საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.07.2017
საქმის ნომერი
2კ-25აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№25აპ-17 ქ. თბილისი

ბ-ი ხ., 25აპ-17 7 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის განაჩენით ხ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, სსკ–ის 373–ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა – 2000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. ბ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 15 დეკემბრიდან.

2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში, კერძოდ: მსჯავრდებულ ხ. ბ-ს 1 წლით შეუმსუბუქდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. ბ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის 15 დეკემბერს, დახლოებით 15:30 საათზე, თ-ში, -ას გამზირის მე–.. კვარტლის №.. კორპუსში მდებარე ბინა №..–ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ხ. ბ-მა მოკვლის განზრახვით პ. ხ-ას მარცხენა თეძოს ფრთის ზემოთ, მუცლის გვერდით, დანით მიაყენა ჭრილობა, რომლის შედეგადაც პ. ხ-ა ადგილზე გარდაიცვალა.

2015 წლის 13 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის №.... საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ხ. ბ-მა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე 2014 წლის 8 მარტს მისი ავტომანქანის ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოუწერია და ხელმოწერა იყო გაყალბებული, რითაც ჩაიდინა დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ. ბუ-მა და ითხოვა მისი ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილზე, ვინაიდან მას არ სურდა პ. ხ-ას მოკვლა. ხ. ბ-ი განაჩენს სადავოდ არ ხდის სსკ–ის 373–ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ხ. ბ-ისთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. საქმე №424აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

9. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ხ. ბ-ის ქცევა როგორც დანაშაულის ჩადენამდე, ისე მის შემდგომ მიუთითებს სწორედ პ. ხ-ას მოკვლის განზრახვაზე, რის გამოც ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მოგონილია პასუხისმგებლობის შემსუბუქების მიზნით.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ხ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე