საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №580აპ-17 ქ. თბილისი
ა-ი გ., 580აპ-17 4 აპრილი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქრისტინე კვეკვეციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის განაჩენით გ. ა-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 12000 ლარი, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 12000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2016 წლის 6 სექტემბრიდან 2017 წლის 28 მარტის ჩათვლით - გ. ა-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 7000 ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გ. ა-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 16 ივლისის განჩინებით ნ. ა-ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა უნდა მოეხსნას ნ. ა-ს სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარეს თბილისში, ....., ….. მიკრორაიონი, კორპუსი #....., ბინა #....., საკადასტრო კოდით N…..
განაჩენით მსჯავრდებულ გ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: გ. ა-მ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა სხვის ფულად თანხას. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, იცოდა რა ის გარემოება, რომ მყარი გარანტიის გარეშე მას თანხას არავინ მისცემდა, 2015 წლის ივნისში …..რაიონის სოფელ…..მდებარე საცხოვრებელ სახლში იგი ფარულად დაეუფლა თავისი ძმის ნ. ა-ს პირადობის მოწმობას, რადგან იცოდა, რომ ნ. ა-ს სახელზე საკუთრებაში რეგისტრირებული იყო უძრავი ქონება - ქ. თბილისში, ….., ….მ/რ-ის მე-….კორპუსში მდებარე ....-ე ბინა და აღნიშნული საცხოვრებელი ბინის საშუალებით თავისუფლად გააფორმებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას.
2015 წლის ივნისში გ. ა-ი ქ.თბილისში შეხვდა თანხის გამსესხებელ თ. ო-ს, რომელსაც გაეცნო ნ. ა-ს სახელით. ისინი შეთანხმდნენ სესხის პირობებზე და 2015 წლის 22 ივნისს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მივიდნენ ქ.თბილისში, ….. მ/რ, კორპუს N…..-ში მდებარე ნოტარიუს რ. ნ-ს სანოტარო ბიუროში. გ.ა-ი ნოტარიუს რ. ნ-ს გაეცნო, როგორც ნ. ა-ი და წარუდგინა ნ. ა-ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა. მხარეები დათანხმდნენ რა ხელშეკრულების შინაარსსა და პირობებს, სანოტარო აქტი დაადასტურეს ხელმოწერით, რაც დაამოწმა ნოტარიუსმა რ. ნ-მ. აღნიშნულის საფუძველზე იპოთეკარმა თ. ო-მ ნ. ა-ს საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ….., …..მ/რ, კორპუსი ….., ბინა …..-ში განთავსებული 29.00 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინის უზრუნველყოფით, ხუთი თვის ვადით, ყოველთვიური 2,5% სარგებლით სესხის სახით გადასცა 5000 აშშ დოლარი და იპოთეკით დატვირთა ნ. ა-ს სახელზე რეგისტრირებული ზემოაღნიშნული ქონება.
2015 წლის 22 ივლისს ქ.თბილისში, ….. N…..-ის მეორე სართულზე განთავსებულ ნოტარიუს რ. ჩ-ს სანოტარო ბიუროში გ. ა-მ თავისივე ძმის პირადობის მოწმობის გამოყენებით ამჯერად იპოთეკის ხელშეკრულება ზემოაღნიშნულ ბინაზე გააფორმა გ. ბ-თან, რომელსაც გაეცნო ნ. ა-ს სახელით და მისგანაც მიიღო 10000 აშშ დოლარი და იქვე, იმავე ნოტარიუსის მეშვეობით გააუქმა თ. ო-თან არსებული ხელშეკრულება, რითაც გაზარდა მიღებული თანხის ოდენობა.
2015 წლის 25 აგვისტოს ქ. თბილისში, …..ქ.N…..-ში განთავსებულ ნოტარიუს ე. შ-ს სანოტარო ბიუროში, გ. ა-მ თავისი ძმის ნ. ა-ს პირადობის მოწმობის გამოყენებით ნოტარიუს ე. შ-თან გააუქმა გ. ბ-თან არსებული იპოთეკის ხელშეკრულება და გააფორმა ახალი ხელშეკრულება იპოთეკარ მ. მ-თან და გ. ბ-თან, რომელთაგანაც მიიღო 15000 აშშ დოლარი. 10000 აშშ დოლარი მიიღო მ. მ-სგან, რომელსაც გაეცნო ნ. ა-ს სახელით, ხოლო 5000 აშშ დოლარი - გ. ბ-სგან. შესაბამისად, უძრავი ქონება - ქ. თბილისში, ….., ….. მ/რ, კორპუსი ….., ბინა …..-ში განთავსებული საცხოვრებელი ფართი კვლავ დაიტვირთა იპოთეკით, რითაც კვლავ გაიზარდა მიღებული თანხის ოდენობა.
2015 წლის 3 დეკემბერს ქ.თბილისში, ….. N14-ში განთავსებულ ნოტარიუს რ. ჩ-ს სანოტარო ბიუროში ნ. ა-მ ამჯერადაც თავისივე ძმის გ. ა-ს კუთვნილი პირადობის მოწმობის გამოყენებით ი. ტ-თან, რომელსაც გაეცნო ნ. ა-ს სახელით, გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სესხი ი. ტ-მ გასცა სარგებლის გარეშე 20000 აშშ დოლარის ოდენობით და სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა ნ. ა-ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისში, ….., …..მ/რ, კორპუსი ….., ბინა ……-ში, რითაც კვლავ გაზარდა მიღებული თანხის ოდენობა. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გ. ა-მ გაწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი ი. ტ-სთან და მიიმალა. სწორედ ამ გზით თაღლითურად, მოტყუებით დაეუფლა იგი 20000 აშშ დოლარს, რითაც ი. ტ-ს მიადგა 48000 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. ა-ს მიმართ სასჯელის დამძიმებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქრისტინე კვეკვეციამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის შეფარდების ნაწილში და მსჯავრდებულ გ. ა-თვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ.ა-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ა-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (გ. ა-მ სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და აღიარა ჩადენილი დანაშაული; ამასთან, მსჯავრდებული არ დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ თითქოს მას დანაშაული არ უღიარებია და განაცხადა, რომ ის მხოლოდ უარყოფს საქმეში მითითებული, ი. ტ-ს თანხის სრულად მითვისებას. რაც შეეხება მიყენებულ ზიანს, მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ მას უარი არ უთქვამს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებაზე, პირიქით, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მისი და მისი ოჯახის მხრიდან იყო მცდელობა, ი. ტ-თვის ეტაპობრივად აენაზღაურებინათ მიყენებული ზიანი, შესთავაზეს მიწის ნაკვეთიც და ამასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით სამოქალაქო წესით მიმდინარეობს საქმის სამართალწარმოება), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქრისტინე კვეკვეციას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი