დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №112აგ-16 1 ნოემბერი, 2016 წელი
ხ. რ., 112აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 1 დეკემბრის განაჩენით რ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-17,105-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორებით კოლონიაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 11 თებერვლის განჩინებით დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 25 მარტის დადგენილებით მსჯავრდებულის ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 20 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999 წლის 25 მარტის დადგენილება დარჩა უცვლელად.
2016 წლის 28 მარტს მსჯავრდებულმა რ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში ფიგურანტი დაზარალებულის – გ. ხ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტებების, ასევე – მისი დაკითხვის ოქმების გამოკვლევა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა იმ საფუძვლით, რომ გ. ხ-მა გამოძიებასა და სასამართლოს არსებითად განსხვავებული ჩვენებები მისცა. მსჯავრდებულმა ასევე მოითხოვა გ. ხ-სათვის მიყენებული დაზიანების შემოწმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
კასატორი – მსჯავრდებული რ. ხ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლოს მტკიცებულებად უნდა ეცნო გ. ხ-ის ახსნა-განმარტება, რადგან მტკიცებულება არის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია; აღნიშნული ახსნა-განმარტება საქმის არსებითად განხილვის დროს სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მსჯავრდებული რ. ხ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განჩინების, თბილისის ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 1 დეკემბრის განაჩენისა და მას შემდეგ მიღებული ყველა სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმის დაბრუნებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში ხელახლა განსახილველად წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაშვებული ხარვეზებისა და სამართლებრივი შეცდომის გამოსწორების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:
განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ 1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გ. ხ-მა სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაშიც (ისევე, როგორც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე) გ. ხ. ადასტურებს, რომ დანით ჭრილობა მიაყენა მამამ - რ. ხ-მა. შესაბამისად, აღნიშნული ახსნა-განმარტება არც თავისთავად და არც სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად არ ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ რ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ რ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე