საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№264აპ-17 ქ. თბილისი
თ-ა გ., 264აპ-17 4 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუასა და მსჯავრდებულ გ. თ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. ჯ-ისა და ლ. ა-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით გ. თ-ა, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. გ. თ-ას სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 16 თებერვლიდან და სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2016 წლის 15 თებერვალი.
2. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ, გ. თ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ. თ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილზე. გ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. გ. თ-ას სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 16 თებერვლიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2016 წლის 15 თებერვალი.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. თ-ას ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 23:05 საათზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ. თ-ამ, დაუდგენელ ორ პირთან ერთად (რომელთაგან ერთი შეიარაღებული იყო დანით), სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უკანონოდ შეაღწია წ-ის რაიონის სოფელ ლ-ში მცხოვრებ ზ. შ-ას საცხოვრებელ სახლში და თავს დაესხნენ მას. გ. თ-ამ თანხისა და დაზარალებულზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის კონდახი თავში ჩაარტყა ზ. შ-ას და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა. გ. თ-ა და დაუდგენელი პირები ცეცხლსასროლი იარაღით და დანით ზ. შ-ას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და გაიტაცეს: მისი კუთვნილი თანხა - 220 ლარი, მაკაროვის კონსტრუქციის - “MAKAROV PM NCH2209-ის“ სისტემის პისტოლეტი, ერთი მჭიდითა და სამი საბრძოლო ვაზნით, იაპონური წარმოების „ლემას“ ფირმის მაჯის საათი, „მაკიტას“ ფირმის ცისფერი ფარანი, ჩინური წარმოების ელექტროფარანი, „NOKIA-ს“ ფირმის მობილურ ტელეფონი, სიმბარათი ნომრით -, რითაც დაზარალებულს 1125 ლარის ზიანი მიადგა.
2015 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 23:05 საათზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ. თ-ამ, დაუდგენელ ორ პირთან ერთად (რომელთაგან ერთი შეიარაღებული იყო დანით), ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, უკანონოდ შეაღწია წ-ის რაიონის სოფელ ლ-ში მცხოვრებ ზ. შ-ას საცხოვრებელ სახლში, სადაც გ. თ-ამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის დაუფლების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის კონდახი თავში ჩაარტყა ზ. შ-ას. თავდამსხმელები მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რის შემდეგაც რკინის სეიფი დააზიანეს და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ზ. შ-ას სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს - “MAKAROV PM NCH2209-ის“ სისტემის პისტოლეტს, ერთი მჭიდითა და სამი საბრძოლო ვაზნით.
2016 წლის 16 თებერვალს გ. თ-ამ ბ. კ-ას მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგულით წ-ის რაიონის სოფელ ჯ-დან თ-ში გადაზიდა ზ. შ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული, ზ. შ-ას სახელზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - “MAKAROV PM NCH2209-ის“ სისტემის პისტოლეტი, ერთი მჭიდითა და სამი საბრძოლო ვაზნით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5.წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენის გაუქმებას იმ მოტივებით, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად გამოიყენა დაკავებაში მონაწილე პოლიციის მუშაკების ჩვენებები, რომლითაც მხოლოდ ის ფაქტი დასტურდებოდა, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დ. აღმაშენებლის ხეივანში, საავტომობილო გზაზე, ნ. კ-ა, გ თ-ა და დ. კ-ია გადაადგილდებოდნენ. ავტომანქანა, რომელსაც ბ. კ-ია მართავდა ზ. კ-ის კუთვნილება და იგი არავის დაუკითხავს. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ბ. კ-სა და დ. კ-ას სასამართლოში საჯაროდ წაკითხულ ჩვენებებს. ბ. კ-ას ჩვენებით არ დასტურდება, რომ ამოღებულ საგნებს კავშირი ჰქონდა გ. თ-სთან. დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარემ არ ამოწურა ყველა გონივრული საშუალება, რომ ბ. კ-ა არ დაკითხულიყო სასამართლო სხდომაზე. რაც შეეხება დისტანციური წესით დაკითხულ ექსპერტებს, 2016 წლის 25 მაისს სახელმწიფო ბრალმდებელმა ზეპირი შუამდგომლობის საფუძველზე ითხოვა ზემოაღნიშნული. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა დისტანციური წესით დაკითხვის საფუძველი და არც დაცვის მხარემ განაცხადა თანხმობა ამაზე, სასამართლომ უპირობოდ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. კასატორის მითითებით, იარაღზე თითის კვალის აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ იგი ამ პირის საკუთრებაა.
6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. თ-ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით. კასატორის მითითებით, ზ. შ-ამ ამოიცნო გ. თ-ა, რომელიც ერთ-ერთი იმ ბოროტმოქმედთაგანი იყო, რომლებიც 2015 წლის 4 ოქტომბერს მას თავს დაესხნენ. ზ. შ-ამ განმარტა, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მას საფეთქელში ავტომატის ტარი ჩაარტყა, რაც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანიდან (რომელშიც ასევე ისხდნენ გ. თ-ა და დ. კ-ა), რომელსაც ბ. კ-ა მართავდა, ამოიღეს პისტოლეტი ნომრით -, მასში მოთავსებული სავაზნე კოლოფითა და სამი ვაზნით. აღნიშნული პისტოლეტი რეგისტრირებულია ზ. შ-ას სახელზე, რომელიც იძებნებოდა. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პისტოლეტიდან ნომრით -, აღებული ხელის თითის კვალი იდენტურია გ. თ-ას მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის ნიმუშისა. 2016 წლის 7 თებერვალს დაზარალებულ ზ. შ-ას მონაწილეობით ჩატარებული დათვალიერებით ირკვევა, რომ გ. თ-ას სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მოწითალო ფარანი, სწორედ ის არის, რომელიც ზ. შ-ას სახლიდან ყაჩაღობის დროს წაიღეს.
7. კასატორი დაცვის მოწმეებზე უთითებს, რომ მათი უმრავლესობა გ. თ-ას ახლო ნათესავი, თანასოფლელი და მეგობარია. სააბონენტო ნომერი - - კი ირიცხება გ. თ-ას მამის - რ. თ-ას სახელზე და შესაძლებელია, ამ ნომრით სარგებლობდა სხვა პირი. რაც შეეხება ბანკომატიდან თანხის გატანას, იგი 2015 წლის პირველ და სამ ოქტომბერს შესრულდა და არა ყაჩაღობის დღეს - 2015 წლის 4 ოქტომბერს. გადაზიდვასთან მიმართებით ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ გ. თ-ამ წ-ის რაიონის სოფელ ჯ-დან თ-ში იმ ავტომანქანის საბარგულით გადაზიდა ზ. შ-ას ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმის დროს დაუფლებული, ზ. შ-ას შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ბ. კ-ა მართავდა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. გ. თ-ას ქმედების გადაკვალიფიცირების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილზე გადაკვალიფიცირდა. სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იარაღის ნაწილში გ. თ-ას უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების შესახებ.
9. რაც შეეხება გ. თ-ას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლებას, საკასაციო პალატა უთითებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე გ. თ-ას მიმართ წარდგენილი ბრალდებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია ტორუასა და მსჯავრდებულ გ. თ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების -ლ. ჯ-ისა და ლ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე