საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №437აპ-17 ქ. თბილისი
რ-ო მ-ო ლ. კ-ს, 437აპ-17 15 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. კ-ს მ-ო რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის განაჩენით ლ. კ-ს მ-ო რ-ო ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 19 აგვისტოდან.
ლ. კ-ს მ-ო რ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა ან წარმომადგენლობის უფლებები.
განაჩენით მსჯავრდებულ ლ. კ-ს მ-ო რ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ბ-ს ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქემ, ლ. კ-ს მ-ო რ-მ, საზღვარგარეთ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც 2015 წლის 18 აგვისტოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამოვლით შემოიტანა საქართველოში. 2015 წლის 18 აგვისტოს, 20:01 საათზე, ლ. კ-ს მ-ო რ-მ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც ბარგში მოთავსებული ჰქონდა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 2230,81 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ლ. კ-ს მ-ო რ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ქ. ს-მ, რომელიც მუშაობს თ-ს აეროპორტში, საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟე-ოფიცრის თანამდებობაზე, განმარტა, რომ 2015 წლის 18 აგვისტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას – საბარგო სკანერთან ამოწმებდა ბარგს, რა დროსაც სკანერის აპარატში შეამჩნია ერთ-ერთ ჩანთაში მოთავსებული წიგნის მსგავსი ნივთი, რომელიც საეჭვოდ მიიჩნია. ბარგი, რომელშიც მოთავსებული იყო მისთვის საეჭვო ნივთი, ეკუთვნოდა პ-ი-თ-ს რეისით ჩამოსულ მგზავრს ლ. კ-ს მ-ო რ-ს. აღნიშნული ინფორმაცია შეატყობინა თავის თანამშრომელს.
მოწმე გ. კ-ს ჩვენებით, მუშაობს თ-ს აეროპორტში, მებაჟე-ოფიცრის თანამდებობაზე. მის უფლება-მოვალეობაში შედის მგზავრების ბარგისა და ხელბარგის დათვალიერება, დანაშაულის გამოვლენის მიზნით. 2015 წლის 18 აგვისტოს იმყოფებოდა თ-ს საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მისმა თანამშრომელმა ქ. ს-მ შეატყობინა, რომ შეემოწმებინა ერთ-ერთი მგზავრის ჩანთა. შესამოწმებელი ჩანთა ეკუთვნოდა პ-ი-თ-ს რეისით ჩამოსულ მგზავრს, ლ. კ-ს მ-ო რ-ს. მან დაათვალიერა ლ. კ-ს მ-ო რ-ს ჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა ჟურნალები და წიგნები, ასევე ჩანთაში მოთავსებული იყო მგზავრის პირადი ნივთები. მან გაჭრა ჟურნალისა და წიგნის ყდები, სადაც აღმოჩნდა ფხვნილისებრი ნივთიერება. შესაბამისი აპარატით შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ჟურნალის ყდასა და წიგნის ყდაში აღმოჩენილი ფხვნილი იყო ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული ნივთები დაილუქა საბაჟოს ლუქით, რის შემდეგაც გადაეცა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს.
მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების №.... ოქმის თანახმად, 2015 წლის 18 აგვისტოს თ-ს აეროპორტში მებაჟე-ოფიცერმა გ. კ-ა დაათვალიერა ლ. კ-ს მ-ო რ-ს კუთვნილი ბარგი/ხელბარგი. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა: სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, წონით 5,5 კგ. (მოთავსებული წიგნების ყდებში), ტექნიკა, პასპორტი, ინფორმაციის შემცველი დისკები, საფულე და სხვადასხვა დოკუმენტაცია, წონით 1 კგ., პირადი ნივთები, წონით 14, 3 კგ ამავე ოქმის თანახმად, დათვალიერებაში მონაწილეობდა თავად ლ. კ-ს მ-ო რ-ო, ასევე მითითებულია, რომ ოქმი პორტუგალიურ ენაზე უთარგმნა გ. ს-მ, რაც დადასტურებულია ხელმოწერებით. აღმოჩენილი ნივთმტკიცებები დაილუქა NGE1115955, NGE1115956, NGE1115957 ლუქით, სამ ფუთად.
დაცვის მხარე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ დათვალიერებისას დარღვეულია შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს N12858 ბრძანების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასა და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე) არაერთი მოთხოვნა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ბარგის დათვალიერების ოქმზე არ არის მითითებული კონკრეტული დრო, ასევე დეტალურად არ არის აღწერილი ბარგი, თუმცა ინფორმაცია მოცემულია ზოგადი სახით და ამასთან, ხელმოწერით დადასტურებულია როგორც გ. კ-ს, ისე ლ. კ-ს მ-ო რ-ს მიერ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გ. კ-ა დაკითხვისას დეტალურად განმარტა დათვალიერების მიმდინარეობა, ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ ამოღებული ნივთები დაილუქა საბაჟო ლუქებით, ხოლო ის გარემოება, რომ ლუქის ბეჭდების მთლიანობა დარღვეული არ იყო, ასევე დადასტურებულია მტკიცებულებებით - ამოღების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნითა და მათზე თანდართული ფოტოსურათებით. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევებს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული არ წარმოადგენდა საგამოძიებო მოქმედებას, ხოლო დათვალიერება ასახულია ოქმის ბლანკზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. რ-ა განმარტა, რომ 2015 წლის 18 აგვისტოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან მიიღო წერილობითი შეტყობინება, რომლის თანახმადაც, 2015 წლის 18 აგვისტოს პ-ი-თ-ს რეისზე თ-ს აეროპორტში ჩამოფრინდა მგზავრი ლ. კ-ს მ-ო, რომლის ბარგის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა წიგნები, ხოლო წიგნის ყდებში – თეთრი ფერის ნივთიერება, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება. შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ასევე ამოღებული იქნა დალუქული ნივთები, რაც კვლავ დაილუქა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
2015 წლის 19 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, ქ.თ-ს საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში გ. კ-ნ ამოღებულ იქნა ლ. კ-ს მ-ო რ-ს ბარგისა და პირადი დათვალიერებისას ამოღებული ნივთები სამ ფუთად, კერძოდ, ფუთა №1, რომელსაც აღენიშნება წარწერა ,,ქაღალდები, ტექნიკა, დოკუმენტაცია”, ფუთა №2, რომელსაც აღენიშნება წარწერა ,,კოკაინი”, ფუთა №3, რომელსაც აღენიშნება წარწერა ,,პირადი ნივთები”.
დაცვის მხარემ სადავოდ გახადა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა, ამოღების ოქმის კანონიერება და აღნიშნა, რომ ვინაიდან ამ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება სასამართლოს არ შეუმოწმებია კანონით დადგენილი წესით, მითითებული მტკიცებულებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად ადვოკატი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებაზე (საქმე N609აპ-15).
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობა, ვინაიდან გამოძიება დაიწყო შემოსავლების სამსახურის წერილის საფუძველზე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის თაობაზე. წერილში ასევე მითითებული იყო გაურკვეველი ნივთიერებით გაჟღენთილი ფურცლების შესახებ. როგორც ზემოთ აღინიშნა, მებაჟე-ოფიცრის მიერ ამოღებული ნივთები დალუქული იყო 3 ფუთად და ინახებოდა მასთან. გამოძიება დაიწყო 2015 წლის 19 აგვისტოს და საგამოძიებო მოქმედება - მებაჟე-ოფიცერ გ. კ-ნ ამოღება განხორციელდა უმალვე, იმავე დღეს, 01:50 საათიდან 02:15 საათამდე პერიოდში.
მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ გამომძიებელმა გ. კ-ს წარუდგინა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების თაობაზე. წინასასამართლო სხდომაზე, ან პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დადგენილების, ამოღების ოქმისა და მოსამართლის განჩინების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საკითხი არ განხილულა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას კომუნიკაციის ერთმა მხარემ თანხმობა განაცხადა ამოსაღები ნივთების ნებაყოფლობით გადაცემაზე. სწორედ ამის დასტურს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 აგვისტოს განჩინება, რომლითაც შუამდგომლობა კანონიერად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ საჭიროებდა სასამართლოს განჩინებას.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ადვოკატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეზე პროცესის წარმოებისას არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნები. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ N609აპ-15 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ: „მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - ჩხრეკა და ამოღება გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების შემდეგ საჭიროებს სასამართლოს მხრიდან დაკანონებას, თუნდაც ბინისა თუ სხვა კერძო მფლობელობაში მისი მესაკუთრისა და კანონიერი მფლობელის თანხმობის შემთხვევაში პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ამ საპროცესო მოთხოვნებს ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 120-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილები“ [...]. პალატამ განმარტა, რომ: „მითითებულ საქმეში განსხვავებული იყო ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში საერთოდ არ იყო წარმოდგენილი გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ დადგენილება და დაცვის მხარემ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ჩხრეკის კანონიერება სადავოდ გახადა როგორც გამოძიების, ისე წინასასამართლო და საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე“.[1]
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც ამოღება განხორციელდა მებაჟე-ოფიცერთა, დადგენილების წარდგენის საფუძველზე, სასამართლოს განჩინება საგამოძიებო მოქმედების დაკანონებაზე უარის თქმის შესახებ ვერ გახდება აღნიშნული მტკიცებულების სანდოობისა და კანონიერების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით საქართველოში უკანონოდ შემოტანა. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვას, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი შენახვა/საქართველოში შემოტანა სპეციალური ნებართვის გარეშე დასჯად ქმედებადაა შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლის დისპოზიციებით.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოში შემოტანა გულისხმობს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოტანას. ამავე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა. ნუსხის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება კოკაინი (ფუძე და მარილები), 0,06 გრამიდან 0,6 გრამამდე წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას, 0,6-დან 6 გრამამდე დიდ ოდენობას, ხოლო 6 გრამიდან – განეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას. მოცემულ შემთხვევაში ლ. კ-ს მ-ო რ-ს მიერ უკანონოდ შეძენილი და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების ოდენობა წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას - 2230,81 გრამს.
ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულად არის თანხვდენილი. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2015 წლის 18 აგვისტოს პ-ი-თ-ს რეისით თ-ს საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილი ბ-ს მოქალაქის - ლ. კ-ს მ-ო რ-ს ბარგი დაექვემდებარა შემოწმებას, რადგან სკანირებისას დაფიქსირდა ბარგის საეჭვოობა, ხოლო ეჭვი გამართლდა, როდესაც წიგნის ყდებში აღმოჩნდა ფხვნილისებრი ნივთიერება. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“ (კოკაინის მარილი) 2230,81 გრამის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და კანონის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა. ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია დათვალიერებისა და საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირთა ხელმოწერებით. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2015 წლის 18 აგვისტოს ჩატარებულ მგზავრის დათვალიერებისა და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმებს გაეცნო ლ. კ-ს მ-ო რ-ო თარჯიმნის მეშვეობით და ოქმები დაადასტურა ხელმოწერით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მოწმეთა ჩვენებებში, ასევე – დათვალიერების ოქმში. ამოღებული წიგნები, მისი ყველა ფურცელი და სხვა ნივთებიც დაილუქა. რაც შეეხება თარჯიმანს, გამომძიებელმა იგი გააფრთხილა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე, ხოლო გამოძიებისას და 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სადავო არ გამხდარა თარჯიმნის მონაწილეობა საქმეში. ლ. კ-ს მ-ო რ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია როგორც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მასალებით, ისე – საგამოძიებო მოქმედების ოქმებითა და მასში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ექსპერტიზის დასკვნაში კი მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული პოლიეთილენის (FCI500559) პაკეტში და საკვლევი ობიექტის შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ იყო. თავის მხრივ, აღნიშნულ პაკეტში მოთავსებული იყო თეთრი ფერის პოლიმერული მასალის ტომარა, რომელიც დალუქული იყო ყვითელი ფერის ლუქით, წარწერით „CUSTOMS GE1115956“ და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. აღნიშნული გარემოებები სრულად შეესაბამება ბარგის დათვალიერების ოქმსა და ამოღების ოქმს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოში შემოტანილია 2230,81 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ (მარილი), ხოლო ნარკოტიკული საშუალების შესანიღბად გამოყენებული იყო წიგნების (მათ შორის, საბავშვო წიგნების) ყდები, რამაც ასახვა ჰპოვა სასჯელში. საბოლოო სასჯელი, ჩადენილი დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ნარკოტიკული საშუალების ოდენობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. კ-ს მ-ო რ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. კ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ლ. კ-ს მ-ო რ-ს გამართლებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. მოწმეების - ქ. ს-ს, გ. კ-ს, გ. რ-ს ჩვენებებით, მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - თ. ნ-ა და ს. ც-მ და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული ლ. კ-ს მ-ო რ-ს ბრალეულობა.
8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
9. პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. კ-ს მ-ო რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] იხ. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება N759აპ-16