დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219002857251
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
14I-19 თბილისი
გ. ა. 14I-19 12 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის
ადვოკატების - ლ. ა-ს, მ. ბ-ს, ს. ბ-ს და გ. ქ-ს,ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ა. გ-ს
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. გ-ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
1. 2018 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. გ.
2. 2018 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. გ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
3. 2018 წლის 11 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ა. გ-ს ექსტრადაციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული მასალები.
4. 2018 წლის 15 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. გ-ს და მისი ადვოკატის შუამდგომლობა ა. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით.
5. 2018 წლის 31 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. გ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 4 თებერვლამდე.
6. 2018 წლის 7 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. გ-ს და მისი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
7. 2018 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. გ-ს და მისი ადვოკატის საჩივარი ა. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.
8. 2018 წლის 18 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ა. გ-ს და მისი ადვოკატის საჩივარი ა. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.
9. 2019 წლის 11 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია და გარანტიები ა. გ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
10. მოთხოვნილი დოკუმენტები გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან მიიღო 2019 წლის 28 იანვარს.
11. 2019 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ა. გ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 4 მაისამდე.
ა. გ-ს მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები რუსეთის რესპუბლიკაში:
12. 2018 წლის 5 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ნიჟეგოროდის ოლქის საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა დადგენილება ა. გ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ა. გ-ს ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული შემდეგი დანაშაულების ჩადენა:
12.1. 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (თაღლითობა, ესე იგი სხვისი ქონების მიტაცება მოტყუების გზით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2 ეპიზოდი);
12.2. 33-ე მუხლის მე-4 ნაწილთან ერთობლივად, 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების წაქეზება, ესე იგი თანამდებობის პირის დაყოლიება ქმედებებზე, რომლებიც აშკარად სცდება მის თანამდებობრივ უფლებამოსილებას და გამოიწვია მოქალაქეთა, ორგანიზაციების, კანონით დაცული საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, მძიმე შედეგების მიყენებით - 2 ეპიზოდი);
12.3. 238-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (მომსახურების გაწევა, რომელიც არ პასუხობს მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ);
12.4. 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (თანამდებობის პირის მიერ შუამავლის მეშვეობით ქრთამის მიღება ფულის სახით ქრთამის მიმცემის ან მის მიერ წარმოდგენილი პირების სასარგებლოდ ქმედებების განხორციელებისათვის, თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო შეუძლია ხელი შეუწყოს ასეთ ქმედებებს, თანამდებობის პირის მიერ ქრთამის მიღება უკანონო ქმედებისათვის, თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო შეუძლია ხელი შეუწყოს ასეთ ქმედებებს, ჩადენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით);
12.5. 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (თანამდებობის პირის მიერ შუამავლის მეშვეობით ქრთამის მიღება სხვა ქონებრივი უფლებების წარმოდგენის სახით, როდესაც ქრთამი გადაეცემა სხვა ფიზიკურ პირს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ქმედებების განხორციელებისათვის, თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო შეუძლია ხელი შეუწყოს ასეთ ქმედებებს, ჩადენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით);
12.6. 174.1. მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (გარიგების დადება ფულადი სახსრებითა და სხვა ქონებით, რომლებიც შეძენილ იქნა პირის მიერ მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად, აღნიშნული ფულადი სახსრების და სხვა ქონების ფლობისათვის, სარგებლობისა და განკარგვისათვის მართლზომიერი სახის მიცემა - 2 ეპიზოდი);
12.7. 33-ე მუხლის მე-5 ნაწილთან ერთობლივად 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (დახმარება კანონიერ სამეწარმეო საქმიანობის ან სხვა საქმიანობის შეფერხებაში, ესე იგი დახმარება დაბრკოლებების აღმოფხვრაში, იურიდიული პირის უფლებების შეზღუდვაში მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმიდან გამომდინარე, დამოუკიდებლობის უკანონო შეზღუდვაში და უკანონო ჩარევაში იურიდიული პირის საქმიანობაში, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით);
13. ამასთან, ა. გ-ს ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის 2018 წლის 8 სექტემბრის შუამდგომლობის თანახმად, ა. გ-ს ექსტრადიცია არ არის მოთხოვნილი მოცემული შუამდგომლობის 12.6 და 12.7 პუნქტებში მითითებული დანაშაულებისათვის.
14. 2018 წლის 22 მარტს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ნიჟეგოროდის ოლქის საგამოძიებო სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების მეორე განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება ა. გ-ს მიმართ ძებნის გამოცხადების თაობაზე.
15. 2018 წლის 30 მარტს მოსამართლის განჩინებით ა. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა 2 თვით.
16. 2018 წლის 28 აპრილიდან ა. გ. იძებნება ინტერპოლის არხებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
17. რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ა. გ-სათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩადენილია შემდეგ გარემოებებში:
17.1 ბ-ს მუნიციპალური რაიონის ავტოსადგურის შენობასთან დაკავშირებული დანაშაულები:
2012 წლის სექტემბერში ნ-ს ოლქის ბ-ს მუნიციპალური რაიონის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, საინვესტიციო ხელშეკრულების დადების გზით, 5418 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთზე 533,6 კვ. მ. ფართის ავტოსადგურის შენობის რეკონსტრუქციის თაობაზე. საინვესტიციო ხელშეკრულების პირობის თანახმად, მუნიციპალურ საკუთრებაში უნდა დარჩენილიყო რეკონსტრუქციამდე არსებული ფართი და შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მისი, როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტის, ნორმალური ექსპლუატაცია.
2013 წელს ა. გ-მ , ვ. გ-მ და ვ. პ-მ შეიტყვეს ავტოსადგურის დაგეგმილი რეკონსტრუქციის შესახებ და გადაწყვიტეს პროექტში თანაინვესტორებად მონაწილეობა. დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, მათ ფაქტობრივად არ უნდა ჩაეტარებინათ რეკონსტრუქცია, აღნიშნულის ნაცვლად ავტოსადგურის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინათ ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი, დოკუმენტების გაყალბებისა და შესაბამისი თანამდებობის პირების გადაბირებით, მოეპოვებინათ საკუთრება სრულ ფართზე და შეეცვალათ შენობის ფუნქციური დანიშნულება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტიდან - სავაჭრო ობიექტზე.
დროის მითითებულ პერიოდში აღნიშნულმა პირებმა დანაშაულებრივ სქემაში ჩართეს სხვა თანამონაწილეებიც და შექმნეს მყარი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მუნიციპალური ქონების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის.
2013-2016 წლებში, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმის განხორციელების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შეძლეს ავტოსადგურის შენობის საკადასტრო პასპორტში ყალბი მონაცემების შეტანა და დამალეს მასში 533,6 კვ. მ. შენობის რეალური ფართის არსებობა. კერძოდ, დამალეს მასში მიწისქვეშა სართულის - სარდაფის არსებობა. შემდგომ უზრუნველყვეს რუსეთის ფედერაციის რეესტრის ნიჟეგოროდის ოლქის ტერიტორიულ სამმართველოში დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც შეიცავდა ყალბ ინფორმაციას ავტოსადგურის შენობის საერთო ფართის 533,6 კვ. მ.-დან 275,3 კვ. მ.-მდე შემცირების შესახებ, თითქოსდა სარდაფის სათავსის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქმედება განხორციელდა, ვინაიდან ოფიციალურ დოკუმენტებში შენობის სარდაფის არსებობა, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, აფერხებდა მათ დანაშაულებრივ გეგმას, აეშენებინათ ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი ავტოსადგურის შენობის რეკონსტრუქციის ნაცვლად. მოგვიანებით დაიდო საინვესტიციო ხელშეკრულება ობიექტის განზრახ შემცირებული საბაზრო ღირებულებით, რომელშიც აგრეთვე მითითებული იყო არასწორი ინფორმაცია საინვესტიციო ფართის შესახებ.
ამასთან, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა უზრუნველყვეს შესაბამისი თანამდებობის პირის დაყოლიებით ნებართვის მიღება ავტოსადგურის შენობისაგან ცალკე მდგომი ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე, საერთო ფართით 3005,0 კვ. მ., ნაცვლად ავტოსადგურის შენობის რეკონსტრუქციისა.
შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ააშენეს ორსართულიანი სავაჭრო ცენტრი, ხოლო ავტოსადგურის შენობის რეკონსტრუქცია არ განხორციელდა. ამასთან, მითითებული სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იყო დაუშვებელი, ვინაიდან მისი არსებობა გამორიცხავდა ავტოსადგურის ნორმალური ექსპლუატაციის შესაძლებლობას.
აღნიშნულის შემდეგ, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რომლებიც აცნობიერებდნენ, რომ თითქოსდა რეკონსტრუირებული შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას საზედამხედველო და სხვა პროცედურების დროს გარდაუვლად გამჟღანვდებოდა მათ მიერ ოფიციალური დოკუმენტების ფალსიფიცირების, მათში ყოფილი ავტოსადგურის შენობაში 258,3 კვ. მ. ფართის სარდაფის არსებობის დამალვის ფაქტი, დაფარეს მისი შესასვლელი ქვიშით და ვიზუალურად შენიღბეს სარდაფის არსებობა შენობაში. მოგვიანებით ეს სარდაფი ჯგუფის წევრებმა თავიანთი შეხედულებისამებრ გამოიყენეს.
გარდა აღნიშნულისა, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მათ მიერ აშენებული ცალკე მდგომი ორსართულიანი შენობის პროექტის შემცველი დოკუმენტები ჩაანაცვლეს ყალბი დოკუმენტაციით, რომლებშიც შესაბამისი უფლებამოსილი პირების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ასახული იყო სავაჭრო ცენტრისა და ავტოსადგურის ერთიანი შენობა, რომელსაც სინამდვილეში არანაირი რეკონსტრუქცია არ ჩასტარებია.
სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დასრულებისა და მისი ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა გამოისყიდეს მუნიციპალური წარმონაქმნის კუთვნილი წილი შენობაში (15 %) და სრულად დაეუფლნენ აღნიშნულ ობიექტს. ბ-ს მუნიციპალურ რაიონს უძრავი ქონების ამ ობიექტში ეკუთვნოდა 258, 3 კვ. მ. ფართობის სარდაფიც, რომლის ღირებულებაც შეადგენდა არანაკლებ 5 601 000 რუსულ რუბლს, რის თაობაზეც დანამდვილებით იყო ცნობილი ორგანიზებული ჯგუფის წევრებისათვის. თუმცა მათი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ოფიციალურ დოკუმენტებში ამ მუნიციპალური ქონების არსებობის ფაქტი შეინიღბა და ის ფაქტობრივად მათ მიიტაცეს.
ამდენად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მიაღწიეს დანაშაულებრივი გეგმის ნაწილის რეალიზებას და სახელმწიფო და მუნიციპალური ორგანოების თანამდებობის პირების მოტყუების გზით, უკანონოდ დაეუფლნენ მუნიციპალურ ქონებას - 258, 3 კვ. მ. ფართის, არანაკლებ 5 601 000 რუსული რუბლის ღირებულების სარდაფს.
ზემოაღნიშნული ქონების დაუფლების შემდეგ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ასევე უკანონოდ დაეუფლნენ ნ-ს ოლქის ბ-ს მუნიციპალური რაიონის საკუთრებაში არსებულ 5418 კვ. მ. მიწის ნაკვეთს, რომლის ფაქტობრივმა ღირებულებამ შეადგინა 21 472 929,52 რუსული რუბლი. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს არ გააჩნდათ ამ მიწის ნაკვეთის თანასაკუთრებაში შეძენის უფლება, ვინაიდან მასზე განლაგებული იყო მუნიციპალური ქონების ობიექტი - ყოფილი ავტოსადგურის სარდაფი.
ამდენად, ერთობლივად და შეთანხმებულად მოქმედი ა. გ-ს, ვ. გ-ს, ვ. პ-ს შემადგენლობით ორგანიზებული ჯგუფის ქმედებების შედეგად მუნიციპალურ წარმონაქმნს - ბ-ს მუნიციპალური რაიონს მიადგა არანაკლებ 27 073 929,52 რუსული რუბლის ზიანი.
ამასთან, ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ა. გ-მ თავისი თანამდებობის (ბ- ს მუნიციპალური რაიონის ზ-ს კრების თავმჯომარე) გამოყენებით დაიყოლია ქ. ბ-ს მუნიციპალური წარმონაქმნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი - დ. ვ. მის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. 2015 წელს ამ უკანასკნელმა გასცა ნებართვა არასაცხოვრებელი შენობის რეკონსტრუქციაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო მითითებულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის მშენებლობის დაუშვებლობის შესახებ. კერძოდ, დ. ვ-ს დანამდვილებით იყო ცნობილი, რომ დაუშვებელი იყო ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, ვინაიდან აღნიშნული მიწის ნაკვეთი განკუთვნილი იყო ავტოსადგურის, როგორც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტის ექსპლუატაციისათვის. მისი ექსპლუატაციისა და მიწის ნაკვეთის მიმართ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით განსაზღვრულია სპეციალური მოთხოვნები და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა გამოიწვევდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტის ფაქტობრივ ლიკვიდაციას და გარდაუვლად გამოიწვევს ქ. ბ-ს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბ-ს მუნიციპალური რაიონის ორგანოების მიერ მათზე დაკისრებული მუნიციპალური რაიონის ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის ფუნქციების რეალიზების შეუძლებლობას. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი გულგრილად ეკიდებოდა მოსალოდნელი შედეგების დადგომას და სურდა რა ა. გ-ს გულის მოგება, დასთანხმდა შეესრულებინა მისი ეს მოთხოვნა. დ. ვ-ს ეს ქმედებები აშკარად სცდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგებოდა ქ. ბ-ს და ბ-ს რაიონის მოსახლეობის კანონიერ ინტერესებს, არსებითად არღვევდა მათ უფლებებს, იწვევდა კანონმდებლობით დაცული საზოგადოების ინტერესების დარღვევას და გულისხმობდა მძიმე შედეგების დადგომას - ბ-ს მუნიციპალური რაიონის მიერ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტის დაკარგვის სახით.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების პარალელურად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საპროექტო დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში, ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დარღვევით, ორგანიზება გაუკეთეს ყოფილი ავტოსადგურის შენობაში სათავსების ნაწილობრივ შეკეთებასთან დაკავშირებულ სამშენებლო სამუშაოებს. აგრეთვე, მათ მოახდინეს ელექტროტექნიკური სამუშაოების ორგანიზება, ყოფილი ავტოსადგურის შენობის პირველი სართულის ზოგიერთი სათავსოს ნაწილობრივი მოპირკეთება და გადაგეგმარება, აგრეთვე, შენობის სარდაფის სათავსში გაიყვანეს საკანალიზაციო კომუნიკაციები და მოაწყვეს ელექტროგაყვანილობა. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით ორგანიზებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად, 533,6 კვ. მ. ფართის ყოფილი ავტოსადგურის შენობა სარდაფით, არ შეესაბამება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს და მისი ექსპლუატაცია სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა არსებული დარღვევებით წარმოადგენს საფრთხეს ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად აღნიშნული შენობის სათავსებში დარღვეული იყო ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მრავალი მოთხოვნა. ელექტროდანადგარების და ელექტროგაყვანილობის მონტაჟი შესრულებული იყო მრავალრიცხოვანი დარღვევებით, რის შედეგადაც ელექტროგაყვანილობა არის საავარიო მდგომარეობაში და ამ სათავსებში ადამიანების ყოფნას შესაძლოა, მოჰყვეს მათი ელექტროდენით დაზიანება. შენობის ექსპლუატაცია დაკავშირებულია ადამიანების ელექტროდენით დაზიანებისა და გამანაწილებელ და ჯგუფურ ქსელში მოკლე ჩართვის შედეგად ხანძრის წარმოშობის საფრთხესთან.
ამასთანავე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, რომლებმაც დანამდვილებით გააცნობიერეს, რომ მათი ერთობლივი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ავტოსადგურის შენობა არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების მოთხოვნებს, იქ ყოფნა დაკავშირებული იყო მუდმივ საფრთხესთან მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, შესაბამის დოკუმენტებში მიუთითეს ყალბი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შენობა იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში.
17.2. ნ-ს ოლქის ქ. ბ-ს რეკრეაციულ ზონაში შემავალ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დანაშაულები:
2012-დან 2014 წლამდე პერიოდში ა. გ-მ და ვ. გ-მ გადაწყვიტეს, შეეძინათ 600 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთი და აეშენებინათ მასზე სავაჭრო დანიშნულების ობიექტი - სავაჭრო ცენტრი და ამ წინადადებით მიმართეს ქ. ბ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს - ა. ა. მონჩევს, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა ქ. ბ-ს ტერიტორიაზე უძრავი ქონების ობიექტების მშენებლობაზე ნებართვების გაცემა.
აღნიშნულ შეთავაზებაზე მათ მიიღეს უარი, ვინაიდან კანონმდებლობით აკრძალული იყო მოთხოვნილი ტერიტორიის პრივატიზაცია და მასზე მშენებლობა, რეკრეაციული ზონის სტატუსის გამო.
მიუხედავად არსებული აკრძალვისა, ა. და ვ. გ-ებმა განიზრახეს რეკრეაციული ზონის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის უკანონო დაუფლება, რისთვისაც დანაშაულებრივ გეგმაში ჩართეს სხვა თანამონაწილეებიც და შექმნეს მყარი, ორგანიზებული ჯგუფი.
დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მოიძიეს მათ კონტროლსდაქვემდებარებული პირები. აღნიშნულ პირებს უნდა შეეძინათ განსაზღვრული მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდეგ მუნიციპალური საჭიროებისათვის (“ხატების მუზეუმის“ მშენებლობისათვის) ამოღებული იქნებოდა მათი საკუთრებიდან და სანაცვლოდ გადაეცემოდათ, მათ შორის 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, რომლის პრივატიზება დაუშვებელი იყო კანონმდებლობით.
დანაშაულებრივი გეგმის რეალიზებისათვის ა. გ-ს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის (იგი წარმოადგენდა ბ-ს მუნიციპალური რაიონის ზ-ს კრების თავმჯომარეს) გამოყენებით უნდა დაეყოლიებინა ბ-ს რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პ. კ., თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. კერძოდ, ამ უკანასკნელს უნდა მიეღო უკანონო გადაწყვეტილებები მუნიციპალური საჭიროებისათვის უძრავი ქონების ამოღების თაობაზე, მიწის ნაკვეთების, მათ შორის 600 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთის - სკვერის, საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიის სანაცვლოდ, რომელიც შედიოდა ქ. ბალახნას რეკრეაციულ ზონაში და რომლის პრივატიზება პირდაპირ იყო აკრძალული კანონით. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ორგანიზებული ჯგუფის პირებისათვის გადაცემის შემდეგ იქ უნდა აშენებულიყო სავაჭრო ცენტრი, რომელიც მოექცეოდა გ-ების ოჯახის საკუთრებაში და მას განკარგავდნენ თავიანთი შეხედულებისამებრ.
პ. კ. დასთანმხდა ა. გ-ს დახმარების აღმოჩენას. ამასთან, მის მიერ განხორციელებული ქმედებები აშკარად სცდებოდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ეწინააღმდეგებოდა ქ. ბ-ს და ბ-ს რაიონის მოსახლეობის კანონიერ ინტერესებს, არსებითად არღვევდა მათ უფლებებს უდავოდ იწვევდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონით დაცული ინტერესების არსებით დარღვევას და ითვალისწინებდა მძიმე შედეგების დადგომას მუნიციპალური წარმონაქმნის მიერ საერთო სარგებლობის ტერიტორიის ნაწილზე საკუთრების დაკარგვის სახით.
პ. კ-მ, ა. გ-ს წაქეზებით, ბ-ს მუნიციპალური რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობრივი მოვალეობების შესრულებისას, უფლებამოსილების გადამეტებითა და კანონმდებლობის დარღვევით, დადო შეთანხმება ორგანიზებული ჯგუფის კონტროლსდაქვემდებარებულ პირებთან, რომლის თანახმად, მითითებული პირების საკუთრებიდან ამოღებულ იქნა 1 394 კვ. მ. ფართის მიწის ნაკვეთები, ხოლო აღნიშნულის სანაცვლოდ მათ გადაეცათ, მათ შორის 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობის მწვანე ნარგავების ზონაში, სკვერში, რომლის პრივატიზება პირდაპირ იყო აკრძალული კანონმდებლობით.
აღნიშნულის შემდეგ, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა - ე. ბ-მ და ა. ი-მ, მათთან დანაშაულებრივ შეთანხმებაში არმყოფი ბ-ს რაიონის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების მოტყუებით, სახელმწიფო რეგისტრაციაზე წარადგინეს ზემოაღნიშნული შეთანხმება და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებშიც ასახული იყო ყალბი ინფორმაცია უძრავი ქონების ობიექტების შესახებ და დამალული იყო პრივატიზაციისათვის აკრძალული გამწვანებული ტერიტორიის ნაწილის რეალიზაციის ფაქტი. წარმოდგენილი ინფორმაციით შეცდომაში შეყვანილმა სახელმწიფო რეგისტრაციის, კადასტრისა და კარტოგრაფიის ფედერალური სამსახურის ნ-ს ოლქის სამმართველოს თანამშრომლებმა დაარეგისტრირეს ორგანიზებული ჯგუფის წევრების კონტროლსდაქვემდებარებული პირების სახელზე საკუთრების უფლება საერთო ფართის 600 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე.
ა. გ-ს ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, ბ-ს რაიონს მიადგა 1 447 710,00 რუსული რუბლის მატერიალური ზიანი - საერთო სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების აღდგენაზე დანახარჯების სახით.
17.3. ქრთამის შესაძლო მიღების ბრალდებებთან დაკავშირებით:
2015-2016 წლებში ა. გ. იკავებდა ბ-ს მუნიციპალური რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელის თანამდებობას. აღნიშნულ პერიოდში მან ბ-ს რაიონის ადმინისტრაციის მიერ შპს “ლ-ს“ მიწის ნაკვეთების იჯარით გადაცემაში ხელის შეწყობის სანაცვლოდ, ა. მ-ს და ვ. ბ-საგან ქრთამის სახით აიღო 6 000 000 რუსული რუბლი. აგრეთვე, ა. გ-ს ხელი უნდა შეეწყო ქ. ბ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - ა. მ-ს მიერ შპს “ლ-ს“ აღნიშნული უძრავი ქონების ობიექტებზე მშენებლობის ნებართვის გაცემაში, სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის არარსებობის პირობებში.
იმავე პერიოდში ა. გ-მ ო. ბ-საგან ქრთამის სახით მიიღო ორი ერთოთახიანი ბინა (საერთო ღირებულებით 2 000 000 რუსული რუბლი). სანაცვლოდ, ა. გ-ს ო. ბ-სათვის ხელი უნდა შეეწყო ქ. ბ-ში ე-ს ქ. სახლი ...-ის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ქალაქის ადმინისტრაციაში შეთანხმების საკითხის დადებითად გადაწყვეტაში. ორივე აღნიშნულ შემთხვევაში, ა. გ-ს ქრთამის აღებაში შუამავლობა გაუწია მისმა ძმამ - ვ. გ-მ.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ა. გ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ნიჟეგოროდის ოლქის საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 5 აგვისტოს დადგენილებაში ა. გ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და რომელიც დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
18.1. 159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ესე იგი სხვისი ქონების მიტაცება მოტყუების გზით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2 ეპიზოდი);
18.2. 33-ე მუხლის მე-4 ნაწილთან ერთობლივად, 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით (თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების წაქეზება, ესე იგი თანამდებობის პირის დაყოლიება ქმედებებზე, რომლებიც აშკარად სცდება მის თანამდებობრივ უფლებამოსილებას და გამოიწვია მოქალაქეთა, ორგანიზაციების, კანონით დაცული საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, მძიმე შედეგების მიყენებით - 2 ეპიზოდი);
18.3. 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით (თანამდებობის პირის მიერ შუამავლის მეშვეობით ქრთამის მიღება ფულის სახით ქრთამის მიმცემის ან მის მიერ წარმოდგენილი პირების სასარგებლოდ ქმედებების განხორციელებისათვის, თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო შეუძლია ხელი შეუწყოს ასეთ ქმედებებს, თანამდებობის პირის მიერ ქრთამის მიღება უკანონო ქმედებისათვის, თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო შეუძლია ხელი შეუწყოს ასეთ ქმედებებს, ჩადენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით);
18.4. 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით (თანამდებობის პირის მიერ შუამავლის მეშვეობით ქრთამის მიღება სხვა ქონებრივი უფლებების წარმოდგენის სახით, როდესაც ქრთამი გადაეცემა სხვა ფიზიკურ პირს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ქმედებების განხორციელებისათვის, თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო შეუძლია ხელი შეუწყოს ასეთ ქმედებებს, ჩადენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით);
19. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ა. გ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ნიჟეგოროდის ოლქის საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 5 აგვისტოს დადგენილებაში ა. გ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით (მომსახურების გაწევა, რომელიც არ პასუხობს მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ).
20. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი ლ. ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმებას.
21. საკასაციო საჩივრის მიხედვით, დარღვეულია ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-16 მუხლით დადგენილი 40 - დღიანი ვადა (დოკუმენტების დედნების წარმოსადგენად). ის მასალები, რომლებიც 11 სექტემბრის რიცხვით არის წარმოდგენილი, გაურკვეველია, რა გზით არის შემოსული. 2019 წლის 12 აპრილს ექსტრადიციის თაობაზე განჩინება მისთვის გასაგებ ენაზე არ გადასცემია ა. გ-ს . მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები, რომლებიც ეხებოდა ბრალდების უარყოფას, რითაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლება (საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტი) დარღვეულია. ამასთან, მას სრულად არ გადასცემია საექსტრადიციო წარმოების მასალები. კასატორის მითითებით, ა. გ. არაერთხელ გამოთქვამდა პრეტენზიას არაკვალიფიციურ თარგმნასთან დაკავშირებით. ამასთან, თარჯიმანი, რომელიც მონაწილეობდა თარგმნის პროცესში, არსებითად იყო დამოკიდებული ბრალდების მხარესთან, რაც, საქართველოს სსსკ-ის 61-ე მუხლის მიხედვით, აცილების საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. გ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 4 აგვისტოს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას - ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-16 მუხლით დადგენილი საექსტრადიციო მასალების წარმოდგენის ვადის დარღვევის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით, პროკურორმა საკასაციო სხდომაზე განმარტა, რომ 40 - დღიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე ყველა აუცილებელი დოკუმენტი გენერალურმა პროკურატურამ ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციით დადგენილ ვადაში (კერძოდ, 2018 წლის 10-11 სექტემბერს) მიიღო. რაც შეეხება მიღების კანონიერებას, პროკურორმა დამატებით აღნიშნა, რომ ავთენტური მასალები დარეგისტრირდა საქართველოს გენერალური პროკურატურის კანცელარიაში და მათ მიენიჭათ შესაბამისი ელექტრონული ნომერი. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში არ უარყოფს მასალების 40 - დღიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე პროკურატურის მიერ მიღების ფაქტს, მაგრამ საეჭვოდ მიიჩნევს მისი მიღების გზების კანონიერებას (კერძოდ, იყო ეს გამოგზავნილი ფოსტის საშუალებით, ფაქსით თუ პირადი ელექტრონული ფოსტით).
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში ქართული მხარე იყენებს ნებისმიერ საშუალებას, მათ შორის - ელექტრონულ ფოსტას. ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლისა და მეორე დამატებითი ოქმის მე-5 მუხლის მიხედვით, „თხოვნა უნდა გაკეთდეს წერილობითი ფორმით და თხოვნის გამგზავნი მხარის იუსტიციის მინისტრის მიერ უნდა ეგზავნებოდეს თხოვნის მიმღები მხარის იუსტიციის მინისტრს; ამასთან, არ გამოირიცხება დიპლომატიური არხების გამოყენებაც. კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენება შეიძლება განისაზღვროს ორ ან მეტ მხარეს შორის პირდაპირი შეთანხმებით.“ ამასთან, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად: „თუ შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ეროვნული სამართალი სხვაგვარ მოთხოვნას არ აწესებს, სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების პროცესში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები ან სხვა ისეთი საშუალებები, რომლებიც იძლევა გაგზავნილი/მიღებული მასალის წერილობით წარდგენისა და ავთენტურობის დადგენის შესაძლებლობას, აგრეთვე საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) არხები.“ ამდენად, დაცვის მხარის მითითება - ავთენტური საექსტრადიციო მასალების ვადის დარღვევით წარდგენის თაობაზე - დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
6. კასატორი საჩივარში აგრეთვე უთითებს, რომ ა. გ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განჩინება - ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე მისთვის გასაგებ ენაზე არ გადასცემია. ამასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საპროცესო დოკუმენტის უცხო ენაზე თარგმნას მოცულობის მიხედვით, როგორც წესი, ობიექტურად ესაჭიროება შესაბამისი დრო, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კონკრეტულ მთარგმნელობით ბიუროს დამატებით სთხოვა, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ეთარგმნათ ზემოაღნიშნული განჩინება, რომელიც თარგმნისთანავე, 2019 წლის 23 აპრილს N8 დაწესებულებაში გაეგზავნა ა. გ-ს .
7. 2019 წლის 1 მაისს საკასაციო პალატის სხდომაზე ა. გ-მ პრეტენზია განაცხადა განჩინების არასრულყოფილად გადაცემის თაობაზე. საკასაციო სასამართლომ სხდომის დასრულებისთანავე ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს მისი დამცველის მეშვეობით დამატებით, კიდევ ერთხელ გადასცა თარგმნილი განჩინების ასლი და ამასთან, დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი გაცნობის მიზნით სხდომის გადადების თაობაზე - დააკმაყოფილა.
8. არაკომპეტენტურ თარგმანთან დაკავშირებულ მითითებას საკასაციო სასამართლო აგრეთვე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მაგალითად, ერთ-ერთი გასაუბრების ოქმის მიხედვით (ტ. 5, ს.ფ 553-556), ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ოქმი ბ. გ-მ უთარგმნა, რომლის შინაარსიც მისთვის გასაგები იყო და ხელი მოაწერა. აგრეთვე, საქმეში არსებული ინფორმაციის მიხედვით (ტ. 5, ს.ფ 557-565), ა. გ-ს ჩაჰბარდა შემდეგი დოკუმენტები: უფლებების ჩამონათვალი, საექსტრადიციო პროცედურების აღწერა და საექსტრადიციო მასალები მისთვის გასაგებ, რუსულ ენაზე, ამასთან თარგმანი შესრულებულია ბ. გ-ს მიერ. ასევე აღსანიშნავია, ის ფაქტიც რომ ადვოკატი დასახელებულ პროცედურებში მონაწილეობდა და რაიმე სახის შენიშვნა დოკუმენტებზე არც ა. გ-ს და არც ადვოკატს არ გამოუთქვამთ.
9. რაც შეეხება თარჯიმანთან დაკავშირებით გამოთქმულ მეორე არგუმენტს, კერძოდ, თარჯიმნის აცილების საკითხს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საექსტრადიციო პროცედურებში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისათვის ინფორმაციის მისთვის გასაგებ ენაზე მიწოდება, განხორციელებული გენერალური პროკურატურის შტატგარეშე მოსამხაურის მიერ (მაშინ, როდესაც თარჯიმნით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა) - არ შეიძლება საქართველოს სსსკ-ის 61-ე მუხლით გათვალისწინებულ აცილების საფუძვლად ჩაითვალოს.
10. დაუსაბუთებელია აგრეთვე დაცვის მხარის არგუმენტი, რომლის თანახმადაც, ა. გ-ს სრულად არ გადასცემია საექსტრადიციო წარმოების მასალები. პალატა ადვოკატის ამ მითითებას არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ საექსტრადიციო მასალებში, მაგალითად, პირველსა და მესამე ტომებში, განთავსებულია ოქმები, რომლებითაც დასტურდება, რომ ადვოკატ ლ. ა-ს გადაეცა საექსტრადიციო წარმოების ასლები 114 ფურცლად, აგრეთვე საექსტრადიციო წარმოების დამატებითი მასალების ასლები 73 ფურცლად. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ პროკურორი ნ. ზ. და ადვოკატი ლ. ა. საექსტრადიციო მასალების მე-6 ტომის (ს.ფ 585-594) მიხედვით კი, დაცვის მხარეს აგრეთვე სრულად ჩაჰბარდა რუსეთის ფედერაციიდან მიღებული დამატებითი დოკუმენტები.
11. საჩივარში მითითებულ პრეტენზიაზე, რომლის თანახმადაც, პირველი ინსტანციის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ა. გ-ს ბრალდების შინაარსთან დაკავშირებული შუამდგომლობები, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში არ იხილება პირის ბრალეულობის საკითხი; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის შესახებ, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. ამდენად, დაცვის მხარის მითითება საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.
12. დაუდასტურებელია აგრეთვე დაცვის მხარის მითითება, რომ ა. გ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე იარსებებს. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, შესაბამის ქვეყანაში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება არ არის საკმარისი და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკების არსებობის სამტკიცებლად ეს ყოველივე საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით (იხ. „მამათკულოვი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), N46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73), კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352). მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარემ წარმოდგენილი მასალებით (მათ შორის სხვადასხვა სტატიით) ზოგადად მიუთითა რუსეთის ფედერაციაში ა. გ-ს მიმართ პოლიტიკური დევნისა და უფლებების დარღვევის შესახებ. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, 2014 წლიდან დღემდე განცხადებები და შეტყობინებები ა. გ-ს მკვლელობის მცდელობის, ასევე მოკვლის მუქარის თაობაზე ნიჟეგოროდის ოლქის სამართალდამცავ ორგანოში არ არის რეგისტრირებული. ამასთან, მონაცემები ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივებით დანაშაულის ჩადენის შესახებ არ არსებობს.
13. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა მიხედვითაც, ექსტრადიციის შემთხვევაში ა. გ. არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს. იგი ისარგებლებს ყველა იმ სამართლებრივი გარანტიით, რასაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, გენერალური პროკურატურის მიერ; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი ხასიათის (იხ.ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და “ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია არანაირი სახის საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.
14. რაც შეეხება ა. გ-ს და მისი ოჯახის წევრების ქონების დაზიანებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას (იხ. 20-22 გვერდები), რის გამოც მისი გამეორება აღარ მიაჩნია მიზანშეწონილად.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ა. გ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ნიჟეგოროდის ოლქის საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 5 აგვისტოს დადგენილებაში ა. გ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და რომელიც დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
159-ე მუხლის მე-4 ნაწილით (თაღლითობა, ესე იგი სხვისი ქონების მიტაცება მოტყუების გზით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 2 ეპიზოდი);
33-ე მუხლის მე-4 ნაწილთან ერთობლივად, 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით (თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების წაქეზება, ესე იგი თანამდებობის პირის დაყოლიება ქმედებებზე, რომლებიც აშკარად სცდება მის თანამდებობრივ უფლებამოსილებას და გამოიწვია მოქალაქეთა, ორგანიზაციების, კანონით დაცული საზოგადოებისა და სახელმწიფოს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, მძიმე შედეგების მიყენებით - 2 ეპიზოდი);
290-ე მუხლის მე-6 ნაწილით (თანამდებობის პირის მიერ შუამავლის მეშვეობით ქრთამის მიღება ფულის სახით ქრთამის მიმცემის ან მის მიერ წარმოდგენილი პირების სასარგებლოდ ქმედებების განხორციელებისათვის, თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო შეუძლია ხელი შეუწყოს ასეთ ქმედებებს, თანამდებობის პირის მიერ ქრთამის მიღება უკანონო ქმედებისათვის, თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო შეუძლია ხელი შეუწყოს ასეთ ქმედებებს, ჩადენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით);
290-ე მუხლის მე-6 ნაწილით (თანამდებობის პირის მიერ შუამავლის მეშვეობით ქრთამის მიღება სხვა ქონებრივი უფლებების წარმოდგენის სახით, როდესაც ქრთამი გადაეცემა სხვა ფიზიკურ პირს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ქმედებების განხორციელებისათვის, თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო შეუძლია ხელი შეუწყოს ასეთ ქმედებებს, ჩადენილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
16. აგრეთვე კანონიერია იმავე, 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით დაუშვებლად ცნობილი ა. გ-ს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ნიჟეგოროდის ოლქის საგამოძიებო სამმართველოს 2018 წლის 5 აგვისტოს დადგენილებაში ა. გ-ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით (მომსახურების გაწევა, რომელიც არ პასუხობს მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე