმარტა, რომ ცემის შემდეგ ც. ზ-ე წავიდა ს-ის შესასვლელისაკენ, ხოლო მ. ხ-ის განმარტებით, იგი გაემართა საპირისპირო მიმართულებით - ა-ის ქუჩაზე, ავტოსადგომის მიმართულებით;

ვ. დ. მ-ის განმარტებით, ცემის შემდეგ მას უცხო პირებმა მისცეს დამამშვიდებელი წამალი, ხოლო მ. ხ-ის განმარტებით, დამამშვიდებელი წამალი დ. მ-ს თავად ჰქონდა და სხვისგან არ მიუღია.

9. საკასაციო პალტა აღნიშნავს, რომ დაზარალებულ დ. მ-ისა და მოწმე მ. ხ-ის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობები უკავშირდება უშუალოდ სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების დაწყებიდან დასრულებამდე დროის მონაკვეთს და განხორციელებული ქმედების აღწერას, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უმნიშვნელოდ. დ. მ-ი და მ. ხ-ი მათ მიერ მითითებულ ფაქტებზე საუბრობენ დარწმუნებით და არ უთითებენ, რომ შეიძლება ესა თუ ის გარემოება კარგად არ ახსოვდეთ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, რითაც შეიძლებოდა ახსნილიყო ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა. დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა, შესაძლოა, არ აკნინებს ამ ორი ჩვენების სანდოობას, თუმცა ეს წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მათ ჩვენებებს და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც საკასაციო პალატა არ იზიარებს.

10. რაც შეეხება მოწმეების - ს. ბ-ის, მ. გ-ისა და სხვათა ჩვენებებს, ისინი არ არიან ცემის ფაქტის თვითმხილველნი, შესაბამისად, მათი ჩვენებები ამ გარემოებასთან მიმართებით არის ირიბი და ვერ გამოდგება ცემის ფაქტის უტყუარად დასადგენად. შესაბამისად, მიუხედავად ჩვენებებს შორის გარკვეული წინააღმდეგობებისა და საეჭვო გარემოებებისა, საკასაციო პალატა არ მსჯელობს მათ ხასიათსა და შინაარსობრივ მხარეზე.

11. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში არსებულ მსჯელობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიუთითა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის მიუკერძოებელი მოწმეების წარდგენისა და დაკითხვის აუცილებლობაზე, რომლებიც, სავარაუდოდ, შეესწრნენ ცემის ფაქტს და დაადასტურებდნენ ამ გარემოებას. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული ცალსახად მხარეთა კომპეტენციაა, თუმცა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულსა და დაზარალებულს, ასევე ბრალდების მხარის მოწმეებს შორის არსებობდა რამდენიმეწლიანი დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა, რაც საქმეზე არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, ამასთან, დაზარალებულ დ. მ-ისა და მოწმე მ. ხ-ის ჩვენებებს შორის არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები და ცემის ფაქტი არ დასტურდება სხვა უტყუარი მტკიცებულებით, ამ მოცემულობაში, ნეიტრალური და საქმის შედეგებით დაუინტერესებელი მოწმის ჩვენება მაღალი ალბათობით პასუხს გასცემდა არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დარჩენილ ბუნდოვან გარემოებებსა და კითხვებს.

12. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. იმავე შინაარსის მატარებელია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ც. ზ-ის მიერ დ. მ-ის ცემა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რის გამოც პალატა იზიარებს მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველის პოზიციას ც. ზ-ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ. შესაბამისად, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, ც. ზ-ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ც. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განაჩენი ც. ზ-ის მიმართ. ც. ზ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

3. გამართლებულ ც. ზ-ძეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი