საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.09.2017
საქმის ნომერი
2კ-221აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№221აპ-17 ქ. თბილისი

ვ-ი ო, 221აპ-17 22 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. ვ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ო. ვ-ი, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 9 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა (4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი ჰქონდა პირობით) და საბოლოოდ ო. ვ-ს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 12 წლითა და 7 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 8 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ (სასჯელაღსრულების) დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი და 6 თვე. ო. ვ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2016 წლის 12 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 15 ოქტომრიდან იმავე წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს, რ-ში, ბ-ის ქუჩის N-ში მდებარე რუსთავის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ, პენიტენციური დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში გადასაყვანი მსჯავრდებული ო. ვ-ი გაიქცა სასამართლოს ეზოდან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ო. ვ-ის მიმართ სასჯელის ზომის შემცირებასა და მინიმალური სასჯელის შეფარდებას შემდეგი მოივებით: ო. ვ-მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადა; ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, დაიზოგა მართლმსაჯულებისათვის გონივრული დრო; წლების განმავლობაში ციხეში ყოფნის შემთხვევაში იარსებებს მისი ახლად შექმნილი ოჯახის დანგრევის რისკიც. ამდენად, დაცვის მხარე სამართლიანი სასჯელის შეფარდებას ითხოვს.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ზომას და სადავოდ არ ხდის მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა (განაჩენთა ერთობლიობა, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც მსჯავრდებულ ო. ვ-ის მიერ ჩადენილი ქმედების სახე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ისე მისი ინდივიდუალური მახასიათებლები. ამასთან, შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს.

8. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. ვ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე