შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №403აგ-15 19 აპრილი, 2016 წელი
ბ-ი დ., 403აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ ლ. დ-ს შორის, რომლის თანახმად, ლ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით და სსკ–ის 64–ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 7 წელი და 6 თვე; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მსჯავრდებულ ლ. დ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2013 წლის 18 ივნისიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ლ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი; სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების თანახმად, თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი და ლ. დ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 6 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 7 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები. მსჯავრდებულ ლ. დ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2013 წლის 18 ივნისიდან.
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ ლ. დ-ს შორის, რომლის თანახმად, ლ. დ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 273–ე მუხლით (ორი ეპიზოდი) და თითოეული ეპიზოდისათვის განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი; სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილების საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და ლ. დ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი; სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 წელი, 6 თვე და ლ. დ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულ ლ. დ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 10 ოქტომბრიდან.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ დ. ბ-ს შორის, რომლის თანახმად, დ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 7 წელი – ჩაეთვალა პირობით, 8 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 17 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 თვე და დ. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 7 წელი – ჩაეთვალა პირობით, 8 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ დ. ბ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2013 წლის 18 ივნისიდან.
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 2 წელი და დ. ბ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულ დ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 25 სექტემბრიდან.
6. 2015 წლის 31 ივლისს და 3 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობებით მიმართეს მსჯავრდებულებმა – ლ. დ-მ და დ. ბ-მა, რომლებმაც 2015 წლის 8 ივლისის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 260–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ითხოვეს თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულების – ლ. დ-ს და დ. ბ-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდა; თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისისა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენებში შევიდა ცვლილება:
8. მსჯავრდებულ ლ. დ-ს ქმედება სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია); თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ლ. დ-ს მიმართ დარჩა უცვლელად;
9. მსჯავრდებულ დ. ბ-ს ქმედება სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილი დარჩა უცვლელად.
10. კასატორი – მსჯავრდებულ დ. ბ-ს ადვოკატი დ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენის შეცვლას, კერძოდ: მსჯავრდებულ დ. ბ-ს მიმართ როგორც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 ნოემბრის განაჩენის, ისე თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენის გადაინჯვას და მსჯავრდებულ დ. ბ-სათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულიად კანონიერად გადააკვალიფიცირა მსჯავრდებულ დ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საქართველოს სსკ-ის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე.
3. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ დ. ბ-სთვის სასჯელის უცვლელად დატოვების თაობაზე, ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატას მოქმედ კანონმდებლობასთან უნდა მოეყვანა შესაბამისობაში ასევე თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ბ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ვინაიდან მსჯავრდებული ამის თაობაზე უთითებდა სააპელაციო პალატისთვის წარდგენილ შუამდგომლობაში და, ამავდროულად, მოქმედი კანონმდებლობით შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული ქმედებისთვის, რაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენის გადასინჯვის კანონიერ საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ:
6. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით დ. ბ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 8 ივლისის საქართველოს კანონის თანახმად, ანალოგიური ქმედება გადავიდა მძიმე კატეგორიის დანაშაულში, შესაბამისად, დ. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედება სამართლებრივად შემსუბუქდა, რის გამოც იგი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედ კანონმდებლობასთან. რაც შეეხება სასჯელს, ვინაიდან თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით მისთვის განსაზღვრული სასჯელი მოქმედი კანონმდებლობის სანქციის ფარგლებშია, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან, როგორც პალატამ ზემოთ მიუთითა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ დ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ დ. ბ-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებზე (მოქმედი რედაქცია). თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე