განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №282აპ-16 ქ. თბილისი
კ-ი ს. 282აპ-16 13 ოქტომბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - თამარ ხეთაგურის
მსჯავრდებულ - ს. კ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ს. კ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ს. კ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს დაემატა მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 22 აგვისტოდან.
3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები: კომპაქტდისკი უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით, ხოლო საგირავნო ხელშეკრულება, ს. კ-ს პირადობის მოწმობის ასლი და ოქროს ყელსაბამი უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
4. განაჩენით მსჯავრდებულ ს. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 მაისის განაჩენით ს. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით ს. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
6. ს. კ-მ 2015 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 10:15 საათზე, ქალაქ თბილისში, ….. ზემო ….. მიკრორაიონის …..კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ყ-ს აშკარად გასტაცა ოქროს ყელსაბამი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ს. კ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ი. ყ-ს მიადგა 720 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
7. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
8. მსჯავრდებული ს. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
9. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ს. კ-მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
10. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა თამარ ხეთაგურმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ს. კ-ს მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტი, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ, კერძოდ:
3. გარდა თავად ს. კ-ს აღიარებითი ჩვენებისა, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების – ა. მ-ს, თ. ბ-ს, გ. კ-ს ჩვენებებით, დაზარალებულ ი. ყ-ს ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებით, დათვალიერების ოქმებით, ნივთმტკიცებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ამოცნობის ოქმებით.
4. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლის მიერ ს. კ-ს ქმედების სამართლებრივ შეფასებას.
5. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება ს. კ-ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ვინაიდან მისი ქმედების ზემომითითებული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი პირობაა ის, რომ იგი ორჯერ ან მეტჯერ იყოს ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის. მოცემულ შემთხვევაში ს. კ-თვის აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების ბრალად შერაცხვა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რადგან იგი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის დისპოზიცია - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება არ ითვალისწინებს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას და გამოძალვას, შესაბამისად, იგი არ იძლევა ს. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების საფუძველს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს. კ-ს მსჯავრდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ს. კ-ს მსჯავრდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
4. ს. კ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ს. კ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას 2014 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2015 წლის 22 აგვისტოდან.
7. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი