შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№542აპ-15 თბილისი
ჭ-ა გ., 542აპ-15 5 აპრილი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის განაჩენით გ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მიესაჯა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი, 10 თვე და 15 დღე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის, 7 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით. გ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 23 სექტემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ გ. ჭ-ს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის განაჩენი შეიცვალა და საბოლოოდ გ. ჭ-ს განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. გ. ჭ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 23 სექტემბრიდან.
3. მსჯავრდებული გ. ჭ-ა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 21 მარტს კალენდარულად, სასჯელის ვადის ამოწურვის შედეგად.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განაჩენით გ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით, დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი, ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჭ-ს განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 15 აგვისტოდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჭ-მ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 23:35 საათზე, თბილისში, ვარკეთილი 3 მე-... მკ/რ. …-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, გ. ჭ-ს თან ჰქონდა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - AB-CHIMINAKA 0,2962 გრამის ოდენობით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჭ-მ და მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 მაისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: გ. ჭ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). გ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი, ხოლო 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ჭ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 15 აგვისტოდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჭ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებიდან გამომდინარე, მის უდანაშაულობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ იგი არ აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მისი ბინის ჩხრეკისას კანონსაწინააღმდეგო არაფერი იქნა ამოღებული, ასევე ის არ გაქცეულა და არც წინააღმდეგობა გაუწევია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ჩხრეკისა და დაკავების დროს; ამასთან, ადგილზევე განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთიერება მისი არ იყო და პოლიციელებმა ჩაუდეს, ამიტომაც ხელი არ მოაწერა ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს. გარდა ამისა, გ. ჭ-ა უთითებს სხვადასხვა პროცესუალურ დარღვევაზე, რაც, მისი აზრით, ასევე ამტკიცებს მის უდანაშულობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ: მოწმე პოლიციელთა ჩვენებებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორე დადასტურდა მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ჩვენებით. ხოლო კასატორის მითითება, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება მას არ ეკუთვნოდა და პოლიციელებმა ჩაუდეს, არ დასტურდება საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად. ამასთან, 2014 წლის 16 აგვისტოს გამოკვლევის დასკვნის თანახმად, გ. ჭ-ს დაუდგინდა „ბენზოდიაზეპინების“ ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი, ხოლო ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ქმედება არასწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული).
4. საქმის მასალების მიხედვით, გ. ჭ-ა გასამართლებული იყო 2013 წლის 18 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო 2014 წლის აგვისტოში, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მან კვლავ ჩაიდინა 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს, თუ პირს ადრე ჩადენილი ჰქონდა არა ამ მუხლით, არამედ ამ თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე სხვა დანაშაული, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული), ხოლო თუ ჩადენილი ჰქონდა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - დაკვალიფიცირდება 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჩადენილი არაერთგზის).
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: გ. ჭ-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული), უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, არაერთგზის), ხოლო სხვა ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. ჭ-ს დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 8 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე