საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №496აპ-17 ქ. თბილისი
ხ-ი დ. 496აპ-17 19 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ლ-ს ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით; დ. ხ-ს - ყაჩაღობაში დახმარებაში, ესე იგი თავდასხმაში დახმარებაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 7 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-….. მექანიზირებული ბრიგადის,…..-ე მექანიზირებული ბატალიონის,….. მექანიზირებული ასეულის, მე-….. ..... მეთაურ მ. ლ-ზე სამსახურებრივად გაპიროვნებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა მას აღნიშნული იარაღის სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან გატანის უფლება არ ჰქონდა. მ. ლ-ს გააჩნდა სხვადასხვა მატერიალური ვალდებულება და ესაჭიროებოდა თანხა, რის გამოც თავის თანამშრომელ დ. ხ-ს შესთავაზა, რაიმე უკანონო გზით ერთად მოეპოვებინათ ფული, რაზეც ეს უკანასკნელი დასთანხმდა. კერძოდ: ისინი შეთანხმდნენ, რომ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ქ. თბილისში, ….. არსებულ სს ,,…..ბანკის”- ფილიალს. ამ მიზნით, 2016 წლის 7 ივლისს მათივე თანამშრომელ გ. გ-ს სთხოვეს მისი კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც გადასაადგილებლად ესაჭიროებოდათ.
2016 წლის 7 ივლისს მ. ლ-ა და დ. ხ-ი გ. გ-ს ავტომანქანით გაემართნენ, რა დროსაც მ. ლ-მ სამხედრო ნაწილიდან, ფარულად წამოიღო ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. მათ ასევე თან წაიღეს წინასწარ მომზადებული ჩანთა, რომელშიც იდო შესანიღბად ასევე წინასწარ მომზადებული სპორტული კაპიუშონიანი სამოსი. ამის შემდეგ, კვლავაც შესანიღბად, დ. ხ-მ აფთიაქში შეიძინა ოთხი სამედიცინო პირბადე და რეზინის ხელთათმანები. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ, ისინი მივიდნენ წინასწარ შერჩეულ, ქ. თბილისში, …..მდებარე სს ,,…..ბანკის” …..ფილიალთან, ავტომობილი მოშორებით გააჩერეს და ვითარებას დააკვირდნენ.
მათ შენიშნეს, რომ იქვე შეჩერებული იყო ტაქსი, რომლის მძღოლსაც ესაუბრებოდა ბანკის დაცვის თანამშრომელი. დ. ხ-მ, თითქოსდა საჭიროების გამო, ტაქსი დაიქირავა და ტერიტორიას განარიდა, იმავდროულად მ. ლ-მ შენიშნა, რომ დაცვის თანამშრომელი წავიდა მაღაზიების მიმართულებით. რამდენადაც აღნიშნული ვითარება დანაშაულებრივი განზრახვის განსახორციელებლად იყო ხელსაყრელი, მ. ლ-ა წინასწარ მომზადებული ტანსაცმლით, კეპითა და პირბადით შეძლებისდაგვარად შეინიღბა. დაახლოებით 18:00 საათზე მან უკანონოდ შეაღწია ზემოხსენებულ …..ფილიალში და ყაჩაღურად თავს დაესხა ბანკის ფილიალში მყოფ თანამშრომლებს: ს. გ-ს, თ. ნ-სა და ე. ფ-ს, რა დროსაც მ. ლ-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით გაიტაცა სს ,,…..ბანკის”- კუთვნილი ფულადი თანხა - 6 677,50 ლარის ოდენობით, რომელიც შედგებოდა შედგენილი ლარის, დოლარისა და ევროს კუპიურებისგან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განაჩენით:
მ. ლ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
მ. ლ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 12 ივლისიდან.
დ. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლზე.
დ. ხ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 12 ივლისიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების - მ. ლ-სა და დ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 7 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-….. მექანიზირებული ბრიგადის,….. -ე მექანიზირებული ბატალიონის, …..მექანიზირებული ასეულის, მე-…… …..მეთაურ მ. ლ-ე სამსახურებრივად გაპიროვნებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა მას აღნიშნული იარაღის სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან გატანის უფლება არ ჰქონდა.
2016 წლის 7 ივლისს მ. ლ-მ სამხედრო ნაწილიდან ფარულად წამოიღო ზემოხსენებული ცეცხლსასროლი იარაღი და ქ. თბილისში, ….. მდებარე სს ,,…..ბანკის”- …..ფილიალთან წინასწარ მომზადებული ტანსაცმლით, კეპითა და პირბადით შეძლებისდაგვარად შეინიღბა. დაახლოებით 18:00 საათზე მან უკანონოდ შეაღწია ზემოხსენებულ ....ფილიალში და ყაჩაღურად თავს დაესხა ბანკის ფილიალში მყოფ თანამშრომლებს: ს. გ-ს, თ. ნ-სა და ე. ფ-ს, რა დროსაც მ. ლ-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით გაიტაცა სს ,,…..ბანკის” კუთვნილი ფულადი თანხა - 6 677,50 ლარის ოდენობით, რომელიც შედგებოდა შედგენილი ლარის, დოლარისა და ევროს კუპიურებისაგან.
აღნიშნული ქმედების ჩადენამდე მ. ლ-მ თავისი დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ უთხრა თავის თანამშრომელ დ. ხ-ს, თუმცა ამ უკანასკნელმა არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
3. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და დ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას სს „…..ბანკის“ …..ფილიალზე 2016 წლის 7 ივლისს განხორციელებული ყაჩაღობის მომზადებაში დახმარებისათვის. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა დ. ხ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყაჩაღობაში დახმარებისათვის), ხოლო 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, საცავში უკანონო შეღწევის ნაწილში, დაეთანხმა დ. ხ-თვის ბრალდების ამორიცხვის თაობაზე.
დაცვის მხარე საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. ლ-თვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება დ. ხ-ს, როგორც დამხმარის, მონაწილეობა მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებაში.
1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დ. ხ-მ განმარტა, რომ 2016 წლის 7 ივლისს თანამშრომლის პაპის გასვენებაში წასასვლელად სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მ. ლ-ს სთხოვა შუამდგომლობის გაწევა ხელმძღვანელობასთან, რომელიც დასთანხმდა და უთხრა, რომ თავადაც სურდა სამძიმარზე წასვლა. მან თანამშრომელ გ. გ-სგან ითხოვა ავტომანქანა და ლ-სთან ერთად წავიდა სამძიმარზე. ….. ლ-მ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში სპორტული ტანსაცმელი იყიდა, მისივე განმარტებით, ფიზიკური ნორმატივების ჩაბარებისას გამოსაყენებლად. …..კი ლ-ს თხოვნით სამედიცინო პირბადე იყიდა აფთიაქში, თუმცა რაში სჭირდებოდა, არ იცოდა. დაახლოებით 17:30 საათზე ….. ,,…..ბანკის” ფილიალში შევიდნენ ავტომანქანის საწვავის თანხის გამოსატანად, რა დროსაც ლ-მ მას გაუმხილა ბანკზე ყაჩაღური თავდასხმის განზრახვა. მან ლ-ს ურჩია, არ ეყაჩაღა და თავად უარი განუცხადა მხარდაჭერაზე. ამ საფუძვლით ისინი ავტომანქანაში შელაპარაკდნენ, რის გამოც მიატოვა ლ-ა და ტაქსით წავიდა იმ ადგილიდან. ამის შემდეგ მისთვის უცნობი იყო, ლ-მ ჩაიდინა თუ არა ბანკზე ყაჩაღური თავდასხმა. მოგვიანებით, მ. ლ-მ დაურეკა მას და სთხოვა ….. გარკვეულ ადგილას შეხვედრა, ვინაიდან ის თავად ….. ტერიტორიას არ იცნობდა და მარტო ვერ დატოვებდა იქაურობას. მან მიაკითხა ლ-ს ….., საიდანაც გ-ს ავტომანქანით ერთად დაბრუნდნენ ისევ სამხედრო ნაწილში, სადაც მანქანა დაუბრუნეს პატრონს. დანაშაულთან დაკავშირებით მასა და ლ-ს შორის საუბარი აღარ შემდგარა. მოგვიანებით იგი დააკავეს ყაჩაღობაში დახმარების ბრალდებით. იგი ….. ცხოვრობდა და ამ უბანს კარგად იცნობდა, ხოლო ლ-ა საერთოდ არ იცნობდა …... შემთხვევის დღეს იგი დაკრძალვაზე ვერ მივიდა, რადგან დააგვიანდა, თუმცა შემდეგ მაინც მივიდა მათთან ოჯახში პატივისცემის ნიშნად. გ-ს ავტომანქანაში იდო მისი ზურგჩანთა, რომელიც მ. ლ-ს აჩუქა, ხოლო შიგ რა იდო, მისთვის უცნობია. მანვე აღნიშნა, რომ სამხედრო ნაწილში ლ-ს მისთვის არ უჩვენებია დასვრილი ფულის კუპიურები. გ-ს მიერ ფულის გადახურდავების თაობაზე მან არაფერი იცოდა. ლ-მ მას რამდენჯერმე მისცა ფული სხვადასხვა საჭიროებისთვის, თუმცა თანხა მთლიანად რა რაოდენობის იყო და რა გზით იყო მოპოვებული, არ იცის. მანვე დაადასტურა, რომ ბანკის ფილიალის წინ მის მიერ დაქირავებული ტაქსის გარდა, სავარაუდოდ, სხვა ავტომობილებიც იდგნენ. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მ. ლ-მ, რომელმაც განმარტა, რომ დ. ხ-ი მას გაემიჯნა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, თუმცა მასთან მეგობრული ურთიერთობის გამო დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. მან აყიდვინა ხ-ს სპორტული ტანსაცმელი და სამედიცინო პირბადე, თუმცა არ უთქვამს, რისთვის სჭირდებოდა.
მოწმე გ. გ-მ სასამართლოს აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს, შუადღეს, თანამშრომელმა დ. ხ-მ სთხოვა მისი კუთვნილი ,,nissan skyline”-ს მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით ….., რომელსაც იმავე დღეს დააბრუნებდა. გ-ს ხ-თან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და უარი არ უთქვამს. ხ-მ ავტომანქანა დააბრუნა იმავე დღეს, დაახლოებით 18:30 საათზე.
საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დანაშაულში თანამონაწილეობის ერთ-ერთი სახეა დამხმარე, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენაში ხელის შეწყობას. დანაშაულის ჩადენაში დახმარება შეიძლება როგორც პირდაპირი, ასევე ევენტუალური განზრახვით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დ. ხ-ს დახმარების განზრახვას დაადასტურებდა მ. ლ-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენაში. ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები დ. ხ-ს მიმართ არსებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, არც ცალ-ცალკე და არც ერთობლივად გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით არ ადასტურებს ხ-ს ბრალეულობას ყაჩაღობაში დახმარებაში. აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების მხარის ეჭვს, რომ შესაძლოა, დ. ხ-ს ხსენებული ქმედებებით დახმარება გაეწია მ. ლ-თვის. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, რომ დ. ხ-ი მ. ლ-ს დანაშაულის ჩადენამდე, წინასწარ შეჰპირდა დახმარებას. მართალია, ხ. ბანკის ფილიალის სიახლოვეს მდგარი ტაქსის საშუალებით წავიდა მიმდებარე ტერიტორიიდან, თუმცა ,,….. ბანკის” გარე სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერებით დგინდება, რომ აღნიშნული მანქანის გარდა, მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა მანქანებიც იდგნენ და იგი ყაჩაღური თავდასხმის სისრულეში მოყვანისთვის მთავარ ხელის შემშლელ გარემოებას არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, ბანკის ფილიალს იცავდა დაცვის თანამშრომელი. როდესაც ხ-ი ზ. გ-ს ავტომანქანით განერიდა ბანკის მიმდებარე ტერიტორიას, ამ პერიოდში ფილიალს ჯერ კიდევ იცავდა დ. გ-ა. ძნელი წარმოსადგენია, მ. ლ-სა და დ. ხ-ს ზ. გ-ს ჩამოცილების შემდეგ ,,გაეთვალათ”, რომ ბანკის ფილიალის დაცვის ერთადერთი თანამშრომელი დ. გ-ა სამუშაო საათების დროს დაცვის ობიექტს დატოვებდა და ლუდის დასალევად წავიდოდა ბარში.
სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარემ არ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაზეც ძირითადად აპელირებს, რომ დ. ხ-მ აფთიაქში პირბადე და ხელთათმანები იმ მიზნით შეიძინა, რომ მ. ლ-ს ყაჩაღობაში დახმარებოდა.
ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სრულიად სამართლიანად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა დ. ხ-ს დახმარება მ. ლ-ს მიერ ჩადენილ ყაჩაღობაში და დ. ხ-ს ქმედება წარმოადგენს დამოუკიდებელ დანაშაულს, ვინაიდან მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მ. ლ-ს მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც მან ნამდვილად იცოდა.
სასამართლომ განმარტა, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში, უმოქმედობაში, კერძოდ, კომპეტენტური ორგანოებისთვის შეუტყობინებლობაში, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. ასეთი ორგანოები არის როგორც საკუთრივ სამართალდამცავი (მაგ. პოლიცია, პროკურატურა და ა.შ.), ისე ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი, ცენტრალური თუ ადგილობრივი ორგანოები. შეტყობინება დანაშაულის მზადების ან ჩადენის ფაქტის შესახებ აუცილებელია, გაცხადდეს უმოკლეს ვადაში. მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მ. ლ-მ ,,…..ბანკის” ….. ფილიალზე განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, რომლის შესახებაც მან ჩადენამდე წინასწარ უთხრა დ. ხ-ს, ხოლო ამ უკანასკნელმა ლ-ს განზრახვის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
მსჯავრდებულ მ. ლ-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, გარდა მ. ლ-ს აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - ს. გ-ს, თ. ნ-სა და ე. ფ-ს, მოწმეების: ლ. გ-ს, ხ. დ-ს, ლ. ქ-ს, დ. გ-ს, პ. ლ-ს, ზ. გ-ს, ზ. შ-ს, ნ. კ-ს, კ. ჯ-ს ჩვენებებით, აგრეთვე სს ,,…..ბანკის” იურისტ ლ. ს-ს, ე. ბ-ს, ნ. გ-ს, მ. კ-ს, თ. ყ-ს, ზ. კ-ს, ი. მ-ს, დ. კ-ს, თ. თ-ს, დ. რ-ს, ბ. ხ-ს, გ. ფ-სა და გ. გ-ს ჩვენებებით, 2016 წლის 18 ივლისის იარაღის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 7 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - გ. გ-მ, გ. უ-მ და ჯ. მ-მ, 2016 წლის 11 ივლისის ფულადი თანხის კუპიურების დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 12 ივლისის ფულადი თანხის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 12 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ლ. გ-მ და ექსპერტებმა - გ. ბ-მ და გ. ს-მ, 2016 წლის 12 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით, ბრალდებულ მ. ლ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, 2016 წლის 13 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლის სისწორე დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - გ. ს-მ და ზ. ჯ-მ, 2016 წლის 18 ივლისის №….. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, 2016 წლის 20 ივლისის სუნის ნიმუშის აღების ოქმით, 2016 წლის 27 ივლისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №….. დასკვნით, ექსპერტმა მ. ჩ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას, ლ. გ-ს მონაწილეობით დათვალიერებული ,,…..” აფთიაქის შიგა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებისა და სს ,,…..ბანკის” გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერების 2016 წლის 7 ივლისის ვიდეოჩანაწერებით, სს ,,…..ბანკის” ჩანაწერებით, მოწმე გ. გ-ს მონაწილეობით დათვალიერებული 112-დან და შპს ,,…..” გამოთხოვილი ვიდეომასალებით, მოწმე გ. გ-ს მონაწილეობით დათვალიერებული შპს …..” გამოთხოვილი ვიდეომასალებით, 2016 წლის 17 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის №….. დასკვნით, ექსპერტმა ნ. მ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას, აგრეთვე მოწმეების - გ. ტ-ს, ს. კ-ს, ი. ლ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, საპატრულო პოლიციის ავტომანქანისა და ვიდეოკამერებით დაფიქსირებული ვიდეო-აუდიოჩანაწერებით, სასამართლო-ჰაბიტოსკოპიური, ვიდეო-აუდიოფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა და მ. ლ-ს ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა. კასატორი საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ხ-ს ქმედების სამართლებრივი შეფასების ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა, თუ რატომ არ დასტურდებოდა დ. ხ-ს დახმარება მ. ლ-ს მიერ ჩადენილ ყაჩაღობაში და რატომ მოიცავდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით დადგენილ ელემენტებს დ. ხ-ს ქმედება.
9. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი განსახილველ შემთხვევაში არ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით საქმის განხილვას, რასაც შესაძლოა, ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა ამირანაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი