საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.01.2018
საქმის ნომერი
2კ-430აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №430აპ-17 ქ. თბილისი

შ-ე ლ, 430აპ-17 15 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. შ-ს ბრალი დაედო: განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოწვია, გადაყვანისას ბრალდებულის გაქცევაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე, ქ.ბ-ი, გ-ს ქ.№..-ში მდებარე კარაოკე-ბარ ,,ს-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, ლ. შ-მ დანის გამოყენებით ჩხუბში მონაწილე გ. ბ-ს განზრახ მკვლელობის მიზნით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის სახით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ. ბ-ი გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადარჩა.

საქართველოს შსს ა-ს არ–ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N.... საქმეზე ლ. შ-ე 2016 წლის 20 ივნისს, 17 საათსა და 52 წუთზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. იმავე დღეს, დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთზე, ა-ს არ–ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლები – გ. დ-ე და რ. ი-ე ... სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სამსახურებრივი ავტომანქანით, ა-ა და გ-ს რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების მიზნით ახდენდნენ ბრალდებულ ლ. შ-ს ბადრაგირებას. ბადრაგირებისას ბრალდებული ლ. შ-ე ქ. ბ-ი, მ-ს ქუჩაზე გადაადგილების დროს, გადახტა ავტომანქანიდან და მიიმალა.

2015 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 04:45 საათზე, ქ. ბ-ი, პ-ს ქუჩაზე ლ. შ-მ ნ. ლ-ს მიაყენა ნაფლეთოვანი ჭრილობები და ნაჭდევი თავისა და მარჯვენა წვივის არეში, თავის ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა. მიყენებული დაზიანებები ერთობლივად, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

2015 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 04:45 საათზე, ქ. ბ-ი, პ-ს ქუჩაზე, ლ. შ-მ სცემა მ. თ-ს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 თებერვლის განაჩენით:

ლ. შ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ლ. შ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლით (2015 წლის 13 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 13 ნოემბერს მოქმედი რედაქცია) - ჯარიმა 1000 ლარი, 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ლ. შ-ს მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 22 ივნისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 3 დეკემბრიდან 2016 წლის 13 იანვრამდე.

ლ. შ-ს მიმართ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების - პირობისა და კანონის დარღვევის გამო გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის განჩინების საფუძველზე დაყადაღებული, დ. გ-ს (პ/ნ .....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბ-ი, ა-ს დასახლებაში (დაზუსტებული ფართობი: 120.00 კვ.მ, ზონა - ბ-ი 05, სექტორი - .., კვარტალი - .., ნაკვეთი - 678, საკადასტრო კოდი - №....) - 5000 ლარის ღირებულების წილი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით უნდა მიექცეს აღსასრულებლად.

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. შ-ს დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან სსკ-ის მე-19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას; საბოლოო სასჯელის შეფარდებისას სასჯელების ნაწილობრივი ან მთლიანი შეკრების წესის გამოყენებას.

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ იმსჯელა ლ. შ-ს მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივ შეფასებაზე და განმარტა შემდეგი: დადგენილია, რომ ბ-ა და შ-ს შორის ურთიერთშელაპარაკება ნამდვილად მოხდა. დადგენილია ისიც, რომ შ-მ დაარტყა ხელი ბ-ს და ამ დარტყმით მას, ბასრი საგნის გამოყენების გამო, აღენიშნება მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მსხვილი ნაწლავის დაზიანებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. როგორც მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, შ-მ ჭრილობის მიყენებამდეც რამდენჯერმე მოუქნია ხელი ბ-ს, ჭრილობის მიყენების შემდეგ კი სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას. ბ-ს ჩვენებით ნათლად იკვეთება ის ფაქტიც, რომ სწორედ მან შეატყობინა მეგობრებს დაჭრის შესახებ და ამის შემდეგ დაედევნენ შ-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე უშედეგო მოქნევის შემდეგ, პირველივე ჭრილობის მიყენების მომენტიდან, შ-მ მიატოვა ბ-ი და გაიქცა. მართალია შ-ე კიდევ იქნევდა დანას დაზარალებულის მეგობრის, შ-ს მისამართით, როცა უკვე დადევნების შედეგად ერთ-ერთ ქუჩაზე მიუსწრეს, მაგრამ ეს ფაქტი არ ჩაითვლება იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ შ-ს სურდა დანაშაულებრივი ქმედების – ბ-ს მოკვლის განზრახვის შედეგის მიღწევა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტში მონაწილე პირების ქცევაზე, კონფლიქტის დაწყებისა და დამთავრების ფაქტობრივ გარემოებებზე, ბ-ს დაჭრის შემდეგ შ-ს ქცევაზე, მიყენებული ზიანის პროპორციულობაზე შესაძლო მისაყენებელ ზიანთან, ქმედების დარტყმის არაინტენსიურობასა და არაერთგზისობაზე და დაასკვნა, რომ ლ. შ-ს ბ-ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია.

სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ, მართალია არსებობს ეჭვი: რომ არა ბ-ს მეგობრები, გაიქცეოდა თუ არა ის და მიაყენებდა თუ არა კიდევ ჭრილობებს დაზარალებულს? მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება #322-აპ).

სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ, მართალია, საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა დაზარალებული გ. ბ-ი და ასევე რამდენიმე მოწმე, მაგრამ მათი ჩვენებები გამოქვეყნდა კანონით გათვალისწინებული წესით. გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეყრდნობა მხოლოდ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, რომლებიც შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით არაა გამოკვლეული, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დანაშაულის თვითმხილველი სხვა მოწმეები (ნ. ნ-ა, მ. ვ-ი, თ. კ-ე), რომელთა ჩვენებებიც პირდაპირი სახის მტკიცებულებებია ლ. შ-ს დამნაშავედ ცნობისათვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში. ქმედების კვალიფიკაციისათვის კი მნიშვნელობა არ აქვს, იმას პროცესუალურად მოახერხა თუ არა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაზარალებულის წარმოდგენა და დაკითხვა. თუკი სხვა მტკიცებულებები უტყუარობის მაღალი ხარისხით ავსებენ დაზარალებულის გამოქვეყნებულ ჩვენებას, ეს სრულიად საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაჩენის სისრულე და ობიექტურობა, დამნაშავის ბრალეულობა მისი დაუკითხველობის მოტივით ვერ იქნებოდა დადასტურებულად მიჩნეული და დაზარალებულის ჩვენებაზე იქნებოდა დამოკიდებული. დაზარალებულის გარდაცვალების ფაქტობრივი გარემოების არსებობისას კი ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია სრულიად გამორიცხული იქნებოდა.

რაც შეეხება ნ. თ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სააპელაციო პალატამ, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ეს დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - გ. ფ-ს, რ. ი-ა და გ-ი დ-ს ჩვენებებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ლ. შ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლითა და 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სააპელაციო პალატამ, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების - ნ. ლ-ა და მ. თ-ს ჩვენებებით, მოწმეების - ნ. მ-ს, გ. ყ-ს, რ. მ-ს, მ. ბ-ა და რ. ა-ს ჩვენებებით, ტანისამოსისა და მჭიდის დათვალიერების ოქმებით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანა ,,ინფინიტის” დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

6. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის განაჩენი გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. შ-ს მიმართ შერაცხული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან სსკ-ის მე-19,108-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას; ლ. შ-ს, როგორც განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის, მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლისა და 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასჯელების ნაწილობრივი ან მთლიანი შეკრების წესის გამოყენებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. განსახილველ შემთხვევაში პროკურორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ლ. შ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში იმავე არგუმენტებით, რაც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ლ. შ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან 117-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში საქმეში არსებული მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ლ. შ-ს ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა ლ. შ-მ ჩაიდინა გ. ბ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი