საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №317აპ-17 ქ. თბილისი
ს-ე ნ, 317აპ-17 13 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საგამოძიები ნაწილის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. ს-ს ბრალი დაედო გამოძალვაში, ესე იგი დიდი ოდენობით ქონებრივი სარგებლის მოთხოვნაში, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება, არსებითად დააზიანოს მისი უფლებები; საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში (2015 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ. ს-ე 2010 წლის 13 იანვრიდან 2012 წლის 16 ივლისამდე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო 2012 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით – საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე. მისთვის ხელმისაწვდომი გახდა გ. ხ-ა და ი. კ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი და მისი გამოყენებით განიზრახა ამ უკანასკნელისთვის თანხის გამოძალვა. ამ მიზნით, 2012 წლის 9 ნოემბერს ნ. ს-მ გამოძიებით დაუდგენელი პირის მეშვეობით, ი. კ-ს გადასცა DVD დისკზე აღბეჭდილი მისი და გ. ხ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი და მოსთხოვა 50000 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა ამ ჩანაწერის გავრცელებით.
ნ. ს-ე თავის საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ. თ-ი, ვ-ს გამზირი, მე-... კვარტალი, კორპუსი № .., ბინა №..) მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 24 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრიან ვაზნას და 1 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ ,,P.08” ნიმუშის პარაბელუმის 9 მმ კალიბრიან ვაზნას. 2013 წლის 16 იანვარს, ნ. ს-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოიღეს ზემოხსენებული ვაზნები, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:
ნ. ს-ე საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ნ. ს-ე, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 15 მარტიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ს-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ნ. ს-ე თავის საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ. თ-ი, ვ-ს გამზირი, მე-... კვარტალი, კორპუსი № .., ბინა №...) მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 24 ცალ ქარხნული წესით დამზადებულ ,,P.08” ნიმუშის პარაბელუმის 9 მმ კალიბრიან ვაზნას. 2013 წლის 16 იანვარს, ნ. ს-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოიღეს ზემოხსენებული ვაზნები, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
3. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გამოძალვის ნაწილში გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული განაჩენის მოტივაცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. ს-ს მიერ გამოძალვის ჩადენა და დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 30 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი. მართალია, მოწმეებმა - თ. გ-მ, მ. მ-ა და ა. კ-ა დაადასტურეს, რომ გარკვეული თანამდებობის პირები არატრადიციული ორიენტაციის მქონე პირთა პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს ფარულად ნამდვილად იწერდნენ, მაგრამ არც ერთი მათგანის ჩვენება არ წარმოადგენს რაიმე პირდაპირი სახის მტკიცებულებას ნ. ს-ს გამოძალვის ნაწილში დამნაშავედ ცნობისთვის.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ. ს-ს ხელმისაწვდომი გახდა გ. ხ-ა და ი. კ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი და მისი გამოყენებით განიზრახა ამ უკანასკნელისთვის თანხის გამოძალვა; ამ მიზნით, 2012 წლის 9 ნოემბერს ნ. ს-მ გამოძიებით დაუდგენელი პირის მეშვეობით, ი. კ-ს გადასცა DVD დისკზე აღბეჭდილი მისი და გ. ხ-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი და მოსთხოვა 50 000 აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა ამ ჩანაწერის გავრცელებით, და აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდა ნ. ს-ს მიერ გამოძალვის ჩადენა.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა, რომ პირი, რომელმაც 2012 წლის 16 ნოემბერს ი. კ-ს მის კუთვნილ ტელეფონზე ნომრით ..... დაურეკა ნომრიდან ..... და სთხოვდა ჩანაწერების გაუხმაურებლობის სანაცვლოდ 50 000 აშშ დოლარს, იყო ნ. ს-ე. ტელეფონის ნომერი ...., საიდანაც ბრალდების მხარის მოსაზრებით, ნ. ს-მ დაურეკა ი. კ-ს თანხის მოთხოვნით, შეძენილია ლ. ქ-ნ, რომელიც ეწეოდა ტელეფონის ნომრების რეალიზაციას. ამის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის – ლ. ქ-ს ჩვენება, რომელმაც გამოძიების ეტაპზე განაცხადა, რომ აღნიშნული ნომერი მას ჩააბარა დილერმა ი. ქ-მ, ხოლო თვითონ რაიმე საბუთის გარეშე (პირადობის მოწმობის გარეშე) გადასცა ი. ჩ-ს, რომელიც ვაჭრობს მობილური ტელეფონებით. აღნიშნულ ნომერთან დაკავშირებით (.....), გამოძიების ეტაპზე ი. ქ-ა არ დაკითხულა. სასამართლო პროცესზე ი. ქ-მ დაადასტურა, რომ ეს ნომერი გადასცა ლ. ქ-ს, თუმცა ტელეფონის ნომერი მან ზეპირად ვერ გაიხსენა და როცა ნომერი დაუსახელა ბრალდების მხარემ, ამის შემდგომ დაადასტურა.
მოწმე ი. ჩ-ე ადასტურებს, რომ მან 2012 წლის ნოემბერში მობილური ტელეფონი გადასცა ნ. ს-ს ლ. ქ-ნ გამორთმეულ ტელეფონის ნომერთან ერთად, თუმცა ვერც გამოძიების ეტაპზე და ვერც სასამართლოში ვერ გაიხსენა ტელეფონის ნომრები.
ის, რომ ტელეფონის ნომერი .... შპს „მაგთიკომიდან“ გამოიტანა დილერმა ი. ქ-მ, დასტურდება შესაბამისი წერილით. აღნიშნულ ნომერთან დაკავშირებით, ლ. ქ-ნ შემდგომში ამოიღეს შეუვსებელი ხელშეკრულების 2 ეგზემპლარი, სადაც მითითებულია ტელეფონის ნომერი ..., თუმცა დათვალიერების ოქმში არის გარკვეული ხარვეზი და ტელეფონის ნომერი მითითებულია შეცდომით – ......
ტელეფონის ნომერთან ..... დაკავშირებით, ლ. ქ-ნ ანალოგიური ხელშეკრულება ამოღებული არ ყოფილა. ი. ქ-ს, რომლის განმარტებით, იგი თითქოსდა სარეალიზაციოდ ჩაბარებულ ტელეფონის ნომრებს ინიშნავდა ჟურნალში (საიდანაც აღიდგინა გამოძიების ეტაპზე, რომ ტელეფონის ნომერი ... გადასცა ლ. ქ-ს, ხოლო ტელეფონის ნომერთან .... დაკავშირებით, ასეთი რამ არ განუცხადებია), აღნიშნული ჟურნალი არ წარუდგენია და მხოლოდ ლ. ქ-ს ჩვენება ვერ იქნება საკმარისი მტკიცებულება ტელეფონის ნომერთან ..... დაკავშირებით.
მართალია, ტელეფონის ნომერი .... - 2012 წლის 16 ნოემბერს გააქტიურდა ტელეფონში იმეიკოდით ....., რომელიც გაყიდულია შპს „გ-ს" მიერ და რომელიც შეიძინა ი. ჩ-მ, მაგრამ არ დასტურდება უტყუარად, რომ აღნიშნული ტელეფონის ნომერი გაააქტიურა უშუალოდ ნ. ს-მ. თავად ი. ჩ-ე განმარტავს, რომ მან სხვა პირსაც გადასცა ტელეფონი ლ. ქ-ნ გამორთმეულ ტელეფონის ნომერთან ერთად, თუმცა დაუდგენელია, ვინ არის აღნიშნული პირი, რაც გარკვეულ ეჭვს აჩენს ი. ჩ-ს მიერ ნ. ს-ს ტელეფონის ნომრის ..... გადაცემასთან მიმართებით.
ასევე, უტყუარად ვერ დადასტურდა, რომ სატელეფონო საუბრები, რომლებიც განხორციელდა ტელეფონის ნომრიდან ..... ი. კ-ს კუთვნილ ტელეფონზე ნომრით ..... - 2012 წლის 16 ნოემბერს, ეკუთვნის ნ. ს-ს. საქმეში წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადასტურდა, რომ ი. კ-ს მიერ გამოძიებისთვის გადაცემულ დისკზე ჩაწერილ სატელეფონო საუბრებში, რომლებშიც ე.წ. „გამომძალველი" ითხოვს მისგან ფულად თანხას, ეკუთვნის ნ. ს-ს.
საქმეში განთავსებული კრებსები, რომლებშიც გაშიფრულია 2012 წლის 16 ნოემბრის სატელეფონო საუბრების შინაარსი ტელეფონის ნომრების ... და .... მფლობელს შორის (ე.წ. „გამომძალველსა" და დაზარალებულ ი. კ-ს შორის), გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, თუმცა არ დაკითხულა პირი, რომელმაც ეს სატელეფონო საუბრები კრებსების სახით გაშიფრა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დისკი, რომელზეც ჩაწერილია ზემოაღნიშნული სატელეფონო საუბრები, თუმცა ფონოგრამებში ისმოდა ერთი მოსაუბრის (და არა –ორი) ხმა. ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ შეუძლია დაადგინოს, რომ ხსენებულ სატელეფონო საუბრებში მონაწილე პირი ე.წ. „გამომძალველი" არის ნ. ს-ე.
რაც შეეხება კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ფაილი „cerili.dox" თვისებებში ფიქსირდება avtori „...", ხოლო ბოლო შენახვის მომხმარებელია (Last Saved by): „n.s-e", უტყუარად ვერ ადასტურებს აღნიშნულ წერილთან ნ. ს-ს კავშირს. თავად ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, რომ კომპიუტერის მყარი დისკების მეხსიერებიდან ამოღებულ და აღდგენილ ფაილებში დისკზე არსებული ფაილების იდენტური ფაილები წარმოდგენილი კომპიუტერების მეხსიერებაში არ ფიქსირდება, ხოლო შემდგომი კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ კომპიუტერების მყარი მეხსიერების ფაილებში ი. კ-ს „ფეისბუქ“ გვერდის ძებნა განხორციელებული იყო „იუზერ გ-ს" და არა ნ. ს-ს სახელით.
კომპიტერული ექსპერტიზის ჩამტარებელ პირს ფაილის „cerili.dox" უშუალოდ შინაარსობრივი კვლევა არ ჩაუტარებია, ე.ი ექსპერტს უშუალოდ არ უნახავს აღნიშნული წერილის შინაარსი კომპიუტერის მეხსიერებაში.
ნ. ს-ე გაპიროვნებული დიჯიპასით ი. კ-ს გადამოწმების ფაქტი, რომ უშუალოდ მის მიერ არის შესრულებული ასევე უტყუარად ვერ დადასტურდა, რადგან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ამ დიჯიპასით ნ. ს-ს გარდა სარგებლობდნენ სხვა პირებიც, რაც დადასტურებულია დაცვის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, რომ ამ უკანასკნელის მივლინებაში ყოფნის პერიოდში ხსენებული დიჯიპასიდან ხდებოდა სხვადასხვა პირის გადამოწმება.
ამდენად, ფაქტობრივი გარემოება, რომ ი. ქ-ს კუთვნილი ტელეფონის ნომერი .... ინდმეწარმე ლ. ქ-ნ ი. ჩ-ს მეშვეობით მოხვდა ნ. ს-ნ, ხოლო ამ უკანასკნელმა აღნიშნული ნომრიდან რამდენჯერმე დარეკა 2012 წლის 16 ნოემბერს ი. კ-ს სატელეფონო ნომერზე .... თანხის გამოძალვის მოთხოვნით, ისევე როგორც ი. კ-ს ე.წ "კურიერის" მიერ გადაცემულ დისკთან, მასში არსებულ ფაილ „cerili.dox"-თან ნ. ს-ს კავშირი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურებულა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ნ. ს-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მიერ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვის ჩადენის ფაქტი, გარდა ნ. ს-ს აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ნ. ს-ს საცხოვრებელი ბინის 2013 წლის 16 იანვრის ჩხრეკის ოქმით, 2014 წლის 9 ოქტომბრის სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის №.../ბ დასკვნით და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - მ. გ-ს ჩვენებით, საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის – ლ. გ-ს 2014 წლის 26 სექტემბრის წერილით, საქართველოს შსს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის – გ. ს-ს 2014 წლის 8 ოქტომბრის წერილით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის - ა. ც-ს 2014 წლის 6 ოქტომბრის წერილითა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხული პოლიციის თანამშრომლების – ო. ც-ს და ი. ლ-ს ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ბინის ჩხრეკის კანონიერება და ოქმის ავთენტურობა. მათი განმარტებით, ნ. ს-მ ნებაყოფლობით წარმოადგინა ვაზნები და მას სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საგამოძიები ნაწილის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ, რომელიც ითხოვს დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტლების გაუქმებასა და საქმეზე სსსკ-ის 239-ე მუხლის შესაბამისად მოპოვებული მასალების დამატებით დართვას, ესენია: 2016 წლის 4 ოქტომბრის მიმართვის წერილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის წერილი და სხდომის ოქმი, ე. კ-ს განცხადება, სისხლის სამართლის №... საქმეზე ე. კ-ს მოწმის სახით გამოკითხვის, დათვალიერების ოქმები, მიმართვის წერილი შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ-დეპარტამენტს, დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №.../ფ დასკვნა, 2016 წლის 11 ოქტომბრის მიმართვის წერილი შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, 2016 წლის 12 ოქტომბრის პასუხი წერილზე და დართული დოკუმენტაცია, მიმართვის წერილი შპს „ი-ს“, პასუხი წერილზე და ქართულ ენაზე ნათარგმნი სერტიფიკატი, დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი, მიმართვის წერილი ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, დადგენილება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №.... დასკვნა და 2 ცალი დისკი; ასევე, ითხოვს, რომ სასამართლოში ექსპერტები - დ. გ-ი, ა. მ-ა, ე. კ-ი და გამომძიებელი ზ. ს-ე დაიკითხონ; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გამოძალვის ნაწილში გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მითითებას, რომ ნ. ს-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით და ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 აპრილის განაჩენის მოტივებს ნ. ს-ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა და ამასთან, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.
11. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“ (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №440აპ-14, №480აპ-16, №19აპ-17).
12. ასევე, უსაფუძვლოა პროკურორის მითითება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების შესახებ. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რა საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა საკასაციო საჩივარში აღნიშნული მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის ეტაპამდე, მტკიცებულებათა დასაშვებობის სტადიაზე - წინასასამართლო სხდომაზე.
13. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საგამოძიები ნაწილის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი