საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.07.2017
საქმის ნომერი
2კ-87აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№87აპ-17 ქ. თბილისი

მ-ი გ., 87აპ-17 3 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თეა კუტალაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის განაჩენით გ. მ-ი, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის დაუნიშნავად. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გ. მ-ს მოსახდელად განესაზღვრა წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 8 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ. მ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 დღით. გ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი: 2015 წლის 30 სექტემბრიდან იმავე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით - 8 დღე. გაუქმდა ბრალდებულ გ. მ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 5 000 ლარის ნაცვლად შესატან, გ. მ-ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: -ში, ჭ-ის ქუჩა, კორპუსი …, ბინა .., ფართი .. კვ.მ., საკადასტრო კოდით ……) დადებული ყადაღა. ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, გ. მ-ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. გ. მ-ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე - 2016 წლის 28 ნოემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

გ. მ-მა გამოძიებით დაუდგებელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რასაც 2015 წლის 30 სექტემბრამდე ასევე უკანონოდ ინახავდა. 2015 წლის 30 სექტემბერს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს N2 განყოფილების თანამშრომლებმა გ. მ-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს მცენარეული მასა, რაც 2015 წლის 1 ოქტომბრის ქიმიური ექსპერტიზის N… დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას,“ წონით 6.09 გრამს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ გ. მ-ი წარსულში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანიშნული სასჯელი - 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა სრულად ჩაეთვალა პირობით, მას განაჩენის გამოტანიდან ერთ თვეში ახალი, განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა ბრალი. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარეს არ მოუთხოვია სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობით. დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ მოითხოვა სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც თავისთავად გულისხმობდა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის მოთხოვნასაც.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ზომას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, კერძოდ, გაითვალისწინა ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახული დანაშაულის ჩადენის რისკი და არასრულწლოვნის სათანადო განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის რეკომენდებული ღონისძიებები, ამასთანავე, შეაფასა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება აგრეთვე სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებსა და პრინციპებს, კერძოდ, ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლს, მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის N10 ზოგადი კომენტარის მე-10 პუნქტსა და ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს N14 ზოგადი კომენტარის 28-ე პუნქტს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ თეა კუტალაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე