საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის 19.05.2016
საქმის ნომერი
2კ-609აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №609აპ-15 თბილისი

მ-ა ზ. , 609აპ-15 19 მაისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - შოთა ჩხაიძის

ადვოკატების - გ. კ-სა და ა. მ-ის

მსჯავრდებულ - ზ. მ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. კ-სა და ა. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენით ზ.მ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. ზ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ზ. მ-თვის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელისაგან (1 წლით თავისუფლების აღკვეთა) ზ. მ-ას 3 თვითა და 10 დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლება. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა წინა - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით, 3 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. მ-ას განესაზღვრა 7 წლით, 3 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 12 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო.

2. განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულმა ზ. მ-ამ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: ზ. მ-ამ დაუდგენელ გარემოებებში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - „მაკაროვის“ სისტემის №….. პისტოლეტი და ამ პისტოლეტისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა - 8 ცალი ვაზნა, რომლებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში - მდებარე ქალაქ ….., ….. ქუჩა №…..-ში. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა 2014 წლის 12 აგვისტოს ამოღებულ იქნა ზ. მ-ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 მაისის განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულ ზ. მ-ას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლების პირველი ნაწილებითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა. ზ. მ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლების პირველი ნაწილებიდან გადაკვალიფიცირდა 19,120-ე მუხლზე. ზ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,120-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ზ. მ-ას განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა - 2000 ლარი. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განაჩენით ზ. მ-ის დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ნაწილობრივ (3 წელი) დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლების შედეგად დარჩენილი 3 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ზ. მ-ას განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარი. მსჯავრდებულ ზ. მ-ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 12 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. მ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. კ-მა და ა. მ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, მსჯავრდებულ ზ. მ-ას უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

5. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ. მ-ამ და მისმა ადვოკატებმა - გ. კ-მა და ა. მ-ემ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

6. პროკურორი შოთა ჩხაიძე არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ. მ-ას დამცველების, ადვოკატების - გ. კ-სა და ა. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ზ. მ-ას ბრალდების საქმეზე პროცესის წარმოებისას არსებითად დაირღვა ის იმპერატიული მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით. ასეთი დარღვევები დაშვებულ იქნა როგორც წინასწარი გამოძიების სტადიაზე, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას და გამამტყუნებელი განაჩენების სახით სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა მატერიალური სისხლის სამართლის შესაბამისი ნორმები, კერძოდ, გამოიყენა ნორმები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა.

3. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ ჯეროვანი შეფასება არ მისცეს აღნიშნული საქმის წარმოებისას წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაშვებულ დარღვევებს. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი და იმავე საპროცესო ნორმების შინაარსი და მათი დანაწესი ურთიერთსაპირისპირო, რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობით განმარტეს, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს სასამართლო პრაქტიკაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული, უაღრესად მნიშვნელოვანი საპროცესო ინსტიტუტის არსისა და ფუნქციური დანიშნულების არაერთგვაროვანი გაგების ანარეკლს.

4. წინასწარი გამოძიების სტადიაზე ზ. მ-ას მიმართ წარდგენილი ბრალის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: ის თავის სახლში უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს - „მაკაროვის“ სისტემის, №….., ..... პისტოლეტს, საბრძოლო მასალასა და მჭიდებთან ერთად. ამ იარაღის მეშვეობით მან 2013 წლის 3 მაისს, 01:00 საათზე, ქ. ....., დაზარალებულ გ. კ-თან მომხდარი კონფლიქტის დროს, ჩაიდინა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და დაზარალებულ რ. მ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. აქედან გამომდინარე, ზ. მ-ას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

5. საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ჩხრეკა ზ. მ-ას საცხოვრებელ სახლში, რომლის დროსაც საძინებელ ოთახში ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალასთან ერთად, ჩატარდა 2014 წლის 12 აგვისტოს, ქ. ..... მომხდარი კონფლიქტიდან (03.05.2013წ.) ერთ წელსა და სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლითა და ზ. მ-ას დედის - რ. ხ-ის თანხმობით. მასალებით ირკვევა, რომ ჩხრეკის პარალელურად ქ. ..... გამოძიებამ დააკავა ზ. მ-ა, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, მაგრამ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნაპოვნი ვერ იქნა. აღნიშნული გარემოება მიუთითებს შემდეგზე: გამომძიებლისათვის, როდესაც ის აპირებდა ზ. მ-ას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარებას გადაუდებელი აუცილებლობის წესით, უკვე ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ზ. მ-ა შინ არ იყო, ამასთან, ის იმყოფებოდა მეთვალყურეობის ქვეშ, რასაც უდავოდ ადასტურებს ჩხრეკის პარალელურად სხვა ქალაქში მისი დაკავება. აღნიშნული გარემოებები ლოგიკურად აჩენს საფუძვლიან ეჭვს – რეალურად არსებობდა თუ არა გადაუდებელი აუცილებლობის წესით ჩხრეკის ჩატარების საფუძველი. ასეთ ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს ჩხრეკის ადგილზე ამ საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე არსებული ვითარება. როგორც აღმოჩნდა, შინ არ იმყოფებოდა ასევე გასაჩხრეკი ობიექტის მესაკუთრე, ზ. მ-ას დედა - რ. ხ-ი, რომელსაც დაუკავშირდნენ მობილური ტელეფონით. ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ ზ. მ-ას მოხუცი ბებია - მ. მ.ა. გამოძახების შემდეგ რ. ხ-ი გამოცხადდა ჩხრეკის ადგილზე, რის შემდეგაც გამომძიებელი შეუდგა ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. აღნიშნული იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ ფაქტობრივად არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობის წესით ჩხრეკის ჩატარებისათვის საჭირო პირობები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ ზ. მ-ას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დაწყებამდე, გამომძიებელს გასაჩხრეკი ობიექტის მესაკუთრისათვის არ წარუდგენია დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს საპროცესო კანონი. ამიტომ აღნიშნული დადგენილების წარუდგენლობა ეჭვქვეშ აყენებს თვით ჩხრეკის ჩატარების ლეგიტიმურობას იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ისეთი უკიდურესი ვითარება, რომ ჩხრეკის დაწყების თუნდაც მცირე ხნით დაყოვნებამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს - მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დაკარგვა ან განადგურება. მსგავს ვითარებაში შესაძლოა, მართლაც ვერ მოესწროს აღნიშნული დადგენილების დროულად გამოტანა (თუმცა, როგორც საქმის გარემოებებით დასტურდება, ზ. მ-ას საცხოვრებელი სახლის გაჩხრეკამდე არ არსებობდა ისეთი უკიდურესი ვითარება, რაც საერთოდ არ ტოვებდა დროს საჭირო დადგენილების გამოსატანად და გასაჩხრეკი ობიექტის მესაკუთრისათვის მის წარსადგენად), მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს საპროცესო კანონის მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო ბინასა თუ სხვა კერძო მფლობელობაში თუნდაც მისი მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელის თანხმობით ჩატარებული ჩხრეკისა და ამ ჩხრეკით მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერება უნდა შეამოწმოს სასამართლომ შესაბამისი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე (აღნიშნულ საპროცესო მოთხოვნებს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი და იმავე კოდექსის 120-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილები). ზ. მ-ას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ, რა დროსაც ჩხრეკის ადგილიდან ამოღებულ იქნა ნივთმტკიცებები ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სახით, შესაბამისმა პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ამ ჩხრეკის კანონიერების შემოწმების თაობაზე, მაგრამ მოსამართლემ განჩინებით პროკურორს უარი უთხრა შუამდგომლობის არსებით განხილვაზე, რაც იმით დაასაბუთა, რომ, თითქოს, რადგან არსებობდა ბინის მესაკუთრის - რ. ხ-ის თანხმობა ჩხრეკის ჩატარებაზე, ამიტომ საჭირო აღარ იყო ჩხრეკის კანონიერების სასამართლო წესით შემოწმება. მოსამართლის ასეთი პოზიცია აშკარად არ შეესაბამება საპროცესო კანონით დადგენილ იმ წესებსა და მოთხოვნებს, რომლებზეც ზემოთ იყო მითითებული.

7. გარდა აღნიშნულისა, ყურადღება უნდა მიჰქცეოდა და სათანადო შეფასება მისცემოდა ზ. მ-ას საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის მიმდინარეობისას დაშვებულ სხვა დარღვევებსაც, რაც არ გაუკეთებია საქმის განმხილველ სასამართლოებს. ჩხრეკის დაწყებისას ფოტოსურათებზე არ დაფიქსირებულა იმ საძინებელ ოთახში არსებული თავდაპირველი მდგომარეობა, სადაც ნივთმტკიცებები იქნა აღმოჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩხრეკისას მიმდინარეობდა ფოტოგადაღება. კერძოდ, ჩხრეკის ოქმში აღნიშნულია, რომ საძინებელ ოთახში, საწოლზე, ბალიშის ქვეშ, ნაპოვნი იქნა ცეცხლსასროლი იარაღი – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი №….., ....., მჭიდითა და მასში არსებული საბრძოლო მასალით - 8 ცალი ვაზნით, ხოლო იმავე ოთახის კარის შიგნითა მხარეზე, სახელურზე ჩამოკიდებულ შავ ჩანთაში აღმოჩნდა ცარიელი მჭიდი. მაგრამ ფოტოებზე ყველა აღნიშნული ნივთმტკიცება საწოლზეა ერთად დაყრილი და გადაღებული – პისტოლეტი, ცარიელი მჭიდები, ვაზნები, შავი ჩანთა და არა მათ თავდაპირველ ადგილზე, მაგალითად: ფოტოებზე არ ჩანს კარის სახელურზე ჩამოკიდებული შავი ჩანთა, ამ ჩანთის შიგთავსი ცარიელი მჭიდით, საწოლზე ბალიშის თავდაპირველი მდგომარეობა, რომლის ქვეშაც იარაღი ინახებოდა, ასევე არ არის ფოტოზე დაფიქსირებული ბალიშის აღების პროცედურა, რის შედეგადაც მის ქვეშ იარაღი იქნა აღმოჩენილი. ამავე დროს, შემდგომში ჩხრეკის დამსწრე პირების მიერ დაკითხვებისას მიცემული ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ჩხრეკაში მონაწილე ექსპერტი მისი დაწყებიდანვე არ მონაწილეობდა ამ საგამოძიებო მოქმედებაში, იგი მოგვიანებით გამოცხადდა ჩხრეკის ადგილზე და შემდეგ ჩაერთო მასში, მაგრამ ეს ნივთმტკიცებები უკვე მის გამოცხადებამდე იქნა აღმოჩენილი და ამოღებული, რის გამოც მას არ უნახავს ჩხრეკისას კონკრეტულად სად და რა ვითარებაში იპოვეს ისინი.

8. ზ. მ-ას საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისა და მის შედეგად მოპოვებული ნივთმტკიცებების კანონიერების საკითხსა და მასთან დაკავშირებით თავის პრეტენზიაზე დაცვის მხარემ არაერთხელ მიაქცია სასამართლოების ყურადღება ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან დარღვევებზე მითითებით, კერძოდ, წინასასამართლო სხდომაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, მაგრამ ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყვა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ. მ-ას საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით დაშვებული ყველა საპროცესო დარღვევა, რომლებზეც ზემოთ იყო მითითებული, ერთობლიობაში აღებული, საფუძველს აცლის ამ ჩხრეკით მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასა და, რაც მთავარია, მათ კანონიერებას. აღნიშნულის გამო არ შეიძლება ისინი საფუძვლად დაედოს ზ. მ-ას მსჯავრდებას, თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში განმტკიცებული ფუნდამენტური პრინციპისა, რომლის მიხედვით - მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ ფუნდამენტური პრინციპის დარღვევით დაედო მსჯავრი ზ. მ-ას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მიერ - ასევე, მართლსაწინააღმდეგო ტარებაშიც, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

9. განხილული გარემოებების გამო, მტკიცებულებით ძალას ვერ შეიძენს ქ. ....., ..... ქუჩაზე, 2013 წლის 3 მაისს მომხდარი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ის მასრები, რომლებიც, მოცემულ საქმეზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2014 წლის 12 აგვისტოს ზ. მ-ას საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღით გასროლილი ვაზნებისგანაა დარჩენილი. ეგრეთ წოდებული „მოწამლული ხის ნაყოფის“ ცნობილი პრინციპის შესაბამისად, არაკანონიერად მოპოვებული და არასანდო მტკიცებულებისგან მიღებული სხვა ახალი მტკიცებულებაც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის, რადგან პირველადი წყაროს სამართლებრივი დეფექტი ასევე დეფექტურს ხდის მისგან ნაწარმოებ მტკიცებულებებსაც. ამიტომ 2013 წლის 3 მაისს მომხდარი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები, რომლებიც საფუძვლად დაედო ზ. მ-ას მსჯავრდებას ისეთ დანაშაულში, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 120-ე მუხლებითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, არ უნდა მიეღო ისეთ მტკიცებულებად, რომელიც ვარგისია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს დასკვნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ ზ. მ-ას მსჯავრდებას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ნაწილში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, არ გააჩნია კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ უპირობო მოთხოვნას წარმოადგენს სასამართლო განაჩენის მიმართ. სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში ზ. მ-ას ბრალეულობაზე მსჯელობისას და მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის საუარესოდ შებრუნებისას სათანადო ყურადღებისა და შეფასების გარეშე დატოვა ზემოაღნიშნული გარემოებები.

11. სააპელაციო პალატამ ზ. მ-ას მსჯავრი დასდო აგრეთვე ისეთი ქმედების ბრალეულად ჩადენაში, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 120-ე მუხლებით. საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ ზ. მ-ას ბრალი წაუყენა დაზარალებულ რ. მ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და დაზარალებულ გ. კ-ს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენაში ცეცხლსასროლი იარაღის - „მაკაროვის“ სისტემის, №....., ..... პისტოლეტით განხორციელებული გასროლებით, რომელსაც ის მართლსაწინააღმდეგოდ ფლობდა და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა შემთხვევის ადგილზე - ქ. ....., ..... ქუჩაზე მისი მონაწილეობით მომხდარი კონფლიქტის დროს.

12. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მათ თაობაზე საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და მათი მკაცრი ლოგიკური ანალიზის საფუძველზე აღნიშნულ ბრალდებასთან მიმართებით ჩამოაყალიბა მართებული და დასაბუთებული დასკვნა ამ ეპიზოდთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებაში ზ. მ-ას უდანაშაულობის თაობაზე. დასკვნაში სასამართლომ სავსებით სწორად მიუთითა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა და საქმეში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მომხდარი შემთხვევის დროს ზ. მ-ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა და ამ იარაღით გასროლების განხორციელება დაზარალებულთა მიმართ. საკასაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ეს ვერსია არ არის დადასტურებული თუნდაც ერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებით მაინც. მის საფუძვლიანობას ასევე არ ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მყოფი დაზარალებულებისა და მოწმე ნ. ლ-ს ჩვენებები, რომლებიც ვარაუდსაც კი არ გამოთქვამენ ამ ვერსიის სასარგებლოდ. დაზარალებულები ვერ მიუთითებენ, ვინ ისროლა მათი მისამართით, გამორიცხავენ მათ მიმართ ასეთი ქმედების ჩადენას ზ. მ-ას მიერ, შემთხვევის ადგილზე მისი ყოფნის მიუხედავად.

13. რაც შეეხება ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას შემთხვევის ადგილიდან ამოღებული რამდენიმე მასრის იმ ცეცხლსასროლი იარაღისადმი კუთვნილების შესახებ, რომელიც 2014 წლის 12 აგვისტოს ზ. მ-ას საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, ვერ გამოდგება დაზარალებულთა ჯანმრთელობის დასაზიანებლად მსჯავრდებულის მიერ მიზანმიმართული გასროლების დასასაბუთებლად შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც უკვე აღინიშნა, ზ. მ-ას საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით დაშვებული უხეში საპროცესო დარღვევების გამო, ცეცხლსასროლი იარაღი - „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი №….., ....., კარგავს კანონიერი მტკიცებულების მნიშვნელობას, ხოლო აქედან გამომდინარე - ის მასრებიც, რომლებიც ამ იარაღიდან არის გასროლილი. გარდა ამისა, ეს გარემოება რომც არ იქნეს მხედველობაში მიღებული, დათვალიერებისას ამოღებული მასრებით დადასტურებულია შემდეგი გარემოება: შემთხვევის ადგილზე გასროლები განხორციელებულია სამი სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღით, ამასთან, საერთოდ ვარაუდის დონეზეც კი, დაუდგენელია იმ მომენტში ვინ ფლობდა მათ, ვინ ისროდა ამ იარაღებით და რა მიზნით - დაზარალებულებზე თავდასხმის, თუ პირიქით –თავდაცვის მიზნით.

14. განხილული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა ზ. მ-ა მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. თუმცა, ამ სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისას ჯეროვანი შეფასება არ მისცა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ზ. მ-ას საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ჩატარებისას და მისი დაკანონების საკითხთან დაკავშირებით დაშვებულ უხეშ საპროცესო დარღვევებს, რაც შეუძლებელს ხდიდა ამ ჩხრეკით მოპოვებული ნივთმტკიცების - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის საქმეზე მტკიცებულებად დაშვებასა და ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის გამოყენებას.

15. ასეთ პირობებში ყოველგვარ დასაბუთებულ საფუძველსაა მოკლებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. მ-ას მსჯავრდების შესახებ, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით. იგივე უნდა ითქვას სააპელაციო სასამართლოს მიერ ზ. მ-ას მსჯავრდებაზე სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 120-ე მუხლებით, საამისოდ სათანადო მტკიცებულებითი ბაზის უქონლობის გამო. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მსჯავრდების ამ ნაწილთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, ძირითადად, ვარაუდებს ეყრდნობა, რასაც საფუძვლად არ უდევს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, ასეთის ფაქტობრივად არარსებობის გამო.

16. ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, არც სააპელაციო სასამართლომ მისცა ადეკვატური შეფასება ზემოხსენებულ ჩხრეკასა და ამ გზით მტკიცებულების მოპოვებასთან მიმართებით დაშვებულ უხეშ საპროცესო დარღვევებს და თავისი განაჩენით ისე შერაცხა ზ. მ-ას ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით მისთვის წარდგენილი ბრალი. რაც შეეხება იმავე განაჩენით ზ. მ-ას სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 120-ე მუხლებით მსჯავრდებას ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მცდელობაში, უნდა აღინიშნოს შემდეგი: სააპელაციო სასამართლო იძულებული იყო, ეღიარებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნის სისწორე იმის თაობაზე, რომ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის გამო ვერ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულებისათვის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებების მიყენება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ, კანონიერებისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, მტკიცებულებების არასანდოობისა და არასაკმარისობის პირობებში, რატომღაც მაინც მიიჩნია შესაძლებლად ზ. მ-ას ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 118-ე მუხლების პირველი ნაწილებიდან იმავე კოდექსის მე-19 და 120-ე მუხლებზე გადაკვალიფიცირება და მისთვის მსჯავრის დადება.

17. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ იმ მტკიცებულებებს შორის, რომლებსაც ის დაეყრდნო, ერთიც კი არ არის ისეთი, რომელიც იქნებოდა პირდაპირი და კანონიერი მტკიცებულება, დამადასტურებელი იმისა, რომ შემთხვევის ადგილზე ნამდვილად ზ. მ-ა ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულთა მისამართით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით. ამის გამოცაა, რომ სააპელაციო სასამართლო თავისი მსჯელობისას და ბრალის დასაბუთებისას უმეტესად ვარაუდების გამოთქმით შემოიფარგლება. მართალია, სასამართლო თავის მსჯელობაში უთითებს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად დადასტურებული ბრალის არსებობაზე, მაგრამ სინამდვილეში ის ძირითადი მტკიცებულებები, რომლებსაც ის ეყრდნობა ზ. მ-ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მცდელობის შერაცხვის ნაწილში და მისი ბრალის დასაბუთებისას, რეალურად ვერ ქმნიან ასეთ ერთობლიობას.

18. საქმე იმაშია, რომ ამ მტკიცებულებათა ნაწილი, ზემოთ მოხმობილ გარემოებათა გამო, კანონიერად ვერ იქნება მიჩნეული. მხედველობაშია გამამტყუნებელი განაჩენით ზ. მ-ის მიკუთვნებული ცეცხლსასროლი იარაღი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები, რომლებიც კავშირშია ამ იარაღთან. საპროცესო კანონის იმ მნიშვნელოვანი დარღვევების გამო, რომლებიც საფუძველს აცლის აღნიშნული მტკიცებულებების ლეგიტიმურობას, არ შეიძლება ისინი საფუძვლად დაედოს ზ. მ-ას მსჯავრდებას.

19. რაც შეეხება მოწმე ნ. ლ-ს ჩვენებას, რომლითაც დასტურდება მომხდარი შემთხვევის ადგილზე ზ. მ-ას ყოფნა, ის არ არის პირდაპირი მამტკიცებელი იმისა, რომ ნამდვილად ზ. მ-ა ისროდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ვინაიდან ამ მოწმეს ასეთი რამ არ უნახავს. დაზარალებულთა ჩვენებებით კი, რომლებიც გამორიცხავენ ზ. მ-ას მათზე შესაძლო თავდასხმას, საერთოდ გაუგებარი რჩება ამ უკანასკნელის როლი მოვლენათა განვითარებაში, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია არა ერთი, არამედ - სამი სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრები. სხვა სარწმუნო მტკიცებულებები, რომლებითაც შესაძლებელი იქნებოდა განხილულ ეპიზოდში ზ. მ-ას ბრალის დადასტურება იმაში, რომ სწორედ ის ახორციელებდა გასროლებს დაზარალებულთა ჯანმრთელობის დაზიანების, თანაც მხოლოდ მსუბუქი დაზიანების განზრახვით, საქმეში არ მოიპოვება. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზ. მ-ას მსჯავრდებისას არასწორად გამოიყენა მატერიალური სამართლის ნორმები (საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 120-ე მუხლები) მისი ქმედების კვალიფიკაციისათვის, რადგან საამისოდ არ არსებობდა ჯეროვანი საფუძველი.

20. ყველა ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, საკასაციო პალატა ზ. მ-ას მსჯავრდებას ვერ მიიჩნევს კანონიერად და დასაბუთებულად. ასეთი პოზიცია ეფუძნება, ერთი მხრივ, ზ. მ-ას ბრალდების საქმეში არსებული მასალების ობიექტურ, მიუკერძოებელ ანალიზსა და შეფასებას, ხოლო, მეორე მხრივ, კონსტიტუციური მნიშვნელობის ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპის დაცვის აუცილებლობას, რაზედაც საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებში, რათა არ მოხდეს ადამიანთა უსაფუძვლო მსჯავრდება. ამ შემთხვევაში საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, რომელშიც ხაზგასმითაა მითითებული პირის მსჯავრდებისათვის უტყუარი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობაზე, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს მის ბრალს დანაშაულის ჩადენაში, აგრეთვე იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ და ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდებაზე. გარდა ამისა, საგულისხმოა ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული პოზიცია, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. ამავე გადაწყვეტილების ლოგიკური ანალიზიდან გამომდინარე დასკვნის მიხედვით, პირის მსჯავრდება დაუშვებელია, როცა არ არსებობს დანაშაულში მისი მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა და, შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე.

21. საკასაციო პალატის საბოლოო დასკვნით, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა ბოლომდე და თანმიმდევრულად ვერ დაიცვეს აღნიშნული მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის, როგორც ადამიანის თავისუფლების ყველაზე დიდი გარანტის მოქმედების შეუქცევადობას. აღნიშნულმა გარემოებამ კი განაპირობა ზ. მ-ას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი მსჯავრდება, რითაც დაირღვა მისი უფლებები, გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენი უნდა გაუქმდეს, ხოლო ზ. მ-ა უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 120-ე მუხლებით, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი - მე-2 ნაწილების საფუძველზე შერაცხულ ბრალდებებში და იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. მ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. კ-სა და ა. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენი ზ. მ-ას მიმართ;

3. ზ. მ-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 19,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;

4. ზ. მ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

5. გამართლებულ ზ. მ-ას განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ (ნივთმტკიცების) ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი