საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.10.2017
საქმის ნომერი
2კ-314აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№314აპ-17 ქ. თბილისი

ქ-ი რ, 314აპ-17 27 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენით რ. ქ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 28 მაისიდან.

2. ამავე განაჩენით ნ. გ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე და 76-ე მუხლების თანახმად, მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 28 მაისიდან იმავე წლის 30 მაისის ჩათვლით. გაუქმდა ნ. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა მის შემტანს.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ქ-მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რასაც, შესაძლოა, გამოეწვია დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი და რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2016 წლის 28 მაისს, დაახლოებით 04:00 საათზე, თ-ში, ა-ის ქ. №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე რ. ქ-მა და ნ. გ-მა დააზიანეს სს ,,-ის“ ბანკომატი, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ცდილობდნენ დაუფლებოდნენ სს „ -ის“ კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას. ამ დროს ისინი შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა. რ. ქ-მა და ნ. გ-მა სცადეს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა, თუმცა ისინი დააკავეს პოლიციელებმა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში სს „ -ს“ შესაძლოა, მისდგომოდა 82027,59 ლარის მატერიალური ზიანი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ი. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით რ. ქ-ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას შემდეგი მოტივებით: რ. ქ-ი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; იგი პოლიციელებმა დააკავეს შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, რადგან მას შემდეგ, რაც ვერ გახსნა ბანკომატი, რ. ქ-მა ნ. გ-თან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი; რ. ქ-ს წინასასამართლო სხდომაზე არ ჰყავდა ადვოკატი, სწორედ ამიტომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის – პოლიციელების ჩვენებები) რ. ქ-მა სადავოდ არ გახადა.

7. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი თამარ იაკობიძე შესაგებლით ითხოვს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის სამართლიანობის ნაწილში. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მითითება, რომ წინასასამართლო სხდომაზე რ. ქ-ს არ ჰყავდა ადვოკატი, რამაც გამოიწვია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობა. საქმის მასალებში, კერძოდ, ტ. 1-ლი, ს.ფ. 229-ზე მოთავსებულია ადვოკატ ნ. ი-ის ორდერი, რომელიც, როგორც სხდომის ოქმიდან ირკვევა, მონაწილეობდა წინასასამართლო სხდომაში და იცავდა ბრალდებულ რ. ქ-ის ინტერესებს. გარდა ამისა, გამოძიების პროცესში გამოიკითხნენ პოლიციელები – გ. რ-ე და ლ. ხ-ი, რომლებმაც დააკავეს რ. ქ-ი და ნ. გ-ი; მათ აჩვენეს, რომ დაინახეს, როგორ ცდილობდა ორი პირი სს „ -ის“ ბანკომატის გატეხვას, ხოლო მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს პოლიციელები, გაიქცნენ; ბოროტმოქმედების დაკავება მოხერხდა კ-ის ქუჩის №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაცვის მხარემ პოლიციელთა გამოკითხვის ოქმები, მათ შორის – ბრალდებულების დაკავების გარემოება – სადავოდ არ გახადა. აღნიშნული კი გამორიცხავს რ. ქ-ისათვის სასჯელის შეფარდებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, რადგან დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლისათვის აუცილებელი პირობაა, რომ ბრალდებული აღიარებდეს დანაშაულს და პირი არ უნდა იყოს წასწრებული დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე.

10. რ. ქ-ისათვის ქურდობის მცდელობისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. მსჯავრდებულის პიროვნება შეფასდა ინდივიდუალურად და შეფარდებული სასჯელი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე