საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№203აპ-17 ქ. თბილისი
ზ-ე ი, 203აპ-17 19 სექტემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ი. ზ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე კოდექსის 368-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
ი. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, ი. ზ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი. ი. ზ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნა ბ-ის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 ივლისის N12-112/15 განჩინებით დაყადაღებულ, რ. მ-ის (პ/ნ --) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ბ-ში, მ-ის ქუჩის N-ში, ფართი - 1 კვ.მ., ზონა ბათუმი - , სექტორი - , კვარტალი - , ნაკვეთი - , კოდი - , დაზუსტებული ფართობი - -- კვ.მ., საკადასტრო კოდი --) – 4 000 ლარის ღირებულების წილს.
2. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება. ი. ზ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ი. ზ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქცია). ი. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 368-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 2 000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 დეკემბრის რედაქცია) - ჯარიმა 4 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით ი. ზ-ეს განესაზღვრა ჯარიმა - 4 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, ი. ზ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 ლარი.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი დანაშაულების ჩადენა:
2015 წლის 30 ივნისს, ი. ზ-ემ ბ-ში, ტ. ა-ის ქუჩის N11-ში მდებარე საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის ა/რ-ის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების ჯგუფის სამუშაო კაბინეტში, სისხლის სამართლის N-- საქმეზე დანიშნული ნარკოლოგიური კვლევისას, ექსპერტის - ექიმ-ნარკოლოგ ა. თ-ისა და ი. თ-ის მიერ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევის მიმდინარეობისას, ი. ზ-ემ ხელის დარტყმით გაანადგურა ბიოლოგიური მასალა, რის გამოც საექსპერტო კვლევა ვერ ჩატარდა.
2015 წლის 29 ივნისს, ი. ზ-ემ, ბ-ში, კ-ის ქუჩის N-ში არსებული კორპუსის მიმდებარედ, სახესა და ხელზე დარტყმით ჯ. ს-ას მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი მოშლის გარეშე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ი. ზ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 368-ე მუხლითა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის (რომელიც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდასთან) შეფარდებას იმ მოტივით, რომ სრულად დასტურდება ი. ზ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 368-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. რაც შეეხება სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლ ნაწილს, დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს 2015 წლის 14 ივლისს, ი. ზ-ის მიერ მინის ჩამსხვრევის დროს, როგორ მიმართავდა დ. დ-ე, ბრალდებულს, თუ რატომ დაამსხვრია მინა. მოწმეთა ჩვენებებით ასევე ზუსტად განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. მტკიცებულებათა შეფასებითა და მასში გადმოცემული ინფორმაციის ლოგიკური და თანმიმდევრული ანალიზით, ცალსახად დგინდება, რომ დანაშაული ჩაიდინა მხოლოდ ი. ზ-ემ და სხვა პირის მხრიდან აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გამოირიცხება, ვინაიდან საპირისპიროს არც ერთი ფაქტობრივი გარემოება არ მიუთითებს. ამასთან, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი. ზ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულით გამოწვეული ზიანი შეადგენს - 287.52 ლარს.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარის მითითება, რომ ი. ზ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ მტკიცებულებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც მიიჩნია, რომ ი. ზ-ის მიერ ქვის სროლა სასურსათო მაღაზიის მიმართულებით უტყუარად ვერ დასტურდებოდა.
9. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 368-ე მუხლებით შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა (დანაშაულთა ერთობლიობით) შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ სასჯელის დანიშვნის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე