საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.10.2017
საქმის ნომერი
2კ-310აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№310აპ-17 ქ. თბილისი

ფ. ა-ლ, 310აპ-17 30 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძისა და მსჯავრდებულ ა. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ა. ფ., - - ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ა. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 261–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ა. ფ-ეს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 16 მაისიდან.

ა. ფ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობის ან წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 187–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 261–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ა. ფ-ეს სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 16 მაისიდან.

ა. ფ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობის ან წარმომადგენლობის უფლებები.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ფ-ემ ჩაიდინა: განზრახ მკვლელობა; პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება; სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ა. ფ-ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტი და საბრძოლო მასალა, რასაც 2016 წლის 14 მაისს უკანონოდ ატარებდა ქალაქ ბ-ში.

ა. ფ-ემ 2016 წლის 14 მაისს, დაახლოებით 19.00 საათზე, ქ. ბ-ში, მ-ის ქუჩაზე, №- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ --- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანაში, საჭესთან მჯდომ ი. ა-ეს, ადრე არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის -მუცლის არეში, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად ი. ა. გარდაიცვალა.

ა. ფ-ემ 2016 წლის 14 მაისს, დაახლოებით 19.00 საათზე, ქალაქ ბ-ში, მ-ის ქუჩაზე, №- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ა-ის განზრახ მკვლელობის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთჯერადი გასროლით დააზიანა ამ უკანასკნელის კუთვნილი ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ 200“ მოდელის --- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა, რამაც გამოიწვია 1750 ლარის მნიშვენლოვნაი ზიანი.

ა. ფ. 2016 წლის 15 მაისს ბრალდებულის სახით მიეცა პასუხისგებაში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისა და ი. ა-ის განზრახ მკვლელობისათვის. ა. ფ. თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო - პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბ-ის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების - ზ. ა-სა და გ. ბ-სათვის, რომლებიც 2016 წლის 16 მაისის ღამეს, დაახლოებით 03.40 საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, ავტომანქანით, რომელსაც ზ. ა. მართავდა, გადაადგილდებოდნენ ქ. ბ-ში, ზ. გ-ის ქუჩის №-–ში მდებარე -- მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნეს ქვეითი ა. ფ. და გადაწყვიტეს მისი ბრალდებულის სახით დაკავება. ამ მიზნით გ. ბ. გადმოვიდა ავტომანქანიდან და ა. ფ-ეს უთხრა, რომ იყო პოლიციის მუშაკი და მოუწოდა შეჩერებულიყო, მაგრამ ა. ფ. შეეცადა გაქცევას და შევიდა იქვე მდებარე საშაურმეში, სადაც გ. ბ-ემ შეძლო მისი დაკავება და დაკავების მიზეზების განმარტება. ამავდროულად დასახმარებლად მივიდა თანმხლები პოლიციის მუშაკი ზ. ა-ც. ა. ფ-ემ დაკავებისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის, ასევე პირადი ჩხრეკის ჩატარებისგან თავის არიდების მიზნით, გაუწია აქტიური ფიზიკური წინააღმდეგობა, რის საპასუხოდ მას კანონიერი მოთხოვნის შესრულება, წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტა და დამორჩილება მოსთხოვეს, მაგრამ ა. ფ-ემ პოლიციის მუშაკების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, აშკარა უკანონო ქმედებისათვის მათი იძულებით, გ. ბ-ესა და ზ. ა-ეს ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაუწია წინააღმდეგობა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციის მუშაკებმა ა. ფ. დააკავეს ბრალდებულის სახით.

ა. ფ. უკანონოდ ინახავდა უკანონოდ შეძენილ 0,26 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერება დიაზეპამს, რაც 2016 წლის 16 მაისს ქ. ბ-ში, გ-ის ქუჩის №-–ში მდებარე --- შენობაში, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვა ა. ფ-თვის სასჯელის გამკაცრება, მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით.

ა. ფ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ფ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. ფ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივებით, რომ ე.წ. თვითმხილველი მოწმის - მ. ქ-ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი გამოირიცხა სხვა მოწმეების ჩვენებებით; ასევე, მ. ქ-ის ჩვენების თანახმად, სროლის მანძილი უნდა იყოს ან მიბჯენა, ან მინიმუმ - ახლო მანძილი, რასაც გამორიცხავს ექსპერტიზა; დაზარალებულის უფლებამონაცვლე ბ. ჭ. ა. ფ-ეს 2010 წლიდან მტრად მიიჩნევდა და სწორედ ამიტომ ამხელდა დანაშაულის ჩადენაში, სინამდვილეში მას ფ. არ დაუნახავს შემთხვევის ადგილას; მოწმე ქ. გ-ემ ჩვენების მიცემისას აღიარა, რომ მას არ შეუძლია გადმოსცეს, რა დაინახა; ა. ფ-ის ტანსაცმელზე არ არის აღმოჩენილი გარდაცვლილის სისხლი, არსად არ არის აღმოჩენილი მისი დნმ და ვერ ნახეს აგრეთვე დენთის კვალი; კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ პირს, რომელიც იარაღს იღებდა და შემდეგ ისროდა, შეუძლებელია იმაზე ეფიქრა და სურვილი ჰქონოდა, განზრახ დაეზიანებინა ი. ა-ის ავტომანქანა; რაც შეეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, ის რომ ჯიბეში ჰქონოდა ა.ფ-ეს თავისუფლად მოიშორებდა, როცა პოლიციის თანამშრომლები დაინახა და შევარდა საშაურმეში; პოლიციელების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებით არ დასტურდება ასევე ა. ფ-ის მიერ მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი; კასატორის მოსაზრებით, ა.ფ-ის ნასამართლევად მიჩნევა და მისთვის სასჯელის ნაწილობრივი შეკრების პრინციპით დანიშვნა ასევე უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა მისი ნასამართლობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები; დაცვის მხარის მოსაზრებით, ა. ფ-თვის განსაზღვრული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა - მეტისმეტად მკაცრია.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

7. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.

8. პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

9. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომელზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება.

10. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, რომ ა. ფ-ის დამკავებელი პოლიციელების ჩვენებები არსებითად წინააღმდეგობრივია და არ უნდა იქნეს გაზიარებული, პალატა მიუთითებს, რომ რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა გ. ბ-სა და ზ. ა-ის ჩვენებებში, რაც მათ უტყუარობაში ეჭვს გააჩენდა, არ იკვეთება. ამასთანავე, პოლიცილების ჩვენებები თანმიმდევრულია და შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებსა და ა. ფ-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს.

11. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება ა. ფ-ის ნასამართლობის საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ: პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ა. ფ-ის ნასამართლობის ცნობა და გამამტყუნებელი განაჩენი, რაც საკმარის საფუძველს იძლეოდა მისი ნასამართლევად მიჩნევისათვის.

12. რაც შეეხება ა. ფ-სთვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი არც შემსუბუქება და არც გამკაცრება.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძისა და მსჯავრდებულ ა. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე