საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.07.2017
საქმის ნომერი
2კ-180აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №180აპ-17 ქ. თბილისი

გ-ო ა, 180აპ-17 17 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. ხ-ა და ი. ლ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განაჩენით ა. გ-ო ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 21 ნოემბრიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით -საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

განაჩენით ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ა. გ-მ უ-ს რესპუბლიკაში ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 9,8928 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისი“ და 22,3744 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, რაც კ-ი-თ-ს რეისით ქ.თ-ს აეროპორტის გავლით 2015 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ შემოიტანა ს-ი.

2015 წლის 21 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ს საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ა. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს 9,8928 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის ფისის“ შემცველი, მძაფრი, სპეციფიკური სუნის მქონე, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში გახვეული, ოთხკუთხა ფორმის მოყავისფრო ნივთიერების ბრიკეტი და 22,3744 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმას“ შემცველი, უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის მცირე ზომის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული, მოვარდისფრო-ნარინჯისფერი აბის ნატეხი და სამკუთხედის ფორმის, მოვარდისფრო-ნარინჯისფერი 186 ცალი აბი.

2. აპელანტის მოთხოვნა:

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ხ-მ და ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. გ-ს პირადი ჩხრეკა ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ: დაცვის მხარის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ა. გ-მ არ იცოდა სამართალწარმოების ენა და დაირღვა მისი უფლებები, ვინაიდან მას დაკავებისას არ ჰყავდა ადვოკატი, უსაფუძვლოა, რადგან მისი პირადი ჩხრეკისას (რასაც ესწრებოდა თარჯიმანი) ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება, რაც გახდა მისი დაკავების საფუძველი. დაკავების შემდეგ ა. გ-ს მიენიჭა ბრალდებულის სტატუსი. საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის საფუძველზე ბრალდებულს სავალდებულოა ჰყავდეს ადვოკატი, თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა. კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ პირი უნდა იყოს ბრალდებული, ანუ უნდა გააჩნდეს საპროცესო სტატუსი, რაც გახდება მისთვის ადვოკატის დანიშვნის საფუძველი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ა. გ-ს დაკავების დღესვე - 2015 წლის 21 ნოემბერს (მაშინვე, როგორც კი დაკავების შემდეგ ა. გ-მ შეიძინა ბრალდებულის სტატუსი) დეტექტივ-გამომძიებელ კ. ბ-ს მიმართვის საფუძველზე იურიდიული დახმარების სამსახურმა გამოყო ადვოკატი, რომელზეც გაიცა შესაბამისი ორდერი და რომელიც შემდეგ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის მითითება, რომ ბრალდებულს ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გადაეცა მისთვის გასაგებ ენაზე, რადგან მოწმეთა ჩვენებებიდან და თარჯიმან დ. კ-ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ ა. გ-ს პირადი ჩხრეკის დაწყებისთანავე და შემდგომ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედების დროს ჰყავდა თარჯიმანი, რომელიც მას უთარგმნიდა ნებისმიერ დოკუმენტს მისთვის გასაგებ ენაზე, რა დროსაც ბრალდებულს არც საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისა და შედეგების მიმართ, არც თავად თარჯიმნის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. ასევე, ბრალდებულმა ყველა საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტის სისწორე დაადასტურა შესაბამის ოქმებზე ხელმოწერით.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების ავთენტურობასა და პროცესუალურ დამაგრებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა. გ-ს პირადი ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და რაიმე კანონდარღვევა ჩხრეკის ჩატარებისას ან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვისას არ გამოვლენილა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დადგინდა ის გარემოება, რომ მათ ჩაატარეს ა. გ-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც დადგინდა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რაც მათ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით დალუქეს. როგორც ლუქზე, ასევე შესაბამის ოქმებზე თავად ა. გ-მ მოაწერა ხელი. აღნიშნულის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები დალუქული სახით წარედგინა ექსპერტიზის ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის ჩასატარებლად. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ამ ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნივთიერი მტკიცებულება ექსპერტიზის ჩასატარებლად წარედგინათ დალუქული სახით და პაკეტისა და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ა. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის ნარკოტიკულად აქტიური კომპონენტია ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ (მარიხუანა). შესაბამისად, მსჯავრდებულის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის (N592) გადაწყვეტილებას. სასამართლომ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის დანართში, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხაში ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და „კანაფის ფისი“ მითითებულია ცალ-ცალკე არსებულ ნარკოტიკულ ნივთიერებებად. ამასთან, გარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისისა, ა. გ-ს პირადი ჩხრეკისას ასევე ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა ა. გ-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანაში გამართლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე დაკითხული დ. ნ-ს, პ. ხ-ს და უ. ჯ-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ა. გ-ს ს-ი უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება. დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიება, რის გამოც მათ ს-ი შემოსვლისთანავე ვიზუალურ კონტროლზე აიყვანეს ა. გ-ო. მათივე ჩვენებებით დგინდება, რომ ს-ს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ ა. გ-ო არავის შეხვედრია, არავისთვის არაფერი გამოურთმევია და არაფერი უპოვია. ა. გ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2015 წლის 21 ნოემბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს და მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პაკეტი, მასში არსებული მოვარდისფრო, სამკუთხედის ფორმის, 186 აბი და 1 ცალი მცირე ნატეხი, ისიც მოვარდისფრო. მისი შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს პოლიეთილენის გამჭვირვალე პატარა პაკეტი მასში არსებული მოყვითალო გაურკვეველი მასით. მისი ხელჩანთიდან ამოიღეს პოლიეთილენის პარკში გახვეული მუქი ფერის გაურკვეველი მყარი ნივთიერება, რაც მან თ-ს აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შემოიტანა ს-ი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ა. გ-ს ჩვენება, რომ ნარკოტიკული საშუალება მან იპოვა ს-ს ტერიტორიაზე, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ აბათილებს საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ ა. გ-ს შეუფარდა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - შ. ხ-მ და ი. ლ-მ. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ა. გ-ს გამართლებას. კასატორების მოსაზრებით, გასაჩივრებული გაანჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; საქმეზე დარღვეულია როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე - საქართველოს სსსკ-ისა და საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნები.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული ა. გ-ო არის უდანაშაულო და უნდა გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებებში და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - გ. მ-ს, დ. ნ-ს, პ. ხ-ს, უ. ჯ-ს, კ. ბ-ს, გ. ბ-ს, დ. კ-ს, ა. დ-ს, ნ. ნ-ს, ნ. ყ-ს, მ. ღ-ს ჩვენებებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნარკოლოგიური გამოკვლევის 2015 წლის 21 ნოემბრის # დასკვნით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საზღვრის კვეთის დამადასტურებელი ამონაწერითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ა. გ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განაჩენი უცვლელად დატოვა.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად,[1] კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო.[2]

9. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულ ა. გ-ს შეუფარდა სამართლიანი სასჯელი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვა (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - შ. ხ-ა და ი. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34.

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43.