საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.04.2018
საქმის ნომერი
2კ-601აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №601აპ-17 ქ. თბილისი

გ-ი ა., 601აპ-17 3 აპრილი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მინდია დავითაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ა.გ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126¹-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 2017 წლის 25 მაისიდან იმავე წლის 27 მაისის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 385 საათით.

განაჩენით მსჯავრდებულ ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 25 მაისს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, ….. №…..-ში, ნასვამმა ა. გ-მ არასრულწლოვანი ძმისშვილის, ე. გ-ს თანდასწრებით, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ჩაიდინა ოჯახური ძალადობა მამაზე - ც. გ-ზე, კერძოდ, ფეხი დაარტყა მას მარცხენა ფეხში, შემდეგ კი მარჯვენა მხარში დაარტყა ხელი, რის გამოც ც. გ-ი წაიქცა, ხოლო შემდგომ წაქცეულს რამდენჯერმე ჩაარტყა ფეხი გულმკერდისა და სხეულის სხვადასხვა ადგილას. აღნიშნული ქმედებით ც. გ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა მინდია დავითაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ა. გ-თვის მკაცრი სასჯელის შეფარდებას თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.

9. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს ა. გ-თვის სასჯელის გამკაცრებას, კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმებასა და მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: ა. გ-მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც აღიარა და მოინანია, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, შერყეული აქვს ჯანმრთელობა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მინდია დავითაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი