საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №494აპ-17 ქ. თბილისი
შ-ა რ. 494აპ-17 12 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. შ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განაჩენით რ. შ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. შ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 18 ოქტომბრიდან.
განაჩენით რ. შ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 18 ოქტომბერს, საღამოს საათებში, საქართველოს შს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ….. სამმართველოს ….. განყოფილების თანამშრომლები - რ. ჩ-ი, მ. ა-ი, დ. ნ-ე, შ. გ-ი, ა. მ-ე და ვ. ო-ე პოლიციის უნიფორმით ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, თბილისში, ….. ქ.N…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შეამჩნიეს, რომ რამდენიმე მთვრალი მამაკაცი ერთმანეთს ხმამაღლა ეკამათობოდა უხამსი სიტყვებით. პოლიციელებმა მოსთხოვეს მათ შეეწყვიტათ კამათი და მოუწოდეს წესრიგისკენ. პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა ერთ-ერთი მათგანი - რ. შ-ა, რომელმაც ჯერ მარჯვენა ხელი სახის არეში გაარტყა ….. სამმართველოს ….. განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ მ. ა-ს, ხოლო შემდეგ ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო დანა, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით სწრაფად გახსნა და ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, მოუქნია მარცხენა გვერდის არეში, თუმცა მ. ა-მ მოასწრო უკან გახტომა და აიცილა მოქნეული დანა. პოლიციის თანამშრომლებმა რ. შ-ს მაშინვე გააგდებინეს დანა ხელიდან და დააკავეს შემთხვევის ადგილზე.
ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 თებერვლის განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევმა რ. შ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ცივი იარაღი - დანა, რომელსაც 2016 წლის 18 ოქტომბერს, თბილისში, ….. ქ.N…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ატარებდა.
აპელანტის მოთხოვნა: აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. შ-მ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილში გამართლებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ მსჯავრდებულ რ. შ-ს არ ჩაუდენია პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომ მან დანა ამოიღო მხოლოდ მისი გადაგდების სურვილით და ამოღებისას იგი შემთხვევით გაიხსნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დანის ტარს პირის შეერთების მიდამოში, მარცხნივ, აღენიშნება ზამბარიანი საფიქსირებელი მექანიზმი (ღილაკი) ფიქსატორი, მის ქვემოთ კი გააჩნია ლითონის პატარა მოძრავი ღერძი - დამატებითი (გამაძლიერებელი) ფიქსატორი. დანის პირი იხსნება და იკეცება კონსტრუქციული ღილაკიანი ფიქსატორის მეშვეობით. აღნიშნული დანა გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და დანის ვიზუალური დათვალიერება გამორიცხავს ფიქსატორებზე ხელის დაჭერის გარეშე, დანაზე შემთხვევითი შეხებით, მის ავტომატურად გახსნას. სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს, რომ დანის გახსნილ მდგომარეობაში ჭერა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულმა მიზანმიმართულად ამოიღო დანა ჯიბიდან, გახსნა და ჯანმრთელობის ხელყოფის მიზნით მოუქნია პოლიციელს.
როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე ნეიტრალური მოწმეები - მოქალაქეები აცხადებენ, რომ ქუჩაში მათი ყურადღება მიიქცია 4 მამაკაცის ჩხუბმა და აყალ-მაყალმა, ყველა დასახელებული პირი კატეგორიულად აცხადებს, რომ მსჯავრდებული და მისი თანმხლები პირი ქუჩაში გამომწვევად იქცეოდნენ და ჩხუბობდნენ 2 უცნობ მამაკაცთან. სწორედ აღნიშნულმა ფაქტორმა განაპირობა პოლიციელების ჩართვა ინციდენტში და კონფლიქტის განმუხტვა, რასაც რ. შ-ს უკურეაქცია და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მოჰყვა.
ის გარემოება, რომ ზოგ მოწმეს არ დაუნახავს რომელიღაც კონკრეტული ფაქტი, არ გამორიცხავს ფაქტის არსებობას. დაზარალებული და სხვა თვითმხილველი მოწმეები დეტალურად აღწერენ დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, საგულისხმოა, რომ ნეიტრალური მოწმეები (მოქალაქეები) ო. ჯ-ე და კ. ქ-ი სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტავენ, რომ მსჯავრდებული იყო აგრესიული პოლიციის თანამშრომელთა მიმართ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ,,ადგილი ჰქონდა გაწევ-გამოწევას“. აღნიშნული გარემოება ცალსახად ადასტურებს, რომ რ. შ-ა ფიზიკურადაც უპირისპირდებოდა პოლიციელებს.
რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ დაზარალებულს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზიანების კვალი არ აღენიშნება, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ როგორც დაზარალებული და მოწმეები აღწერენ, რ. შ-მ მ. ა-ს მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ დაზარალებულს ტკივილი განეცადა, თუმცა არ დარჩენოდა დაზიანების კვალი, მით უფრო ისეთი დაზიანებების, რომლებზეც დაცვის მხარე მიუთითებს - ექსკორიაცია, ჭრილობა. პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა ფორმალური დანაშაულის, იგი დამთავრებულია ხელყოფის მცდელობისთანავე და სწორი კვალიფიკაციისათვის არ არის აუცილებელი ზიანი ფაქტობრივად დადგეს. დაზარალებულისა და მოწმე პოლიციელების ჩვენებებით ეჭვსგარეშე მტკიცდება, რომ რ. შ-მ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხელშეშლის მიზნით ხელთ არსებული ცივი იარაღი - დანა ჯანმრთელობის ხელყოფის მიზნით მოუქნია მ. ა-ს, რომელმაც მოქნეული დანა აიცილა, ხოლო რ. ჩ-მ განაიარაღა თავდამსხმელი რ. შ-ა.
გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, გასათვალისწინებელია რ. შ-ს პიროვნული მახასიათებლების ამსახველი მტკიცებულებები და მისი დამოკიდებულება ზოგადად სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ, კერძოდ: პოლიციელ მ. ა-ს ჯანმრთელობის ხელყოფამდე, რამდენიმე თვით ადრე, 2016 წლის 24 იანვარს, რ. შ-ა გამოავლინეს ადმინისტრაციულსამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულების ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის და დაედო ადმინისტრაციული სახდელი. სასამართლო სხდომაზე რ. შ-ა აცხადებდა, რომ სკოლის ასაკიდან გაუჩნდა „პოლიციელების მიმართ ზიზღი“.
სააპელაციო პალატამ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები და მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ რ. შ-ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. შ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - დაზარალებულ მ. ა-სა და მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება რ. შ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი