საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №573აპ-17 ქ. თბილისი
წ-ა ვ., 573აპ-17 29 მარტი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ბორის კვარაცხელიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. წ-ს ბრალი დაედო სრულწლოვნის სქესობრივ კავშირში წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
…..რაიონის სოფელ …..მცხოვრებმა, 19.. წლის 20 მაისს დაბადებულმა ვ. წ-მ და ….. რაიონის სოფელ ….. მცხოვრებმა, 19.. წლის 12 ივნისს დაბადებულმა არასრულწლოვანმა ვ. ა-მ ურთიერთსიყვარულის საფუძველზე გადაწყვიტეს დაოჯახება. ამ მიზნით 2012 წლის 6 აპრილს ვ. წ-მ ცოლად შეირთო თექვსმეტ წელს მიუღწეველი ვ. ა-ე და წინასწარი შეცნობით მასთან ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის განაჩენით ვ. წ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ვ. წ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
გამართლებულს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულმა ვ. ა-მ განაცხადა, რომ მან და ვ. წ-მ ერთმანეთი მეგობრის ქორწილში გაიცნეს და 2012 წლის 6 აპრილს დაქორწინდნენ. დაქორწინების დროს ის 14 წლის, სკოლის მოსწავლე იყო. მისი ასაკი ბრალდებულმა იცოდა, რადგან პირადად ჰქონდა ნათქვამი. მათ შორის სქესობრივი კავშირი პირველად 2012 წლის 6 აპრილს დამყარდა. პირველი შვილი – მ. ა-ე შეეძინათ 2013 წლის 3 იანვარს, მეორე – მ. ა-ე შეეძინათ 2014 წლის 11 ნოემბერს, ხოლო მესამე – ს. ა-ე – 2016 წლის 17 აგვისტოს. ბავშვები რეგისტრირებულნი არიან დედის გვარზე, რადგან ბრალდებულს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მას კი გააჩნდა აფხაზური პირადობის მოწმობა. მოწმის განმარტებით, იგი ვ. წ-ს დაშორდა, რადგან ბრალდებული წლების განმავლობაში ფიზიკურად ძალადობდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას და ბავშვებს. მოწმემ აღნიშნა, რომ იგი ამჟამად ცხოვრობს მშობლებთან …..რაიონში, ხოლო ვ. წ-ა ცხოვრობს ….. რაიონში, სოფელ ….., იქ, სადაც ისინი ვ-ს მშობლებსა და ძმასთან ერთად 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. დაშორების შემდეგ, რვა თვის წინ, მათ ერთმანეთი ….. საავადმყოფოში ნახეს, როდესაც მესამე ბავშვი გაჩნდა.
მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულის მამამ ა. ა-მ განმარტა, რომ ვ. ა-მ და ვ. წ-მ 2012 წლის 6 ივნისს იქორწინეს. როდესაც მათ შორის დამყარდა სქესობრივი კავშირი, ვ. ა-ე იყო 15 წლის, არასრულწლოვანი. მათ 3 შვილი ჰყავთ. ისინი ერთმანეთს მესამე ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში დაშორდნენ, რადგან ბრალდებული ფიზიკურად უსწორდებოდა ცოლს. მოწმემ აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, როდესაც ვ. წ-მ ვ. ა-სთან დაამყარა სქესობრივი კავშირი, არ იცოდა ვ.ა-ს ასაკის შესახებ.
მოწმე ნ. ჩ-მ აღნიშნა, რომ დაზარალებული ვ. ა-ე 2012 წლის 6 აპრილს გათხოვდა ვ. წ-ზე. გათხოვების დროს ვ. ა-ე 15 წლის იყო. პირველი შვილი მათ შეეძინათ 2013 წელს, მეორე – 2014 წელს, ხოლო მესამე - 2016 წელს. მანვე განმარტა, რომ მათ შორის დამყარდა სქესობრივი კავშირი, თუმცა ამ ფაქტს თავად არ შესწრებია.
1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გ. ჩ-ი, რომელმაც განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, დაკითხა დაზარალებული ვ. ა-ე, მანვე ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა. მოწმის განმარტებით, მას ჰქონდა ინფორმაცია ბრალდებულის სახელის, გვარის და დაბადების წლის შესახებ. მისივე განმარტებით, ბრალდებული არსად არ იყო რეგისტრირებული და არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ბრალდებულის იდენტიფიკაცია მოხდა ვ. ა-ს ჩვენებიდან გამომდინარე. სოციალურ ქსელ „.....ში“ ვ. წ-ს გააჩნდა საკუთარი გვერდი, რომელიც არ იყო დახურული და მისი შინაარსი ხელმისაწვდომი იყო ყველასათვის. მითითებული სოციალური ქსელიდან მოწმემ გადმოწერა ბრალდებულის ფოტოსურათი, რის შესახებაც ნებართვა არ აუღია არც სასამართლოდან და არც ბრალდებულისგან. აღნიშნულის შემდეგ ამოიღო სხვა პირების ფოტოები, შეადგინა შესაბამისი ოქმი და ამის შემდეგ მოახდინა ბრალდებულის ფოტოსურათით ამოცნობა, ვ. ა-სა და კიდევ ერთი მისი ნათესავი ქალბატონის მეშვეობით, რომელიც პირადად იცნობდა ვ. წ-ს. მისივე განმარტებით, იგი ეცადა ბრალდებულ ვ. წ-თან დაკავშირებას, თუმცა იგი ტელეფონს არ პასუხობდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროდან მიღებული დაბადების მოწმობის ასლებში ვ. ა-ს შვილების მამის გრაფა ცარიელია, სამართლებრივად დადგენილი არ არის, რომ ვ. წ-ა ვ. ა-ს სამი შვილის მამაა.
მოწმის სახით დაკითხული ქ. ხ-ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ, როგორც მისთვის ცნობილია, ვ. წ-ა არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში ვ. ა-სთან, მათ ჰყავთ საერთო სამი შვილი. ვ. წ-ა არის აფხაზი და ცხოვრობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ბავშვების დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია იმის გამო, რომ მამა აფხაზეთის მოქალაქეა და საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო. ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული პირების მონაცემებს გასცემს, მამის გრაფაში მისი ჩაწერა ვერ მოხერხდა. ვ. წ-სთან მიმოწერით დასტურდება, რომ ის არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ არის ვ. ა-ს შვილების მამა.
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო მოცემული დანაშაულის დისპოზიციას - სრულწლოვანის სქესობრივი კავშირი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. სააპელაციო პალატამ განმარტა: აღნიშნული მუხლის დისპოზიცია გულისხმობს, რომ მოცემული დანაშაულის სუბიექტი უნდა იყოს სრულწლოვანი, ანუ შესრულებული უნდა ჰქონდეს 18 წელი და ის უნდა აცნობიერებდეს, რომ სექსუალურ კავშირს ამყარებს არასრულწლოვან, 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. აღნიშნული ორი პირობის ერთად არსებობა სავალდებულოა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ვ. წ-ს, ამ დანაშაულის ჩადენაში, არის დაზარალებულად ცნობილი ვ. ა-ს ჩვენება, სხვა დანარჩენი მოწმის სახით დაკითხული თითქმის ყველა პირი სწორედ მისგან მიღებულ ინფორმაციას ფლობს და ადასტურებს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაკითხული მოწმეები, გარდა დაზარალებულისა, უტყუარად ვერ ადასტურებენ, რომ ვ. წ-ა ვ. ა-ზე დაქორწინებისა და, შესაბამისად, მასთან სექსუალური კავშირის დამყარების დროს იყო სრულწლოვანი, 18 წელი ჰქონდა შესრულებული. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მხოლოდ დაზარალებული აღნიშნავს, - დაქორწინების დროს ვ. წ-თვის ცნობილი იყო, რომ მას 16 წელი არ ჰქონდა შესრულებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა თავად დაზარალებულის მამამ, მოწმე ა. ა-მ და გამოთქვა ვარაუდი, რომ, როდესაც ვ. წ-მ ვ. ა-სთან დაამყარა სქესობრივი კავშირი, არ იცოდა ვ. ა-ს ასაკის შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ გამოძიებამ ვერ მოიძია ვ. წ-ს ოფიციალური დაბადების მოწმობა, პასპორტი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც უტყუარად დადგინდებოდა მისი დაბადების თარიღი – წელი, თვე, რიცხვი.
სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია ასევე ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული, ვ. ა-ს შვილების დაბადების მოწმობებში, რომლებიც გამოკვლეულ იქნა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, ვ. წ-ა, როგორც მამა, მითითებული არ არის და დაბადების მოწმობებში ბავშვების მამის გრაფა ცარიელია. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო ჩატარებულ ამოცნობას, რა დროსაც დაზარალებულად ცნობილმა ვ. ა-მ ამოიცნო ვ. წ-ა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამომცნობ პირს - ვ. ა-ს ამოსაცნობი პირის - ვ. წ-ს ის ფოტო წარედგინა ამოსაცნობად, რომელიც თავად ვ. ა-სთან ერთად აქვს გადაღებული (იხ. ს/ფ. 38). ასეთ პირობებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებაზე მსჯელობა სააპელაციო პალატამ ზედმეტად მიიჩნია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ვ. წ-მ მოცემული დანაშაული ჩაიდინა.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის განაჩენი გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ბორის კვარაცხელიამ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ვ. წ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის განაჩენი უცვლელად დატოვა. პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ვ. წ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ვ. წ-ს ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ბორის კვარაცხელიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი