დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №161აგ-16 თბილისი
დ-ი ქ., 161აგ-16 10 იანვარი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენით ქ. დ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 30 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ქ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ქ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 12 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 30 აგვისტოდან.
5. 2016 წლის 4 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ქ. დ-მ და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, ვინაიდან მას დანაშაული ჩადენილი აქვს 17 წლის ასაკში, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს კანონით დაწესებული შეღავათები.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ქ. დ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ქ. დ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და სასჯელის შემსუბუქება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ქ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. 2015 წლის 12 ივნისს მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 1 იანვრამდე, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს მოქმედი სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდებოდა ერთი მეოთხედით.
6. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, 16–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს სასჯელი ენიშნება იმავე პრინციპით. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.
7. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ. დ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის სანქციაც ითვალისწინებს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. მას მსჯავრად შერაცხული ქმედება ჩადენილი აქვს 17 წლის ასაკში და სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა (ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა 9 წლამდე). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადასასინჯი განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომის შეცვლის საფუძველი არ არსებობს, რადგან მსჯავრდებულ ქ. დ-თვის დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ აღემატება 12 წელს.
8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ქ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი