საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.06.2017
საქმის ნომერი
2კ-737აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№737აპ-16 ქ. თბილისი

ა-ი მ, 737აპ-16 5 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მაისის განაჩენით მ. ა-ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 24 თებერვლიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 23 თებერვალს ქ-ის მუნიციპალიტეტის დაბა ჩ-ში, მ-ის ქუჩა №..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს მ. ა-მა განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნების გამოყენებით ლ. ზ-ას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რის შედეგად ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ხ-ამ და ითხოვა მ. ა-ის გამართლება იმ მოტივით რომ საქმეზე მტკიცებულებები უაკანონოდ იქნა მოპოვებული. ალტერნატივის სახით, იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო პალატა მტკიცებულებებს არ მიიჩნევს კანონდარღვევით მოპოვებულად, ადვოკატი ითხოვს მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლზე იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ. ა-ის მიერ ლ. ზ-ას განზრახ მკვლელობა; მ. ა-ის ქმედება გამოიწვია ლ. ზ-ას მიერ მიყენებულმა მძიმე, ამორალური ხასიათის შეურაცხყოფამ.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ მ. ა-ისთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმე №424აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

9. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი, ხოლო მ. ა-ისთვის სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალად შერაცხული ქმედება უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული საკმარისი მტკიცებულებებით.

10. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად. პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატის მითითებას, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებები მოიპოვა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოწმეები ძალადაკარგული კოდექსით დაიკითხნენ და მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების დროს დაკითხვა წარიმართება ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაკითხვა ტარდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე