შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №121აპ-17 ქ. თბილისი
ბ-ი ე, 121აპ-17 4 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ე. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
2. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ანკესი ეკრანბადით, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
3. განაჩენით ე. ბ-ს მსჯავრი დაედო უკანონო თევზჭერაში, ე.ი აკრძალული იარაღით თევზჭერაში, ჩადენილი აკრძალულ დროს, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 17 ივნისს - აკრძალულ დროს, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის №423 დადგენილების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ქ. თ-ი, მდინარე მ-ს მარჯვენა სანაპიროზე, მდინარე მ-ი, ს-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. ბ-ი სახლართი ბადით - აკრძალული იარაღით ცდილობდა თევზჭერას, რაც გამოავლინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურმა.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებული ე. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ე. ბ-ს საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ე. ბ-ა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
3. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას მისთვის დანიშნული სასჯელის სიმკაცრის შესახებ და მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების - ე. ბ-ა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელიც გულწრფელად აღიარა და მოინანია, მის მიერ ჩადენილ ქმედებას რეალური ზიანი არ მოჰყოლია, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, სამართლიანი იქნება მისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ე. ბ-ს საქართველოს სსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა.
5. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ანკესი ეკრანბადით, რომელიც ინახება შსს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი