საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.02.2018
საქმის ნომერი
2კ-543აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №543აპ-17 ქ. თბილისი

ქ-ე გ., 543აპ-17 27 თებერვალი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნელი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის განაჩენით გ. ქ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 27 აგვისტოდან.

განაჩენით მსჯავრდებულ გ. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, სოფელ ….. გ. ქ-მ, მამამისსა და დაზარალებულ გ. ქ-ს შორის მომხდარი კონფლიქტის გამო წარმოშობილი შურისძიების მოტივით, დანის გამოყენებით სცადა თავისი ნათესავის - გ. ნ-ს ძე ქ-ს მკვლელობა, რა დროსაც გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა. ბრალდებულმა განზრახვა ბოლომდე სისრულეში ვერ მოიყვანა იმის გამო, რომ დანა გადატყდა, იმავდროულად, ისინი გააშველეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა და დაზარალებული ავტომანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში, ხოლო დაცვის მხარე - კვალიფიკაციის ნაწილში.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატის აზრით, 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. გ. ქ-ს მიერ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ გ. ქ-ს, მოწმეების: ბ. მ-ს, ი. ლ-ს, ი. ქ-ს, კ. ჯ-ს, ს. ქ-ს, ვ. ლ-ს, ა. ქ-ს, ზ. ქ-ს, გ. ქ-ს, დ. გ-ს, ნ. ჯ-ს, ე. ჩ-ს, ნ. კ-ს, მ. ბ-ს ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები.

განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული არ უარყოფს დაზარალებულის დაჭრის ფაქტს, მაგრამ სადავოდ ხდის ქმედების კვალიფიკაციას, კერძოდ, განმარტავს, რომ დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. მას მამამისის ცემის ფაქტი არ დაუნახავს, რადგან ამ დროს იყო ჯიხურში. ჯიხურიდან რომ გამოვიდა, გაემართა მამისკენ, რომელიც იყო მიწაზე მწოლიარე, ხოლო მიზეზი, რის გამო იყო წაქცეული, არ იცოდა. დაზარალებული მის სიახლოვეს არც უნახავს. მან მხოლოდ მას შემდეგ მოიქნია ხელი, რაც დაზარალებულმა მას დაარტყა. დანა კი სუფრასთან ხელში ეჭირა და გამოჰყვა.

მსჯავრდებულის განმარტება სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ითვალისწინებს პასუხიმგებლობას განზრახი მკვლელობის ჩადენისათვის. მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით, რა დროსაც ხელყოფის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე. ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის მნიშნელოვანია, დადგინდეს ყველა გარემოება ერთობლივად, როგორიცაა: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, ჯანმრთელობის დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მისი ლოკალიზაცია. დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩადენილია მკვლელობის მცდელობა. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად კი, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახ ქმედება, რომელიც თუმცა მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. შესაბამისად, მცდელობა გამოკვეთილია მაშინ, როდესაც შედეგი არ დადგა დამნაშავისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა, მამამისსა და დაზარალებულს შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, დანის გამოყენებით სცადა დაზარალებულ გ. ქ-ს მკვლელობა, რა დროსაც გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა. მან განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, რადგან დანა გადატყდა, ამავდროულად, ისინი გააშველეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა. აღნიშნული დასტურდება დაზარალებულისა და შემთხვევის ადგილზე მყოფ მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ:

დაზარალებულ გ. ქ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე, იგი სოფელ ….., საავტომობილო გზის პირას მდებარე ჯიხურში ბ. მ-თან, ი. ქ-სთან, ი. ლ-თან, კ. ჯ-სთან ერთად სვამდა არაყს. დაახლოებით ერთ საათში სუფრას შეუერთდა მისი ბიძაშვილი გ. ქ-ე. მაგიდა გაშლილი ჰქონდათ ჯიხურის შუაგულში, ჯიხურს შუაში ჰქონდა ჩამოსაფარებელი სარკმელი, რომელიც იყო აწეული და ჩანდა ჯიხურის წინ არსებული ტერიტორია. სუფრის მსვლელობისას არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. გ. ქ-ს მისვლიდან ცოტა ხანში სუფრა დატოვეს ი. ქ-მ და კ. ჯ-მ. მალე თავადაც გამოვიდა გარეთ პირადი საქმისთვის. ჯიხურიდან დაახლოებით 5-7 მეტრში მასთან მივიდა ნასვამი ა. ქ-ე (მსჯავრდებულის მამა) და მიმართა აგრესიული ტონით, თუ რატომ იყო მისი საქონელი გადასული ნაკვეთში. აღნიშნულზე შეკამათდნენ, რა დროსაც ა. ქ-მ შეაგინა დედა. საპასუხოდ თვითონ მოსაშორებლად ხელი ჰკრა ა. ქ-ს, რომელიც დაეცა და წაქცეულიც აგრძელებდა გინებას. დაზარალებულმა განმარტა, რომ აღელვების გამო ხელის კვრა ცოტა ძლიერად მოუვიდა და ცდილობდა ა. ქ-ს წამოყენებას. ის თითქმის წამოყენებული ჰყავდა, როდესაც დაინახა ჯიხურიდან სწრაფად გამოსული გ. ქ-ე, რომელიც აგრესიულად, გინებით მიდიოდა მისი მიმართულებით. დაზარალებულმა ხელი გაუშვა ა. ქ-ს და მოსაგერიებლად ფეხი აუწია გ. ქ-ს. მათ ერთმანეთს მოუქნიეს ხელები, დაზარალებულმა მაშინვე შეიგრძნო წვა გულმკერდის მიდამოში და წამოუვიდა სისხლი. დაიხედა და დაინახა მარჯვენა გულმკერდის არეში, იღლიის ქვეშ, ჩარჩენილი დანის პირი, რომელიც ეტყობა დარტყმისას გადატყდა. დაზარალებულმა დანის პირი თავისივე ხელით გამოიძრო და მოისროლა რუში. ამ დროს ჯიხურიდან გამოვიდნენ და გასაშველებლად მივიდნენ ბ. მ-ი და ი. ლ-ი. გაშველებისას გ. ქ-ე მის მიმართ იყო აგრესიული და იგინებოდა. დაჭრის შემდეგ თავადაც აღელდა და საჩხუბრად იწევდა გ-სკენ, მაგრამ გააშველეს, სასწრაფოდ ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ კონფლიქტი, ხელით შეხება მასა და გ. ქ-ს შორის გაშველებამდე გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წამს, რა დროსაც პირადად რაიმე საგანი არ გამოუყენებია და არც დარტყმის მომენტში შეუმჩნევია გ-ს ხელში დანა. აღნიშნული დანა იყო ლურჯტარიანი, დაახლოებით 20 სმ სიგრძის, რომელიც თვითონვე ჰქონდა მიტანილი სუფრაზე და იყენებდნენ პროდუქტის დასაჭრელად.

მსჯავრდებულის განმარტება, რომ იგი ჯიხურიდან გამოსვლისას გაემართა მიწაზე მწოლიარე მამისკენ, მიზეზი კი არ იცოდა, რადგან კონფლიქტი არ დაუნახავს, არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან აღნიშნული ვერსია ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებს, კერძოდ:

მოწმის სახით დაკითხვისას ზ. ქ-მ განმარტა, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს ბრუნდებოდა ნაკვეთიდან და შეჩერდა მოსაცდელი ჯიხურის უკან არსებულ წყაროსთან. ამ დროს დაახლოებით 10 მეტრის სიშორიდან მოესმა ხმამაღალი ლაპარაკი ძროხების თაობაზე და დაინახა, რომ დაზარალებულმა გ. ქ-მ ხელი მოუქნია ა. ქ-ს, რის შემდეგაც ა. წაიქცა. ამ დროს იქვე მდებარე ჯიხურიდან გამოვიდა ა-ს შვილი - გ. ქ-ე და დაზარალებულს ჰკითხა, თუ რატომ დაარტყა მამამისს. დაზარალებულმა არაფერი არ უპასუხა, გაემართა მისკენ და ხელი დაარტყა თავის არეში. მოწმემ აღნიშნა, რომ მას არ დაუნახავს საპასუხო დარტყმა, რადგან მოჩხუბრები მალევე გააშველეს. თავად გაემართა ა. ქ-სკენ, უნდოდა ეკითხა, თუ რა მოხდა. ამ დროს დაინახა, რომ ი. ქ-მ და ს. ქ-მ დაზარალებული მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს საავადმყოფოში.

ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჯიხურში მყოფ პირებს გარედან მოესმათ ხმაური, რის გამოც მსჯავრდებულმა გ. ქ-მ ფანჯრიდან გაიხედა, შემდეგ წამოდგა, აიღო დანა და გარეთ გავიდა, დასტურდება მოწმე ი. ლ-ს ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს, საღამოს საათებში, მეზობლებთან ერთად გადაწყვიტა არყის დალევა. ჯიხურში მასთან ერთად იმყოფებოდნენ დაზარალებული ი. ქ-ე, ბ. მ-ი და კ. ჯ-ე. ცოტა ხანში მათ შემოუერთდა გ. ქ-ც, რომელიც სვამდა ლუდს და იჯდა ფანჯრის სიახლოვეს. გარკვეული დროის შემდეგ დაზარალებული გ. ქ-ე გავიდა ჯიხურიდან და იქ დარჩნენ სამნი: ი. ლ-ი, ბ. მ-ი და მსჯავრდებული. დაზარალებულის გასვლიდან რამდენიმე წუთში გარედან მოესმათ ხმაური, გ. ქ-მ გაიხედა ფანჯრიდან, შემდეგ წამოდგა, სუფრიდან აიღო დანა და სწრაფად გავიდა ჯიხურიდან. მას უკან მიჰყვა ბ. მ-ი და რამდენიმე წამის დაგვიანებით - ი. ლ-ი. მოწმემ განმარტა, რომ მან დაინახა ჩხუბის ფაქტი, თუმცა დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, რადგან ყველაფერი ათიოდე წამში დასრულდა, მოჩხუბრები გააშველეს. მსჯავრდებული ბ. მ-მ გაიყვანა, ხოლო თვითონ დაიჭირა დაზარალებული, რომელიც აღელვებული იყო, სისხლი მოსდიოდა მარჯვენა იღლიის ქვემოდან და ამბობდა, რომ დანის პირი თავისი ხელით გამოიძრო სხეულიდან. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ბ. მ-მაც, რომელმაც მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს, საღამოს საათებში, მივიდა …..შესასვლელთან მდებარე მოსაცდელ ჯიხურში, სადაც სვამდნენ ი. ლ-ი და ბრალდებული გ. ქ-ე. ჯიხურის ფანჯარა ახდილი იყო და მის სიახლოვეს გ. ქ-ე იჯდა. მოულოდნელად გარედან შემოესმათ ჩოჩქოლი და ჩხუბის ხმა, გ. ქ-ე ჯიხურიდან გავიდა და თვითონაც უკან გაჰყვნენ. გარეთ გასულმა დაინახა, რომ ჯიხურიდან 2-3 მეტრში, გზის პირას, ჩხუბობდნენ მსჯავრდებული და დაზარალებული. მოწმემ აღნიშნა, რომ მან ჯიხურიდან გამოსვლისას გ. ქ-ს (მსჯავრდებული) ხელში დაინახა 20-25 სმ სიგრძის ლურჯტარიანი დანა, რომელსაც მანამდე სუფრაზე იყენებდნენ და მაგიდაზე იდო. მოჩხუბრები გააშველეს, თავად მსჯავრდებული გაიყვანა მისი მანქანისკენ. როდესაც დაზარალებულთან მივიდა, დაინახა, რომ მას სისხლი მოსდიოდა და მარჯვენა იღლიის ქვეშ ჰქონდა ჭრილობა. იქვე იდგა ვ. ლ-ს მანქანა, რომელშიც ჩასვეს დაზარალებული და წაიყვანეს საავადმყოფოში. მოწმემ აღნიშნა, რომ დაჭრის მომენტი არ შეუმჩნევია, დაინახა მხოლოდ, რომ ჯერ დაზარალებულმა დაარტყა ხელი მასთან მისულ მსჯავრდებულს და შემდეგ მოხდა დაჭრა, ა. ქ-ე იქ არ შეუნიშნავს, ხოლო რატომ დაიწყო ჩხუბი იმ მომენტში, ვერ გაარკვია, რადგან მას კონფლიქტი დაზარალებულსა და ა.ქ-ს შორის არ დაუნახავს.

მსჯავრდებულის განმარტება, რომ მას არ დაუნახავს მის ნათესავსა და მამას შორის მომხდარი კონფლიქტი, ეწინააღმდეგება ასევე მისი მამის - ა. ქ-ს მიერ მიცემულ ჩვენებას, სადაც მან განმარტა, რომ დაინახა, მისი შვილი ჯიხურიდინ როგორ გამოვარდა გაბრაზებული და დაზარალებულს მიმართა, თუ რატომ დაარტყა ხელი მამამისს. კერძოდ, მოწმის სახით დაკითხვისას ა. ქ-მ განმარტა, რომ 2015 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე, სახლიდან გავიდა სოფელ ….. ე. წ. ბირჟაზე. ამ დროს შეხვდა მაღაზიიდან მომავალი დაზარალებული გ. ქ-ე, რომელსაც მიუთითა ნახირიდან მომავალ ერთ-ერთ ძროხაზე და ჰკითხა, მისი იყო თუ არა, რადგან ხშირად გადადიოდა მის ნაკვეთში. გ. ქ-ე უმიზეზოდ გაბრაზდა, შეაგინა და მოულოდნელად ხელი დაარტყა, დარტყმისგან წაიქცა. მიწაზე დავარდნილი იყო დაახლოებით ორი წუთი, მას წამოდგომაში არავინ მიხმარებია. ამ დროს სამ-ოთხ მეტრში არსებული მოსაცდელის ჯიხურში მისი შვილი გ. ქ-ე ლუდს სვამდა. იგი გამოვარდა გაბრაზებული და დაზარალებულს მიმართა, თუ რატომ დაარტყა ხელი მამამისს. ბოდიშის მოხდის ნაცვლად, დაზარალებული მივარდა ბრალდებულს, ხელის დარტყმით წააქცია და მიწაზე დავარდნილს ფეხიც ჩაარტყა. როგორც ახსოვს, როდესაც ბრალდებული წამოდგა, ხელი მოუქნია დაზარალებულს, რის შემდეგაც მას წამოუვიდა სისხლი. ამ დროს ჯიხურიდან გამოსულმა ბ.მ-მ და ი.ლ-მ დაზარალებული გააკავეს და გაიყვანეს მოშორებით. მოწმის აზრით, ბრალდებულმა დაინახა დაზარალებულის მიერ მისთვის ხელის დარტყმა, აღელდა და ეს იყო დაჭრის მიზეზი.

სააპელაციო პალატის აზრით, მსჯავრდებულის განზრახვაზე ასევე მეტყველებს მიყენებული ჭრილობის ადგილმდებარეობა და დაზიანების ხარისხი, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, დაზარალებულ გ. ქ-ს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარჯვნივ, მე-6-მე-7 ნეკნთშუა სივრცეში, წინა აქსილარულ ხაზზე, შემავალი მარჯვენა პლევრისა და მუცლის ღრუებში, დიაფრაგმისა და ღვიძლის დაზიანებით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ნ. ჯ-მ. ასევე, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ დაზარალებულ გ. ქ-ს ქურთუკზე წინა მარჯვენა მხარეს, ქვედა კიდიდან 29 სმ-ის და მარჯვენა გვერდითი ნაკერიდან 18 სმ-ის მოშორებით აღინიშნება ირიბად განლაგებული გამჭოლი დაზიანება, სიგრძით დაახლოებით 17 მმ. ქურთუკის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. კ-მ.

შესაბამისად, აპელანტის განმარტება იმის შესახებ, რომ თითქოსდა, საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულის განზრახვა, ჩაედინა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ეწინააღმდეგება როგორც მოწმეთა ჩვენებს, ასევე - საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გ. ქ-მ დაინახა მის მამასა და ნათესავს შორის მომხდარი კონფლიქტი, მაგიდიდან აიღო დანა, გავიდა ჯიხურიდან და დაზარალებულს გულმკერდის წინა ზედაპირზე მიაყენა ჭრილობა. დარტყმის შედეგად დანის პირი გადატყდა, ხოლო მოჩხუბრები კი იქ მყოფმა პირებმა გააშველეს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ კონფლიქტი სულ რამდენიმე წამს გრძელდებოდა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულის განმარტება, რომ მან დაზარალებულს ხელი მოუქნია მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა დაარტყა და, შესაბამისად, იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის მიხედვით, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. პალატამ განმარტა, რომ აუცილებელი მოგერიება შედგება სუბიექტური და ობიექტური კომპონენტებისაგან. ობიექტურად უნდა არსებობდეს ხელყოფა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობებია: ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, რეალური, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და პირს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი. შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება მხოლოდ მაშინ იკვეთება, როცა აუცილებელი მოგერიების ვითარების ყველა პირობა არსებობს, მომგერიებელს არ დაურღვევია დაცვის მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს. განსახილველ შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულსა და ა. ქ-ს შორის მომხდარი ინციდენტი ფაქტობრივად მაშინვე ამოიწურა და არ არსებობდა ისეთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა მისი განგრძობის საშიშროებაზე. ამრიგად, არ არსებობდა მოგერიების წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილია მსჯავრდებულ გ. ქ-ს მიერ მასზე ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა, რის გამოც სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნელი ორჯონიკიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ. ქ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.

9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ.ქ-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (საქმე #399აპ-14).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნელი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი