დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.09.2017
საქმის ნომერი
2კ-12-I-17
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.09.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №121-17 ქ. თბილისი

ც-ე ე, 121-17 19 სექტემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე,პაატა სილაგაძე

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის მე-4 ნაწილის (პრეიუდიციები) საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 21 თებერვლისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენების კანონიერება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 21 თებერვლის განაჩენით დ. ს-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის (1960 წლის რედაქცია) 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით, 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით და მიესაჯა:

სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით; სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით; სსკ-ის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს პარლამენტის 1995 წლის ამნისტიის აქტის საფუძველზე დ. ს-ა გათავისუფლდა სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით შეფარდებული სასჯელებისგან.

სქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მსუბუქი და საბოლოოდ დ. ს-ას მოსახდელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა აეთვალა 1993 წლის 9 თებერვლიდან.

2. დ. ს-ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ქ. -ში მცხოვრებმა დ. ს-ამ 1993 წლის ნოემბერში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - „აკმ–ის“ სისტემის №302435 ავტომატი და მისი ვაზნები, რომლებსაც იგი უკანონოდ ატარებდა და ასევე უკანონოდ ინახავდა თავის ოჯახში.

1993 წლის თებერვალში მან შეიტყო, რომ ქ. -ში, მ-ის ქუჩის მეორე შესახვევის №..–ში მცხოვრებ ვ. მ-ს ოჯახს ჰქონდა ფული და ძვირფასეულობა. 7 თებერვალს, დაახლოებით 5 საათზე, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ქ. -ში მცხოვრებ ნაცნობებს - ე. ციმაკურიძესა და თ. ლ-ას, რომლებიც მიიყვანა თავის სახლში და ურთიერთმოლაპარაკებისა და შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტეს, ყაჩაღურად დასხმოდნენ თავს ვ. მ-ს ოჯახს, მისი პირადი ქონების, ფულისა და სხვა ძვირფასი ნივთების გასატაცებლად. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ისინი შეიარაღდნენ, კერძოდ, დ. ს-ა შეიარაღდა ავტომატითა და ვაზნებით, ხოლო ე. ც-ე და თ. ლ-ა -სანადირო თოფებით. დაახლოებით 6 საათზე ისინი ვაზ–21011 №–... ავტომანქანით, რომელსაც მართავდა თ. ლ-ა, წავიდნენ მ-ის ქუჩაზე, ავტომანქანა გააჩერეს ვ. მ-ს სახლიდან 600 მეტრის დაშორებით და ღობეზე გადასვლის შემდეგ შეიარაღებულნი შევიდნენ მის ეზოში.

ვ. მ-მ, რომელსაც ეძინა სახლის მეორე სართულის უკანა ოთახში, გაიგო ხმაური და შეიტყო ბოროტმოქმედთა მის ეზოში შემოსვლა. იგი ადგა, ჩაიცვა, შეიარაღდა ორლულიანი სანადირო თოფით და გამოვიდა გარეთ. როცა გავიდა ჩასასვლელ კიბეზე და შენიშნა შეიარაღებული პირები - დ. ს-ა, ე. ც-ე და თ. ლ-ა, მიხვდა, რომ მის ოჯახზე აწყობდნენ ყაჩაღურ თავდასხმას და თავისი და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ღირსებისა და კანონიერი უფლებების, პირადი ქონების დაცვის მიზნით ესროლა მათ სანადირო თოფიდან. ტყვია მოხვდა დ. ს-ს მარცხენა ფეხის მიდამოში და მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. დაჭრილმა დ. ს-მ ანგარებისა და მის მიერ უკვე ჩადენილი დანაშაულის - ყაჩაღობის დაფარვის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ესროლა მას ავტომატიდან რამდენიმე ტყვია, რომლებიც ვ. მ-ს მოხვდა მუცლის არეში და მიაყენა სასიკვდილო დაზიანება, რისგანაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დ. ს-სთან ერთად, ერთდროულად, ვ. მ-ს განზრახ მოკვლის მიზნით, თოფებიდან ტყვიები ესროლეს ე. ც-მ და თ. ლ-მ. ავტომატიდან გასროლილმა ტყვიებმა შეაღწიეს მუცლის ღრუში და დააზიანეს აორტა, წვრილი და მსხვილი ნაწლავები, ჯორჯალი, დიდი და მცირე ბადექონი. მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია შინაგანი სისხლდენა და შინაგან ორგანოებში მწვავე სისხლნაკლებობა, რის გამოც ვ. მ-ა გარდაიცვალა. სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვიები–საფანტი ვ. მ-ს მოხვდა მუცლის არეში და გამოიწვია მუცლის ღრუში შეღწევის გარეშე გარეთა ზედაპირის დაზიანება.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ დ. ს-ა, ე. ც-ე და თ. ლ-ა გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან და მიიმალნენ. იმავე დღეს ე. ც-მ და თ. ლ-მ დაჭრილი დ. ს-ა მიიყვანეს ზ-ის რაიონის სოფელ -ში მცხოვრები ნათესავის - პ. ხ-ას ოჯახში, იქიდან კი - ზ-ის რაიონის სოფელ -ში, ლ. მ-ს ოჯახში, სადაც გაუწიეს დახმარება. 8 თებერვალს იგი გადაიყვანეს ზ-ის რაიონის სოფელ -ში, ჟ. ფ-ას ოჯახში. რამდენიმე საათის შემდეგ დ. ს-ას დედის - თ. ს-ას თხოვნით ზ-ის რაიონის სოფელ -ის მცხოვრებმა რ. ფ-მ იგი ჟ. ფ-ას ოჯახიდან წაიყვანა თავის სახლში და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ის გარემოება, რომ მას ჩადენილი ჰქონდა მძიმე დანაშაული - ვ. მ-ს განზრახ მკვლელობა, გადამალა თავის ოჯახში და მისცა თავშესაფარი. 9 თებერვალს, დაახლოებით 1 საათზე, მის ოჯახში მივიდნენ პოლიციის მუშაკები დ. ს-ას დასაკავებლად, მაგრამ რ. ფ-მ არ გაუმხილა მათ დ. ს-ას იქ ყოფნა. პოლიციის მუშაკებმა შეამოწმეს და დ. ს-ა იპოვეს ტანსაცმლის საკიდთან დამალული, დააკავეს და წარმოადგინეს პოლიციის სამმართველოში.

3. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ე. ც-ეს ბრალი დაედო წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფთან ერთად სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებით ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

1993 წლის 7 თებერვალს ე. ც-მ პირთა ჯგუფთან - დ. ს-სა და თ. ლ-სთან ერთად წინასწარი შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა, ყაჩაღურად თავს დასხმოდა ქ. -ში, მ-ის ქუჩის მეორე შესახვევის №–ში მცხოვრებ ვ. მ-ას ოჯახს, მისი პირადი ქონების დაუფლების მიზნით. ისინი შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო თოფით და დაახლოებით 6 საათზე შევიდნენ ვ. მ-ას საცხოვრებელი სახლის ეზოში. ვ. მ-ამ გაიგო ეზოში უცხო პირთა შემოსვლა და სანადირო თოფით შეიარაღებული გამოვიდა სახლიდან, დაინახა ეზოში შემოსული შეიარაღებული პირები, იგრძნო აშკარა საშიშროება და სანადირო თოფიდან ესროლა მათ. ერთ–ერთ ბოროტმოქმედს, დ. ს-ას, მიაყენა სხეულის დაზიანება. საპასუხოდ სანადირო თოფიდან გასროლით ვ. მ-ას მიაყენეს სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო დ. ს-ამ ესროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც ვ. მ-მ მიიღო სიცოცხლისათვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება და ადგილზე გარდაიცვალა. ე. ც-ე, დ. ს-ა და თ. ლ-ა კი მიიმალნენ.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ც-ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152–ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით (1998 წლის რედაქცია).

5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით ე. ც-ე საქართველოს სსკ–ის 152–ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენის მიხედვით (რომელიც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით), სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 21 თებერვლის განაჩენით დადგენილი ფაქტი, რომ დ. ს-ამ ე. ც-სთნ ერთად ჩაიდინა ვ. მ-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ნატრული აკობიამ სისხლის სამართლის საქმეები გამართლებულ ე. ც-ისა და მსჯავრდებულ დ. ს-ას მიმართ, განაჩენების კანონიერების შემოწმების მიზნით, გადმოაგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენი გამართლებულ ე. ც-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 21 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 21 თებერვლის განაჩენით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ. ს-მ ე. ც-სთან ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა, შემდეგი მოტივით, რომ ე. ც-ის ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა. მხოლოდ მოწმეთა ირიბი ჩვენებები, რომ მათ შეიტყვეს, რომ ვ. მ-ს ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა ე. ც-ე და ასევე, მოწმე ც. გ-ის ჩვენება, რომ მის სახლში მისულ დაჭრილ დ. ს-ას ახლდა ე. ც-ე, სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე. ც-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, რასაც საკასაციო პალატაც დაეთანხმა და დაუშვებლად ცნო პროკურორის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენზე.

3. საკასაციო პალატა ეთანხმება ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 21 თებერვლის განაჩენის მოტივაციას, რომ დ. ს-ას მიერ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის 1-ლი პუნქტით, 104-ე მუხლის 1-ლი და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა დადასტურდა ერთმანეთთან შეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მათ შორის, მოწმეების - ც. გ-ას, გ. შ-ას, ც. გ-ის, მ. ბ-ას, ა. მ-სა და შ. მ-ას ჩვენებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და ხელნაწერის გამოკვლევის ექპერტიზის დასკვნით.

4. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით ვერ დადგინდა ე. ც-ის მონაწილეობა ვ. მ-ას ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 21 თებერვლის განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ყაჩაღურ თავდასხმაში ე. ც-ის მონაწილეობის შესახებ, რაც გავლენას არ ახდენს დ. ს-ას ქმედების კვალიფიკაციაზე, ვინაიდან პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენით უარყოფილი არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. მ-ას ოჯახს პირთა ჯგუფი დაესხა თავს ყაჩაღურად. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო მიიჩნია, რომ არ იყო დადასტურებული მასში (ყაჩაღობაში) ე. ც-ის მონაწილეობა და მეორეც, ის ფაქტი, რომ დ. ს-ამ ყაჩაღური თავდასხმა პირთა ჯგუფთან ერთად ჩაიდინა, დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებებით, მათ შორის - ა. მ-სა და შ. მ-ას ჩვენებებით, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ გადიოდა მათი ეზოდან სამი შეიარაღებული პირი.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განაჩენი გამართლებულ ე. ც-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 21 თებერვლის განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ყაჩაღურ თავდასხმაში ე. ც-ის მონაწილეობის შესახებ; დანარჩენ ნაწილში - მათ შორის დ. ს-ას ქმედების კვალიფიკაციისა და დანიშნული სასჯელის ნაწილში - განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 113-ე, 561-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი) და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ე. ც-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 21 თებერვლის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ყაჩაღობაში ე. ც-ის მონაწილეობის შესახებ.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე