დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №191აგ-16 17 მარტი, 2017 წელი
ფ-ა გ, 191აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ფ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულ გ. ფ-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 208–ე მუხლით და საქართველოს სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძევლზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა -2000 ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის განაჩენით გ. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი. სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ფ-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გია ფ-ასა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ფ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
5. 2016 წლის 24 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა გ. ფ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-ამ, რომლებმაც ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის განაჩენისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით: თბილისის საქალაქო სასამართლომ გ. ფ-ას საბოლოო სასჯელი განუსაზღვრა განაჩენთა ერთობლიობით, თუმცა როგორც დაცვის მხარისათვის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის 25 ივლისის წერილით გახდა ცნობილი, გ. ფ-ას მიმართ ბოლო განაჩენის დადგენის მომენტისათვის აღარ არსებობდა 2013 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 13 ნოემბრის №13/11/01 განკარგულებით იგი შეწყალებულ იქნა და მოეხსნა ნასამართლობა. შესაბამისად, აღარ არსებობდა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარის განმარტებით, გ. ფ-ას უნდა შეუმცირდეს სასჯელი და მას უნდა განესაზღვროს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმი, ვინაიდან სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სსკ–ის 58–ე მუხლით და შეუფარდა მინიმუმზე ერთი წლით მეტი სასჯელი, მაშინ, როცა დანაშაულის რეციდივი სახეზე არ იყო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: გ. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2014 წლის 16 ივლისიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. კასატორი – მსჯავრდებულ გ. ფ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. დ-ია ითხოვს მსჯავრდებულ გ. ფ-ასთვის საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის მინიმუმადე შემცირებას იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე არ არის დანაშაულის რეციდივი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ფ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრაზე მითითების ამორიცხვა კანონიერია.
3. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. ფ-ასთვის სასჯელის უცვლელად დატოვების თაობაზე, ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
5. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ფ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე