საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№532აპ-17 ქ. თბილისი
გ-ე ი., 532აპ-17 26 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ამირან ხუციშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. გ-ეს, - - - დ. გ-ეს , - - - და ვ. ჭ-ეს, - - - ბრალად დაედოთ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილ ძალადობით, ჯგუფის მიერ; ი. გ-ეს ასევე ბრალად დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდეგო დაუფლების მცდელობა, მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში :
2015 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 02.35 საათზე, --, მაღაზია -- მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის ისანი–სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა – გ. კ-ემ, ი. კ-ამ და მ. გ-ემ შეამჩნიეს ნასვამი ნ. ხ-ი, ი. ჩ-ი, დ. გ-ე, ი. გ-ე, ვ. ჭ-ე, ლ. ჩ-ი, თ. ჩ-ი და მათთან ერთად მყოფი, გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები, რომლებიც ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ და ხამამაღლა იგინებოდნენ. პოლიციის მუშაკებმა, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, დასახელებულ პირებს მოუწოდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისაკენ, თუმცა პოლიციელების მოწოდებაზე, მათ გამოხატეს აგრესია, არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და პოლიციის მუშაკებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჯგუფურად და ძალადობით გაუწიეს წინააღმდეგობა, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ: გ. კ-ეს, ი. კ-სა და მ. გ-ეს ხელებისა და ფეხების დარტყმით ნ. ხ-მა, ი. ჩ-მა, დ. გ-მ, ი. გ-ემ, ვ. ჭ-ემ, ლ. ჩ-მა, თ. ჩ-მა და მათთან ერთად მყოფმა, გამოძიებით დაუდგენელმა სხვა პირებმა მიაყენეს სხეულის სხვადასხვა დაზიანება, ასევე დაუზიანეს უნიფორმები. აღნიშნულის გამო საჭირო გახდა დამხმარე ჯგუფის გამოძახება, თუმცა დ. გ. და მისი თანმხლები ზემოხსანებული პირები, არ დაემორჩილნენ ადგილზე მისული პოლიციის მუშაკების – ვ. ქ-სა და ი. ღ-ის კანონიერ მოთხოვნას, რომ შეეწყვიტათ ძალადობა და მათაც ჯგუფურად გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს სხეულის დაზიანებები. ჩხუბის დროს, კერძოდ იმ მომენტში, როდესაც ი. გ. და მისი თანმხლები პირები სცემდნენ პოლიციის მუშაკ მ. გ-ეს, ი. გ. ძალადობით შეეცადა იარაღის შესანახი ბუდიდან ამოეცალა „HC 9“ მოდელის სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, რათა მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან მ. გ-ემ ფიზიკური ძალის გამოყენებით არ მისცა ამის საშუალება, რა დროსაც დაუზიანდა შარვალი. აღნიშნულის შემდგომ, მას შემდეგ, რაც ადგილზე მივიდა დამხმარე ჯგუფი, ი. გ. კვლავ შეეცადა, დაუფლებოდა ცეცხლსასროლ იარაღს, რა დროსაც პოლიციის მუშაკ ვ. ქ-ს, რომელსაც სცემდნენ, დაუვარდა მასზე გაპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი. როდესაც შეეცადა მჭიდის აღებას, ი. გ-ემ ძალადობით იარაღის შესანახი ბუდიდან ამოაცალა „იერიხოს“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და მართლსაწინააღმდეგოდ შეეცადა მისაკუთრებას, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან ვ. ქ-მა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეძლო იარაღის დაბრუნება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით ი. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილითა და 19,237–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; დ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; ვ. ჭ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ამირან ხუციშვილმა და ითხოვა გამართლებულების – დ. გ-ის, ი. გ-სა და ვ. ჭ-ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით შემდეგ მოტივებზე მითითებით:
განაჩენში გადმოცემული დასკვნები და შეფასებები არის სუბიექტური და წარმოადგენს გამართლების დაუსაბუთებელ მცდელობას. ბრალდების მხარემ წარმოადგინა არაერთი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ი. გ-ის, დ. გ-სა და ვ. ჭ-ის ბრალეულობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო დაეყრდნო მოწმეების - ე. გ-სა და ქ. მ-ის ჩვენებებს, რომლებიც იყვნენ მიკერძოებულები და მათი ჩვენებები ეწინააღმდეგებოდა როგორც ბრალდებულთა ჩვენებებს, ისე - სხვა მტკიცებულებებს.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ბრალმდებელი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, პროკურორი საჩივარში არ უთითებს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ამირან ხუციშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე