საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №550აპ-17 ქ. თბილისი
კ-ა ა. 550აპ-17 19 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. კ-ს ბრალი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა. კ-მ 2015 წლის 7 აპრილს, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 3,4632 გრამი ამფეტამინი და 0,8764 გრამი კანაფის ფისი, რომლებიც უკანონოდ შეინახა საცვალში.
მანვე რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ შეძენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - 3,4632 გრამი ამფეტამინი და 0,8764 გრამი კანაფის ფისი 2015 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 20 საათზე, საბაჟო გამშვები პუნქტის - ….. აეროპორტის მეშვეობით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განაჩენით:
ა. კ-ა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ა. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2015 წლის 8 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.
ა. კ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის აღსრულება საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაუვადდა მშობიარობის შემდეგ 1 წლით.
ა. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდგომ გადავადებული განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 7 აპრილიდან იმავე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
ა. კ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას ლ. ჯ-ს (პ/ნ …..) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ, 20000 ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქალაქ ….., …..ქ. მე-….. შესახვევი, №…..-ში, საკადასტრო კოდი: №…..
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
განაჩენით მსჯავრდებულ ა. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: ა. კ-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 3,4632 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ამფეტამინსა და 0,8764 გრამ კანაფის ფისს, რაც 2015 წლის 7 აპრილს ქ. ….. აეროპორტის გზატკეცილის №…..-ში მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს სამართალდამცველებმა.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ ა. კ-სთვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, ასევე - მის მიმართ სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილშიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
დაცვის მხარე ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ა.კ-ს გამართლებას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდა.
ა. კ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ლ. ჯ-ს (პ/ნ …..) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ, 20000 ლარის ღირებულების წილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქალაქ ….., … ქ.მე-….. შესახვევი, №…..-ში, საკადასტრო კოდი: №…..
ა. კ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ა. კ-ს პირადი ჩხრეკის დროს არსებითად დაირღვა კანონი, რის გამოც მისი პირადი ჩხრეკის ოქმი სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა მიეჩნია. პალატამ აღნიშნა, რომ პირადი ჩხრეკა ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დაცვით. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ასეთი დარღვევების არსებობა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. ამასთან, სააპელაციო პალატა დაეთანხმა ადვოკატის მოსაზრებას, რომ არსებობს გონივრული ეჭვი ნივთიერი მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლის შესახებ, რის გამოც ა. კ-ს გასაჩივრებული განაჩენით დაუსაბუთებლად დაედო მსჯავრი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი ქმედების ჩადენაში, როგორიცაა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულება დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც, თუ იგი მოპოვებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მტკიცებულების დასაშვებობის ეს წესი უკავშირდება მტკიცებულებათა ავთენტიკურობას და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის პროცესიდან არაავთენტიკური მტკიცებულებების ამორიცხვას.
ა. კ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ მისგან ამოიღეს პოლიეთილენის პარკში შეხვეული ორი ცალი მოთეთრო მასა და შავი ოთხკუთხედი და მრგვალი ორი ცალი მასა, რომლებიც მოთავსებული იყო წითელ ნაჭერში თავისი ხუფით. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ამოღებული ნივთები მოთავსდა სპეციალურ პარკში და დაილუქა 1 პაკეტად, ნომრით: …... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალური 1 პაკეტი, ნომრით: ….., დალუქულ მდგომარეობაში. იმავე დასკვნით და მასზე თანდართული ფოტოცხრილით დასტურდება, რომ პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა წითელი ნაჭრის ერთ ცალ პატარა ტომარაში მოთავსებული, რეზინის მოთეთრო ერთ ცალ გადანაჭერში მოთავსებული სფერული და კვადრატული ფორმის მოშავო-მოყავისფრო-მომწვანო, მშრალი, გამომშრალი კანაფისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნის მქონე პრესირებული მასები და რეზინის მოთეთრო 2 ცალ გადანაჭერში მოთავსებული, სინთეტიკურ გამჭვირვალე, უფერო პაკეტებში მოთავსებული მოყვითალო-მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი მასები. ამდენად, ცალსახაა, რომ ქიმიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულებების ვიზუალური აღწერილობა (სფერული და კვადრატული ფორმის მოშავო-მოყავისფრო-მომწვანო პრესირებული მასები და მოყვითალო-მოთეთრო ფხვნილისებრი მასები) არ შეესაბამება ა. კ-ს პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული ნივთიერი მტკიცებულებების აღწერილობას (ორი ცალი მოთეთრო ფერის მასა და შავი ოთხკუთხედი და მრგვალი ორი ცალი მასა). ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა. კ-სგან ამოღებული ორი ცალი მოთეთრო მასა შეხვეული იყო პოლიეთილენის პარკში და ანალოგიურად იყო შეფუთული შავი ოთხკუთხედი და მრგვალი ორი ცალი მასა, რომლებიც ამ სახითვე დაილუქა, ხოლო ქიმიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ნივთიერი მტკიცებულებები მოთავსებული იყო რეზინის მოთეთრო 3 ცალ გადანაჭერში. საქმეში კი არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა. კ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებათა განლუქვის, მათი რეზინის გადანაჭრებში მოთავსების და შემდეგ ამ სახით დალუქვის ფაქტს.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საექსპერტო კვლევის დასრულების შემდგომ, ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტები ექსპერტმა დალუქა ერთ პაკეტში, ნომრით: ….., რომელიც გადაიგზავნა და ინახებოდა შს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნივთიერ მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევამდე №….. პაკეტს აღმოაჩნდა დაზიანების კვალი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აჭარის ა/რ-ის პროკურატურაში დაიწყო გამოძიება და იმის დასადგენად, თუ რით იყო გამოწვეული პაკეტზე არსებული დაზიანებები, ასევე ამ პაკეტში მოთავსებული შიგთავსი შეესაბამებოდა თუ არა ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილ ნარკოტიკული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობას, დაინიშნა კომპლექსური ფიზიკო-ტექნიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზა.
1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის №….. დასკვნით დადგინდა, რომ შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ შესაფუთ პოლიეთილენის პაკეტზე, ნომრით: …..აღინიშნებოდა დაახლოებით ოვალური ფორმის გამჭოლი დაზიანება, ზომით 1,7X1,1 სმ., რომელიც განვითარებული იყო წვით, თერმული ზემოქმედების შედეგად; ამავე დასკვნის თანახმად, იმ საკითხის გადასაწყვეტად, დაზიანების გამო შესაძლებელი იყო თუ არა პაკეტში მოთავსებული შიგთავსის გამოცვლა, ჩატარდა შესაბამისი ექსპერიმენტი, რა დროსაც პაკეტზე არსებული დაზიანებიდან პინცეტით და ლითონის ღეროთი შესაძლებელი გახდა პაკეტში და შემდგომ მასში მოთავსებულ მთლიანობადარღვეულ პაკეტში შეღწევა, ხოლო რაც შეეხება აღნიშნულ მთლიანობადარღვეულ პაკეტში მოთავსებულ შიგთავსს, მისგან რაიმეს ამოღება ვერ მოხერხდა, რის გამოც ექსპერტმა გამორიცხა მისი შეცვლის შესაძლებლობა. გარდა ამისა, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარემ ასევე წარადგინა ბოტანიკური და ქიმიური ექსპერტიზის №….. დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დაპრესილი მუქი ყავისფერი მასა (მრგვალი და ოთხკუთხედის ფორმის) დამზადებულია მცენარე ჩვეულებრივი (სათესი) კანაფის ფოთლებისა და ყვავილებისაგან; მუქი ყავისფერი დაპრესილი მასა (კანაფის ფისი), წონით - 4.6634გ, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0.2881 გრამის ოდენობით და მცენარე კანაფისთვის დამახასიათებელ ნივთიერებებს - კანაბინოლსა და კანაბიდიოლს; მოყვითალო ფხვნილისებური ნივთიერება, წონით - 5.6460გ, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ამფეტამინს 3.1944 გრამის ოდენობით. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ე. კ-მ, მ. ჯ-მ და მ. კ-მ დაადასტურეს ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებაზე, რომ დაზიანების შემდეგ ექსპერტიზაზე წარდგენილ, მთლიანობადარღვეულ №….. პაკეტში არსებული ნივთიერებების ოდენობები არ შეესაბამება პირველადი ქიმიური ექსპერტიზის შემდეგ დარჩენილ ნივთმტკიცებათა ოდენობებს, ასევე განსხვავებულია ექსპერტიზაზე წარდგენილი პრესირებული მასების შემადგენლობაც, კერძოდ: ქიმიური ექსპერტიზის №…..დასკვნის თანახმად, საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩა გამომშრალი კანაფის ფისის შემცველი პრესირებული მასები, საერთო წონით 5.743 გრამი და ამფეტამინის შემცველი ფხვნილისებრი მასა, წონით 5.8499 გრამი, ხოლო ნივთმტკიცების პაკეტის დაზიანების შემდგომ ჩატარებული ბოტანიკური და ქიმიური ექსპერტიზის №….. დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა 4.6634 გრამი (ე.ი. 1.0796 გრამით ნაკლები) დაპრესილი მასა (კანაფის ფისი), რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, კანაბინოლსა და კანაბიდიოლს, ასევე - 5.6460 გრამი (ე.ი. 0.2039 გრამით ნაკლები) ამფეტამინი, რასაც ბრალდების მხარემ რაიმე სარწმუნო ახსნა ვერ მოუძებნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი ნივთიერი მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლისა და მათი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ამგვარი მტკიცებულებები დაუშვებელი მტკიცებულებებია. ასეთ პირობებში პირადი ჩხრეკის ოქმისა და ამ ჩხრეკის შედეგების დადასტურება მასში მონაწილე პირების მიერ სააპელაციო პალატამ ვერ მიიჩნია ა. კ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად და აღნიშნა, რომ ისინი საფუძვლად ვერ დაედება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი ა. კ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხარძეიშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; ასევე - გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა ყველა ის გარემოება, რომლის საფუძველზეც დაადგინა ა. კ-ს გამამართლებელი განაჩენი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. ამასთან, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ბრალდებულის სასარგებლოდ დაყადაღებული უძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაცულია საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მოთხოვნები.
13. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხარძეიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი