საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №364აპ-17 ქ. თბილისი
ფ-ე გ, 364აპ-17 15 დეკემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორის - ზაზა ქარქუსაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განაჩენით გ. ფ-ე, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ფ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
აღნიშნული განაჩენით გ. ფ-ს მსჯავრი დაედო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენაში, გამოყენების მიზნით და გამოყენებაში; ასევე, თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებასა და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებაში, რაც გამოიტახა შემდეგში:
„წყლის შესახებ” საქართველოს კანონის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფოს საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას. ამავე კანონის მეშვიდე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები და სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხებისა და ტბორების წყლები. მეექვსე პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მითითებული კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწად, საქართველოს მიწის კანონმდებლობის შესაბამისად, მიიჩნევა ის მიწა, რომელიც დაკავებულია ამ კანონის მეშვიდე მუხლით განსაზღვრული წყლის ობიექტებით (მიწისქვეშა წყლების გარდა) ჰიდროტექნიკური და სხვა წყალსამეურნეო ნაგებობებით, აგრეთვე მიწა, რომელიც გამოყოფილია წყლის ობიექტის წყალდაცვით ზოლად, სანიტარიული დაცვის ზონად და ა.შ. ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა გამოიყენება იმ ნაგებობათა მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის, რომლებიც უზრუნველყოფენ სასმელი, საყოფაცხოვრებო, სამკურნალო, საკურორტო და წყალზე სხვა საჭირო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, თევზის მეურნეობის, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და სხვა საჭიროებას. „წყლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლებს მიეკუთვნება მდინარეების, ტბების, წყალსაცავების სანაპირო ზოლები, მაგისტრალური და სხვა არხების გასხვისების ზოლი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზოლები. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მდინარის წყალდაცვით ზოლად მიჩნეულია მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მყარდება სპეციალური რეჟიმი წყლის რესურსების გაბინძურების, დანაგვიანების, მოლამვისა და დაშრეტისაგან დასაცავად. მე-2 პუნქტის თანახმად, წყალდაცვით ზოლში შეიძლება შეტანილ იქნეს მდინარის მშრალი კალაპოტი, მისი მიმდებარე ტერასები, შემაღლებული და ციცაბოფერდობიანი ბუნებრივი ნაპირები, აგრეთვე ხევები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება მდინარის ნაპირებს, ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მდინარის წყალდაცვითი ზოლის სიგანე აითვლება მდინარის კალაპოტის კიდიდან ორივე მხარეს მეტრებში შემდეგი წესით: 25 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 10 მეტრი, 50 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 20 მეტრი, 75 კილომეტრამდე სიგრძის მდინარისათვის - 30 მეტრი, 75 კილომეტრზე მეტი სიგრძის მდინარისათვის - 50 მეტრი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მონაცემებით მდინარე ჭ-ს სიგრძე 438 კილომეტრია, ხოლო მდინარე ა-ს წყლის - 90 კილომეტრი. შესაბამისად, ორივე მდინარისათვის წყალდაცვითი ზოლის სიგანე წარმოადგენს მდინარის კალაპოტიდან ორივე მხარეს - 50 მეტრს.
2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს „ა-7-ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანია ა-ს რეგიონში, კერძოდ: მდინარეების - ჭ-ა და ა-ს წყლის ხეობებში აშენებს სამ ჰიდროელექტროსადგურს. ამ მემორანდუმის თანახმად, მითითებულმა კომპანიამ იკისრა პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე არსებული ყველა მიწის ნაკვეთის შესყიდვის ვალდებულება და, შესაბამისად, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 1 კვ.მ-ში მოქალაქეებს უხდიდა 20 ლარს. ხ-ს რაიონის სოფელ კ-ი მცხოვრებ გ. ფ-ს მამას, აწ გარდაცვლილ ე. ფ-ს, საარქივო მონაცემებით გ-ს ტერიტორიაზე ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. გ. ფ-მ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა და ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, განიზრახა, ყალბი დოკუმენტის გამოყენების გზით, პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, მდინარე ჭ-ს კალაპოტში, ყალბად დაერეგისტრირებინა სახელმწიფოს კუთვნილი ფართი და მასზე მოტყუებით მიეღო ქონებრივი უფლება. აღნიშნულის შემდეგ კი ხსენებული ფართის შპს „ა-7-ზე“ რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაუფლებოდა ამავე კომპანიის ფულად თანხას. ამ მიზნით გ. ფ-მ დახმარებისათვის მიმართა შპს „გ-ს” ამზომველ ხ. ლ-ს და სთხოვა მის სახელზე აეზომა სოფელ კ-ი მდინარე ჭ-ს კალაპოტში არსებული 1190 კვ.მ ფართი. აღნიშნულზე ხ. ლ-ე დათანხმდა და 2013 წლის მარტის დასაწყისში გ. ფ-ს სახელზე დაამზადა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელშიც ამ ფართის დანიშნულებად, მდინარის კალაპოტის ნაცვლად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მიუთითა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტის - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის მისაღებად გ. ფ-მ მიმართა ხ-ს რაიონის კ-ს თემის სოფელ გ-ს ორგანიზატორს (რწმუნებულს) ფ. ლ-ს და სთხოვა საარქივო მონაცემებისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული ფართის ურთიერთშესაბამისობისა და ამავე ფართის მის პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტის დადასტურება. აღნიშნულზე ფ. ლ-მ თანხმობა განაცხადა და 2013 წლის 4 მარტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გასცა ნოტარიულად დამოწმებული ცნობა გ. ფ-ს პირად სარგებლობაში ზემოაღნიშნული 1190 კვ.მ ფართის არსებობის შესახებ. 2013 წლის 4 მარტს გ. ფ-მ მის მიერ მოპოვებული ყალბი დოკუმენტები სხვა დოკუმენტებთან ერთად შპს „გ-ს” მეშვეობით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხ-ს სარეგისტრაციო სამსახურში. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აღნიშნული სამსახურის ასისტენტის - ე. ქ-ს მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2013 წლის 26 მარტს გ. ფ-ს სახელზე დარეგისტრირდა სოფელ კ-ი, რეალურად მდინარე ჭ-ს კალაპოტში, კერძოდ, ნაწილობრივ მდინარეში და ნაწილობრივ მდინარის მიმდებარე ციცაბო მთის ფერდობზე არსებული 1191 კვ.მ ფართი საკადასტრო კოდით ..... ამ გზით გ. ფ-მ თაღლითურად მიიღო ქონებრივი უფლება სახელმწიფოს კუთვნილ ფართზე, რის შედეგადაც მან შეცდომაში შეიყვანა შპს „ა-7” და მითითებული 1191 კვ.მ ფართის დანაყოფის 990 კვ.მ ფართის, საკადასტრო კოდით ...., ხსენებულ კომპანიაზე რეალიზაციის შედეგად თაღლითურად დაეუფლა შპს „ა-7-ის“ კუთვნილ 19 800 ლარს. აღნიშნული ქმედებით გ. ფ-მ სახელმწიფოს და შპს „ა-7-ს“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი. 2014 წლის 24 მარტს და 3 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით კანონსაწინააღმდეგო გზით განხორციელებული ზემოაღნიშნული 1191 კვ.მ ფართის, მისი დანაყოფი 990 და 201 კვ.მ ფართების რეგისტრაციები და შემდგომი ტრანზაქციები ბათილად იქნა ცნობილი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსმა პროკურორმა ზაზა ქარქუსაშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა იმ საფუძვლით, რომ გ. ფ-მ ჩაიდინა მძიმე დანაშაული, დაზარალებულს მიაყენა - 19 800 ლარის სოლიდური ზიანი, რომელიც არ აუნაზღაურებია და მისთვის სასჯელად - 4000 ლარის შეფარდება აშკარად ლმობიერია, რაც შესაძლოა, წამახალისებელი აღმოჩდნეს ანალოგიური ან მსგავსი ხასიათის დანაშაულის ჩასადენად.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა მსჯავრდებულ გ. ფ-ს ქმედებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით (დაზარალებულის წარმომადგენლების - რ. ხ-ა და ზ. წ-ს ჩვენებებით, მოწმეთა ჩვენებებით, საჯარო რეესტრიდან გადმოგზავნილი მასალებით უკანონო რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრიდან მიღებული სიტუაციური და KFV მონაცემების შემცველი ნახაზებითა და სურათებით, ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული მასალებით, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით, საჯარო რეესტრის ინსტრუქციით, ხ-ს რაიონის არქივიდან მიღებული საარქივო მონაცემებითა და საკომლო ჩანაწერებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით თანდართული მასალებით უკანონო რეგისტრაციების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სარეგისტრაციო წარმოებებით, ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, განაჩენებითა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით), რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ გ. ფ-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც აქვს დადგენილი სასჯელი გ. ფ-ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, ხოლო ამავე კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატამ არ გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების პოზიცია მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი (აღიარა დანაშაული, მოინანია) გარემოების, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების, წარსული ცხოვრების, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სასჯელის შეფარდებისას პალატამ ყურადღება მიაქცია სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებაზე, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე, გაითვალისწინა ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ბრალდების მხარეს სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ წარმოუდგენია, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა დანაშაულის ხასიათი და დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული შედეგი, პალატამ არ მიიჩნია სასჯელის დამძიმების საფუძვლად. კონკრეტული დანაშაულისათვის დადგენილი სანქციის ფარგლებში სასჯელის მინიმუმის დანიშვნა ცალსახად არ გულისხმობს მის არაეფექტურობას, ისევე, როგორც მკაცრი სასჯელის შეფარდება ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. საქმის ფაქტობრივი და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია გ. ფ-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
რაც შეეხება ზიანს, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებებზე, როდესაც სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 და N611აპ-10 განჩინებები). სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საკასაციო პალატის მოცემული განმარტება და მიიჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოება ვერ გახდება დანიშნული სასჯელის - 4000 ლარის ჯარიმის - გამკაცრების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დაზარალებულს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი - 4000 ლარი ჯარიმა, მსჯავრდებულის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსმა პროკურორმა ზაზა ქარქუსაშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ გ. ფ-ს შეფარდებული სასჯელის დამძიმებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდა სააპელაციო საჩივარში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ზომას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ მოტივაციას, რომ ვინაიდან მსჯავრდებულმა გ. ფ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია და არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, არ არსებობდა სასჯელის დამძიმების საფუძველი.
8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორის - ზაზა ქარქუსაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი