საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №130აპ-17 ქ. თბილისი
ი-ი ნ 130აპ-17 14 ივლისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ნ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
განაჩენით ნ. ი-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის დადგენილებით ნ. ი-ი ცნობილ იქნა საკ-ის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.
ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ნ. ი-ა კვლავ უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი”, რაც დაუდგინდა 2014 წლის 26 ივნისს ქ. რ-ი გამოკვლევის შედეგად.
2. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ და ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ნ. ი-ს მიერ ჩადენილ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, ესენია: მოწმეების - გ. ა-ს, ნ. ი-ს, დ. ჯ-ს, ზ. ვ-ს ჩვენებები, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის № ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა, რომლის თანახმად, ნ. ი-ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის” (მარიხუანის) მოხმარების ფაქტი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის №4-106-14 დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ, რომლის თანახმადაც, ნ. ი-ი ცნობილ იქნა საკ-ის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი, ასევე - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის უფროსის - ლ. ჩ-ს წერილი, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეები შეთანხმდნენ და სრულად დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ნ. ი-ა მოწმის სახით დაკითხვისას, ბრალდებულის სტატუსით დაკითხვისას და სასამართლო პროცესზე მოსამართლის კითხვაზე: ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ მის მიმართ წარდგენილ დანაშაულში, განმარტა, რომ ის არ ცნობდა თავს დამნაშავედ, ვინაიდან მას ნარკოტიკული საშუალება, რომელიც აღმოაჩნდა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, მოხმარებული ჰქონდა თ-ს რესპუბლიკაში, სადაც აღნიშნული ქმედება დასჯადი არ არის.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა როგორც მსჯავრდებულის პოზიცია, ისე მსჯავრდებულის ადვოკატის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ი-ა 2014 წლის ივნისში თ-ს ტერიტორიაზე ჩაიდინა ისეთი ქმედება, რაც საქართველოს სსკ-ის თანახმად, არ წარმოადგენს დანაშაულს, ვინაიდან ნ. ი-ი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დროს თ-ს რესპუბლიკაში არ ყოფილა ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ნასამართლევი პირი, რადგან 2014 წლის 6 თებერვალს ნ. ი-ს ადმინისტრაციული სახდელი დაედო ს-ი, რაც ვრცელდება მხოლოდ ს-ს ტერიტორიაზე. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილით პასუხისმგებლობა დაწესებულია იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთის ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამასთან, ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს, გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ამ დანაშაულის საგანია ნარკოტიკული ნივთიერება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოვლენილია ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო მოხმარებაში ამ ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლებმაც საზღვარგარეთ ჩაიდინეს ამ კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ის ჩადენილია, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ კოდექსით. საქმეში არსებული, თ-ს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის 2016 წლის 23 აგვისტოს მომართვის მიხედვით, ,,ოპიუმი“ და ,,მარიხუანა“ თ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობით განეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას და მისი უნებართვოდ მოხმარებ, თ-ს სსკ-ის 191 მუხლის თანახმად, ითვლება დანაშაულად. ამგვარი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სამართალწარმოების დაწყება გადაიდება 5 წლით. თუ 5 წლის განმავლობაში პირი განმეორებით ჩაიდენს იმავე დანაშაულს, მის მიმართ 2-დან 5 წლამდე პატიმრობის მოთხოვნით დაიწყება სასამართლო მოსმენა. შესაბამისად, ნ. ი-ს მიერ ჩადენილი ქმედება თ-ს რესპუბლიკაშიც დასჯადია.
საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, საქართველო თავის სისხლის სამართლის იურისდიქციას ახორციელებს ნებისმიერი იმ დასჯადი ქმედების მიმართ, რომელიც საკუთარმა მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა ჩაიდენა საზღვარგარეთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ საქართველოს მოქალაქემ უცხოეთში ჩაიდინა დანაშაული, ხოლო ამის შემდეგ იგი საქართველოში დაბრუნდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და სისხლის სამართლის კოდექსის მე-6 მუხლებიდან გამომდინარე, საქართველო არ გადასცემს ამ პირს უცხო სახელმწიფოს და მის მიმართ სისხლისსამართლებრივ იურისდიქციას თვითონ წარმართავს.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-მ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ნ. ი-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ გამოვლინდა გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. №32აპ-17) და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი შემოტანილია იმავე მოტივებით, რითაც მხარემ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხი საჩივარს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
8. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და რადგან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი