განაჩენი შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№632აპ-17 ქ. თბილისი
ხ. ქ., 632აპ-17 1 მაისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ ზაზა ქარქუსაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის განაჩენით ქ. ხ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 341–ე მუხლით (2015 წლის 14 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა - 10 000 ლარი;
საქართველოს სსკ–ის 341–ე მუხლით (2015 წლის 20 მაისის ეპიზოდი) - ჯარიმა - 10 000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 342–ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის ეპიზოდი) – ჯარიმა - 5000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 342–ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 20 ივლისის ეპიზოდი) – ჯარიმა - 5000 ლარი;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის 20 მაისის ეპიზოდისათვის საქართველოს სსკ–ის 341–ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 10 000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ხ-მა ჩაიდინა სამსახურებრივი სიყალბე, ე.ი. მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, ორი ეპიზოდი; სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლებამოსილებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ორი ეპიზოდი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1999 წლის 15 ივლისიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე ქ. ხ. მუშაობდა ნოტარიუსად და, შესაბამისად, ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ნოტარიატი არის საჯაროსამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის სახელმწიფო რეგულირებას კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო მე–3 მუხლის შესაბამისად, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე–8 მუხლის შესაბამისად, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია, დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა, სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ.
ამავე ინსტრუქციის მე–19 მუხლის 1–3 პუნქტების თანახმად, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემების გამოყენებით. ამასთან, თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, ნოტარიუსი ვალდებულია, უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
აღნიშნული ინსტრუქციის 52–ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებია მინდობილობის დამოწმება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული კომუნიკაცია სანოტარო მოქმედების შესრულებისას იძლევა მინდობილობის გაცემისა და ნოტარიუსის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და მინდობილობის გამცემი პიროვნება ნოტარიუსისათვის ცნობილია ან შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან შესაბამისი პირის პირადობის მოწმობის მონაცემების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის სახით.
გ. კ-მა, ჯ. მ-მა, მ. ხ-მა და ი. ვ-მა განიზრახეს, ყალბი მინდობილობის დამზადება–გამოყენების გზით თაღლითურად მიეღოთ ქონებრივი უფლება ა. ბ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე.
ამ მიზნით 2015 წლის მაისის დასაწყისში გ. კ-ი მივიდა თ---, ა. კ-ში მდებარე ქ. ხ-ს სანოტარო ბიუროში და მას განუცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ახლობელი ა. ბ., კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით, მინდობილობას აძლევდა. აღნიშნულზე ქ. ხ-მა უპასუხა, რომ ამისთვის საჭირო იყო ქონების მესაკუთრე მას პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით – ,,სკაიპით“ დაჰკავშირებოდა და მინდობილობის გაცემის ნება პირადად გამოეხატა. გ. კ-მა ქ. ხ-ს განუცხადა, რომ ა. ბ. აღნიშნული გზით დაკავშირებას ვერ შეძლებდა. ამასთან, გ. კ-მა ქ. ხ-ს სთხოვა დახმარება მინდობილობის სხვა საშუალებით გაკეთებაში, სანაცვლოდ კი პატივისცემას დაჰპირდა.
ქ. ხ-მა, იყო რა მოხელესთან გათანაბრებული პირი, ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, რათა არ დაეკარგა კლიენტი და სანოტარო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, დამატებით გარკვეული სარგებელი მიეღო, განიზრახა, ა. ბ-ის მიერ სათანადო ნების გამოხატვის გარეშე შეედგინა და გაეცა მითითებული ყალბი სანოტარო აქტი – პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, ა. ბ. კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლებას გ. კ-ს მისცემდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ხ-მა გ. კ-ს თანხმობა განუცხადა და ხსენებული მინდობილობის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. ამასთან, შეთანხმდნენ, რომ მინდობილობის ა. ბ-ის სახელით გაცემის მიზნით ქ. ხ-ს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ფორმალურად სხვა პირი დაუკავშირდებოდა, რასაც გ. კ-ის მიერ მიყვანილი მოწმეებიც დაადასტურებდნენ.
2015 წლის 14 მაისს, წინასწარ შეთანხმებული გეგმის შესაბამისად, გ. კ. და ჯ. მ. მივიდნენ ქ. ხ-ს სანოტარო ბიუროში. სანოტარო აქტის მოწმეები ჯ. მ. და მ. ხ. უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო ნოტარიუსს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით – ,,სკაიპით“ ა. ბ-ის სახელით ი. ვ. უნდა დაჰკავშირებოდა, რომელიც ინტერნეტკაფეში იმყოფებოდა. დასახელებული პირების პირადი მონაცემების გადამოწმების შემდეგ ქ. ხ-მა განაცხადა, რომ ა. ბ-ს ვიზუალურად ი. ვ-თან შედარებით ჯ. მ. უფრო ჰგავდა, რის გამოც გადაწყდა, რომ ,,სკაიპის“ საშუალებით ნოტარიუსს ჯ. მ. დაუკავშირდებოდა. ამის შემდეგ ჯ. მ. წავიდა ინტერნეტკაფეში, ხოლო ი. ვ. სანოტარო ბიუროში მივიდა.
მოლაპარაკების შესაბამისად, ნოტარიუს ქ. ხ-ს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით – ,,სკაიპის“ მეშვეობით ჯ. მ. დაუკავშირდა, რომ თითქოსდა, იყო ა. ბ. და მისი კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლებას გ. კ-ს აძლევდა.
ნოტარიუსმა ქ. ხ-მა, ისე, რომ ა. ბ-მას პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით არ დაჰკავშირებია და არც სათანადო ნება გამოუხატავს, შეადგინა და გასცა ყალბი სანოტარო აქტი – პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის ნომრით ---, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, ა. ბ. მისი კუთვნილი 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ---, მდებარე --, ს., ნ-ში) მართვისა და განკარგვის უფლებამოსილებას გ. კ-ს აძლევდა. მითითებულ სანოტარო აქტს, ქ. ხ-ს მითითებით, ხელი ი. ვ-მა და სანოტარო ბიუროში მოგვიანებით მისულმა მ. ხ-მა მოაწერეს.
გ. კ-მა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან შეთანხმებით, ქ. ხ-ს მიერ გაცემული ზემოხსენებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით 2015 წლის 15 მაისს ა. ბ-ის კუთვნილი უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთა, რის სანაცვლოდაც შპს „მისო ლიდერკრედიტისგან“ სესხის სახით 21 000 აშშ დოლარი მიიღო.
გ. კ-ს, ი. ვ-ის, მ. ხ-ისა და ჯ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედებით ა. ბ-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
გ. კ-ს სესხის მიღების შემდეგ, ა. ბ-ის კუთვნილი ზემოხსენებული უძრავი ქონების უზრუნველყოფით, სესხის სახით მეტი ფულადი თანხის მიღება სურდა, ხოლო სესხის გამცემი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისგან თანამსესხებლის მიყვანას ითხოვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2015 წლის 20 მაისს გ. კ-მა კვლავ ქ. ხ-ს მიმართა და განუცხადა, რომ ანალოგიური გზით ა. ბ-ის სახელით სხვა პირზე ახალი მინდობილობის გაცემა სჭირდებოდა და ამ მიზნით ვ. მ-ის მონაცემები გადასცა.
ქ. ხ-მა იყო რა მოხელესთან გათანაბრებული პირი, ანგარებითა და სხვა პირადი მოტივით, რათა არ დაეკარგა კლიენტი და სანოტარო მომსახურების გაწევის სანაცვლოდ დამატებით გარკვეული სარგებელიც მიეღო, განიზრახა, ა. ბ-ის მიერ სათანადო ნების გამოხატვის გარეშე, შეედგინა და გაეცა ყალბი სანოტარო აქტი – პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა, რომლის მიხედვით, თითქოსდა, ა. ბ. კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლებას ვ. მ-ს მისცემდა. ამ მიზნით ქ. ხ-მა გ. კ-ს თანხმობა განუცხადა და უთხრა, რომ სასურველ მინდობილობას პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ა. ბ-ის სახელით ფორმალურად ვინმეს დაკავშირებისა და სანოტარო ბიუროში მოწმეების მიყვანის გარეშე მისცემდა. ამასთან, მინდობილობას ხელმოწერით, როგორც მოწმეები, კვლავ ი. ვ. და მ. ხ. დაადასტურებდნენ.
აღნიშნულის შემდეგ ნოტარიუსმა ქ. ხ-მა, ისე, რომ ა. ბ. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით არ დაჰკავშირებია და არც სათანადო ნება გამოუხატავს, ვიდეოჩანაწერი ფორმალურადაც კი არ გაკეთებულა და მის სანოტარო ბიუროში არც მოწმეები გამოცხადებულან, შეადგინა და გასცა ყალბი სანოტარო აქტი - პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის ნომრით ––––––. აღნიშნული მინდობილობის მიხედვით, თითქოსდა, ა. ბ-მ მისი კუთვნილი 1500 კვ. მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი --, მდებარე --, ს., ნ-ში) მართვისა და განკარგვის უფლებას ვ. მ--ს აძლევდა. მითითებულ სანოტარო აქტს, გ. კ-ის თხოვნით, მოგვიანებით ხელი ი. ვ-მა და მ. ხ-მა მოაწერეს.
ქ. ხ-ს მიერ გაცემული ზემოხსენებული ყალბი მინდობილობის გამოყენების საფუძველზე ვ. მ-მა 2015 წლის 27 მაისს ა. ბ-ის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკის დატვირთვის სანაცვლოდ შპს „მ-გან“ სესხის სახით 9000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 27 მაისს – 2500 აშშ დოლარი მიიღო.
გ. კ-ს, ი. ვ-ის, მ. ხ-ისა და ჯ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედებით ა. ბ-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
გ. კ-მა, მ. ხ-მა, ი. ვ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა ვინმე „ნ-მ“ განიზრახეს, ყალბი მინდობილობის დამზადება -გამოყენების გზით თაღლითურად დაუფლებოდნენ მ. ნ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას.
ამ მიზნით ყალბი მინდობილობის დასამზადებლად საჭირო მონაცემების მოპოვების შემდეგ, 2015 წლის 12 ივნისს, გ. კ., მ. ზუციშვილი და ი. ვ. მივიდნენ ქალაქ --, ა. კ-ში მდებარე ქ. ხ-ს სანოტარო ბიუროში. მათ ნოტარიუსს განუცხადეს, რომ საზღვარგარეთ მყოფ მ. ნ-ს სურდა კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილება ი. ვ-ისთვის მიეცა და ამ მიზნით ნოტარიუსს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დაუკავშირდებოდა. სანოტარო აქტის სისწორეს მოწმეები – გ. კ. და მ. ხ. დაადასტურებდნენ. ამასთან, მათ ნოტარიუსს პირადი მონაცემები წარუდგინეს. მინდობილობის გაცემაზე ქ. ხ-მა თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც მას პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ–ერთი წევრი, ვინმე „--“ დაუკავშირდა, რომელმაც ქ. ხ-ს განუცხადა, რომ იყო უძრავი ქონების მესაკუთრე, 1949 წელს დაბადებული მ. ნ. და ი. ვ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლებას აძლევდა. ვინმე „ნ-სა“ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ მ. ნ-ის პირად მონაცემებს, განსაკუთრებით - ფოტოსურათებს შორის, იყო მკვეთრი განსხვავება, როგორც ასაკის, ასევე გარეგნული მახასიათებლების მიხედვით. გარდა ამისა, ელექტრონული კომუნ---ციის პროცესში ვინმე „ნ. “ დაბნეულად საუბრობდა და საკუთარ ნებას სრულყოფილად ვერ გამოხატავდა.
„ნოტარიატების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, ნოტარიუსი ქ. ხ. ვალდებული იყო, სანოტარო მოქმედების მონაწილის - მ. ნ-ის ვინაობა დაედგინა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ამ უკანასკნელის პირადი მონაცემების, მათ შორის - ფოტოსურათების გადამოწმების გზით, ამასთან, თუ მას მ. ნ-ის პიროვნებაში ეჭვი შეეპარებოდა, ვალდებული იყო, უარი ექთვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
აღნიშნულის მიუხედავად, ნოტარიუსმა ქ. ხ-მა კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად ვერ უზრუნველყო მინდობილობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და მისი ვინაობის სწორად დადგენა და ისე, რომ მ. ნ. მას პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით არ დაჰკავშირებია და არც სათანადო ნება გამოუხატავს, შეადგინა და გასცა ყალბი სათანადო აქტი – პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის ნომრით ---. აღნიშნული მინდობილობის მიხედვით, თითქოსდა, მ. ნ. მისი კუთვნილი 1700 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ---, მდებარე --, ს., დ.) მართვისა და განკარგვის უფლებამოსილებას ი. ვ-ს აძლევდა. მითითებული სანოტარო აქტი გ. კ-მა და მ. ხ-მა, როგორც მოწმეებმა, ხელმოწერით დაადასტურეს.
ქ. ხ-ს მიერ გაცემული ზემოხსენებული ყალბი მინდობილობის გამოყენების საფუძველზე, ი. ვ-მა დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან შეთანხმებით, მ. ნ-ის კუთვნილი უძრავი ქონება საბოლოოდ 2015 წლის 7 ივლისს 60 000 აშშ დოლარად ნ. ა-ზე გაასხვისა.
გ. კ-ის, ი. ვ-ის, მ. ხ-ისა და სხვათა დანაშაულებრივი ქმედებით მ. ნ-ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ნოტარიუს ქ. ხ-ს, როგორც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის, ქმედებას შედეგად მოჰყვა ის, რომ უძრავი ქონება არაუფლებამოსილმა პირმა მ. ნ-ის ნების გამოვლენის გარეშე განკარგა, რითაც მას მოესპო საკუთრების უფლება მითითებულ უძრავ ქონებაზე, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
გ. ქ-მ, დ. ჭ-მ, დ. შ-მა, მ. მ-მა და კ. გ-ამ განიზრახეს, ყალბი მინდობილობის დამზადება–გამოყენების გზით მ. ს-ას კუთვნილი ორი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება.
აღნიშნული მიზნით 2015 წლის 20 ივლისს დ. ჭ., დ. შ. და მ. მ. მივიდნენ თ., ა. კ-ში მდებარე ქ. ხ-ს სანოტარო ბიუროში და ნოტარიუსს განუცხადეს, რომ მ. ს-ას სურდა, კუთვნილი ორი მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლებამოსილება კ. გ-ასთვის მიეცა და აღნიშნული მიზნით ნოტარიუსს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დაუკავშირდებოდა, ხოლო მოწმეები – დ. ჭ. და დ. შ. იქნებოდნენ. ამასთან, მათ ქ. ხ-ს წარუდგინეს თავიანთი პირადობის მონაცემებიც, მათ შორის - მ. ს-ას რეალური მონაცემები, თუმცა მასში ჩაკრული იყო გ. ქ-ის ფოტოსურათი. მინდობილობის გაცემაზე ქ. ხ-მა თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც მას პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით 1982 წელს დაბადებული გ. ქ. დაუკავშირდა და განუმარტა, რომ თითქოსდა იყო მიწის ნაკვეთების რეალური მესაკუთრე - 1963 წელს დაბადებული მ. ს., რომელიც კ. გ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთის განკარგვის უფლებას აძლევდა. გ. ქ-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების საგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებულ მ. ს-ას პირად მონაცემებს, განსაკუთრებით -ფოტოსურათებს შორის, იყო მკვეთრი სხვაობა, როგორც ასაკის, ისე გარეგნული მახასიათებლების მიხედვით. გარდა ამისა, ელექტრონული კომუნიკაციის პროცესში გ. ქ. არეულად საუბრობდა და საკუთარ ნებას სრულყოფილად ვერ გამოხატავდა.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად, ნოტარიუსი ქ. ხ. ვალდებული იყო, სანოტარო მოქმედების მონაწილის - მ. ს-ას ვინაობა დაედგინა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში ამ უკანასკნელის პირადი მონაცემების, მათ შორის - ფოტოსურათების გადამოწმების გზით, ამასთან, თუ მას მ. ს-ას პიროვნებაში ეჭვი შეეპარებოდა, ვალდებული იყო, უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
აღნიშნულის მიუხედავად, ნოტარიუსმა ქ. ხ-მა კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, ვერ უზრუნველყო მინდობილობის გამცემი პირის იდენტიფიცირება, მისი ვინაობის სწორად დადგენა და ისე, რომ მ. ს. მას პირადი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით არ დაჰკავშირებია და არც სათანადო ნება გამოუხატავს, შეადგინა და გასცა ყალბი სანოტარო აქტი - პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული მინდობილობა, რეესტრში რეგისტრაციის ნომრით №--. აღნიშნული მინდობილობის მიხედვით, თითქოსდა, მ. ს. მისი კუთვნლი 620 კვ.მ (ს/კ -) და 1570 კვ.მ (ს/კ -) მიწის ნაკვეთების (მდებარე თ., ს-ოს ს-ო გზაზე, შ. მიმდებარედ) მართვისა და განკარგვის უფლებამოსილებას კ. გ-ას აძლევდა. მითითებული სანოტარო აქტი დ. ჭ-მ და დ. შ-მა, როგორც მოწმეებმა, ხელმოწერით დაადასტურეს.
2015 წლის 21 ივლისს კ. გ-ამ ქ. ხ-ს მიერ გაცემული ზემოაღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით მ. ს-ას კუთვნილი ორივე მიწის ნაკვეთი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში თავისი საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა, ხოლო 2015 წლის 28 ივლისს 620 კვ. მ მიწის ნაკვეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ. კ–თან“ გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 21000 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთა.
გ. ქ-ის, დ. ჭ-ის, დ. შ-ისა და კ. გ-ას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მ.ს-ას ჯამურად მიადგა 1 055 000 ლარის, დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
ნოტარიუს ქ. ხ-ს, როგორც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის, ქმედებას შედეგად მოჰყვა ის, რომ მიწის ნაკვეთები არაუფლებამოსილმა პირმა, მ. ს-ას ნების გამოვლენის გარეშე განკარგა, რითაც ამ უკანასკნელს მოესპო საკუთრების უფლება მითითებულ მიწის ნაკვეთებზე და რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა ზაზა ქარქუსაშვილმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, როგორც საბოლოოდ, ისე თითოეული ეპიზოდისთვის, სასჯელის სახედ და ზომად მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ჩათვლით, ვინაიდან გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა აშაკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, რის გამოც ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველ ყოვლისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ქ. ხ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და ამასთანავე, დაცვის მხარეს საკასაციო საჩივრით არ მოუმართავს.
2. რაც შეეხება პროკურორ ზაზა ქარქუსაშვილის საკასაციო საჩივარს, საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მოთხოვნა საფუძვლიანია, მისი საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის საუარესო ცვლილება კერძოდ:
3. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნებას, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს და მიუთითებს, რომ ქ. ხ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულები თავისი სპეციფიკით, მოვალეობათა დარღვევის ზომისა და ხასიათის მიხედვით, საზოგადოებრივად საშიშია, რადგან ნოტარიუსის, როგორც სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირის, მიერ დამოწმებული დოკუმენტები განსაკუთრებული სანდოობით სარგებლობს და მის მიერ განზრახ თუ გულგრილი დამოკიდებულების შედეგად ყალბი მინდობილობის გაცემა აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტული მოქალაქის ინტერესებს, არამედ ლახავს სახელმწიფოს პრესტიჟსაც და საფრთხეს უქმნის ნორმალურ სამოქალაქო ბრუნვას.
4. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ქ. ხ-ს ქმედებებით მოქალაქეებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, არსებითად შეილახა საქართველოს კონსტიტუციით მათთვის გარანტირებული საკუთრების უფლება (ა. ბ-ის ქონება იპოთეკითაა დატვირთული, მ. ს-ას კუთვნილი ორივე უძრავი ქონება რეგისტირებულია სხვის სახელზე, მ. ნ-ის ქონება გასხვისებულია), რასაც მსჯავრდებული აშკარად გულგრილად ეკიდება.
5. ზემოაღნიშნულისა და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ხ-ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა ვერ იქნება დამაფიქრებელი მისთვის და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, რის გამოც იგი უნდა გაიზარდოს.
6. რაც შეეხება პროკურორის მოთხოვნას საპატიმრო სასჯელის გამოყენების თაობაზე, პალატა მას არ იზიარებს, ვინაიდან მხედველობაში იღებს იმ გარემობას, რომ ქ. ხ-ს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, მის მიერ ჩადენილი ქმედებები ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება და მანამდე არ ჰქონია კანონთან კონფლიქტი, რის გამოც არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, 308-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორ ზაზა ქარქუსაშვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ქ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 341–ე მუხლით (2015 წლის 14 მაისის ეპიზოდი) სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 20 000 ლარი.
მასვე საქართველოს სსკ–ის 341–ე მუხლით (2015 წლის 20 მაისის ეპიზოდი) სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 20 000 ლარი.
მასვე საქართველოს სსკ-ის 342–ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისის ეპიზოდი) სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 ლარი.
მასვე საქართველოს სსკ-ის 342–ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 20 ივლისის ეპიზოდი) სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 10 000 ლარი.
4. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 341–ე მუხლით (2015 წლის 20 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ქ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა – 20 000 ლარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე