დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №373აგ-15 15 აპრილი, 2016 წელი
ხ-ი გ., 373აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის განაჩენით გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი – ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 18 სექტემბრიდან.
2015 წლის 24 ივლისს მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. კ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით ადვოკატ ი. კ-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ადვოკატ ი. კ-ს აღუდგა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების გაცდენილი ვადა.
მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. კ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარადგინა მთავარი პროკურატურის 2015 წლის 15 ივნისის შუამდგომლობა გ. ლ-სა და გ. რ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და 2015 წლის 15 ივნისის ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან, სადაც მოსამართლემ დაადგინა, რომ გ. ლ-სა და გ. რ-ს მიმართ შეწყვეტილიყო სისხლისსამართლებრივი დევნა; სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად და ყოველმხრივ არ გამოიკვლია და დაადგინა, რომ ისინი ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის განჩინებით შეწყდა გ. ლ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 341-ე მუხლით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ხოლო გ. რ-ს მიმართ – სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, გ. ხ-ს კი მსჯავრი დაედო სსკ-ის 332–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
კასატორის აზრით, შუამდგომლობის განხილვისას სააპელაციო პალატას უნდა შეესწავლა და განეხილა ის გარემოებები, თუ რა კავშირია გ. ხ-ს საქმესა და გ. ლ-სა და გ. რ-ს საქმეებს შორის, ასევე უნდა ემსჯელა იმაზე, გ. ლ-სა და გ. რ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, პროკურატურისა და სასამართლოს მიერ იმის აღიარება, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ, არის თუ არა პირდაპირპროპორციული გ. ხ-ს უდანაშაულობისა; დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, სასამართლოში დადგენილ სხვა გარემოებებთან ერთად, ამტკიცებს გ. ხ-ს უდანაშაულობას.
კასატორის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გ. ხ-ს, ი. ო-ს, გ. ლ-სა და გ. რ-ს მიმართ და, გარდა გ. ხ-სა, სამივე ბრალდებულის მიმართ შეწყდა დევნა დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის გამო; გ. ხ-ი ბოლო ეტაპამდე თავს არ ცნობდა დამნაშავედ, უძლებდა ყველანაირ ზეწოლას და მუქარას, ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის დადგენას, მაგრამ 2008 წლის 8 აპრილს მან საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოდან მიიღო შეტყობინება, რომ 2008 წლის 20 აპრილამდე უნდა გაეთავისუფლებინა თავის სარგებლობაში არსებული ბინა; იმ პერიოდში მისი მეუღლე ელოდებოდა ბავშვს, რომელიც 27 აპრილს დაიბადა; გ. ხ-ს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი მარჩენალის გარეშე დარჩნენ ქუჩაში, ამიტომ იძულებული გახდა, დათანხმებოდა პროკურატურის შეთავაზებას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ; 2008 წლის 5 ივნისს სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რათა მან შუამდგომლობა დაუშვას განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.
პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ლ-სა და გ. რ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე - არ წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი ავტომატურად არ გამორიცხავს გ. ხ-ს ბრალეულობას, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 ივნისის განაჩენში, რომლითაც დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება, გარდა გ. ლ-სა და გ. რ-ს ჩვენებებისა, მითითებულია სხვა მტკიცებულებებიც, რომელთა სამართლებრივი შეფასების უფლებამოსილება საკასაციო პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის ეტაპზე არ გააჩნია.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ გ. ხ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე